სულ უფრო ცოტა დრო რჩება, სანამ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რუსული კანონი ძალაში შევა და მმართველ პარტიას რეპრესიული სისტემის ამოქმედება შეეძლება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც პროფესიონალი იურისტების წევრობაზე დაფუძნებული გაერთიანებაა, აცხადებს, რომ ორგანიზაციამ საერთო კრებაზე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს და არ დარეგისტრირდება “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
“2024 წლის 3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ხელი მოაწერა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის.
კანონის მიღებით, ხელისუფლებამ განზრახ შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგს, მშვიდობასა და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ამ კანონით, უცხოური ძალის ინტერესების გატარებად ცხადდება ის საქმიანობა, რასაც საია დაარსების დღიდან საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად და სამართლის უზენაესობის პრინციპების დასამკვიდრებლად აკეთებდა და აკეთებს.
რეგისტრაცია რეესტრში, რომელიც საქართველოს და ქართული საზოგადოების სასიკეთოდ განხორციელებულ საქმიანობას უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს, და იწვევს ორგანიზაციის სტიგმატიზებას, შეუთავსებელია საიას მისიასთან, მიზნებთან, პრინციპებთან და წარმოადგენს ორგანიზაციის დამაზიანებელ ქმედებას,” – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 6 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ორგანიზაციამ რიგგარეშე კრება ჩაატარა, სადაც გადაწყვეტილება რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთხმად იქნა მიღებული.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ შეასრულებს ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნას ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციის შესახებ;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, საია გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც წარმოადგენს ორგანიზაციის ინტერესებისათვის გადადგმულ ნაბიჯს;
კანონის რეპრესიული მოქმედების პირობებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის გაგრძელების გრძელვადიან სტრატეგიას საიას გამგეობა დაამტკიცებს 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, წევრთა მორიგი საერთო კრების მოწვევამდე, რომელსაც წარუდგენს საერთო კრებას,” – ნათქვამია საიას განცხადებაში.






