მთავარი,სიახლეები

„ეს იწვევს საქონლის დეფიციტს“ – ISET-ის პროგნოზი, თუ სურსათის ფასების კონტროლი დაიწყება

14.03.2023
„ეს იწვევს საქონლის დეფიციტს“ – ISET-ის პროგნოზი, თუ სურსათის ფასების კონტროლი დაიწყება

„ფასების კონტროლს რამდენიმე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა საბაზრო წონასწორობის წერტილს ქვემოთ, რაც ქმნის ჭარბ მოთხოვნას,“ – აღნიშნულია კვლევაში, რომელსაც კვლევითი ორგანიზაცია ISET-ი ავრცელებს.

კვლევითმა ინსტიტუტმა ფასების შესაძლო კონტროლზე მოამზადა კვლევა „ფასების კონტროლი და მისი გავლენა ეკონომიკაზე“. ფასების რეგულირების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის თებერვალში განაცხადა.

2023 წელიც სურსათის ფასების ზრდით დაიწყო, თუმცა სურსათის ფასების წლიური ზრდის ტემპი შემცირდა და 15% იყო. 2022 წლის მაისში საქართველოში სურსათის ფასები წლიურ ჭრილში – 22%-ით გაიზარდა. შემდეგ სიტუაცია გარკვეულწილად დასტაბილურდა და წლის დარჩენილ თვეებში ფასების ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 16.5% შეადგინა.

2022 წელს სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასების საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 17.9% იყო.

„…ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის შემცირება, რადგან მწარმოებლებმა შესაძლოა დაიწყონ ხარჯების შემცირების გზების ძიება. გამყიდველებს შეუძლიათ ფასის გაზრდის ნაცვლად კანონს თავი აარიდონ ხარისხის შემცირებით.

მომხმარებლებს შესაძლოა, აგრეთვე, მოუწიოთ საქონლისა და მომსახურების ძიებასთან დაკავშირებული ისეთი ხარჯების
გაწევა, როგორიც გრძელი რიგები ან დახარჯული დროა, ისეთი პროდუქტის შესაძენად, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, მიწოდება კი – მცირე.

როგორც წესი, როდესაც დაწესებულზე უფრო მაღალი ფასის გადახდა უკანონოა, მყიდველები პოულობენ გზას, რომ ქრთამის სახით გადაიხადონ მეტი, რაც, საბოლოოდ, ზრდის კორუფციის დონეს. გარდა ამისა, ფასის ზედა ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს ვაჭრობით მიღებული საზოგადოებრივი სარგებლის დაკარგვა, რადგან გამყიდველებს შეიძლება არ შეეძლოთ ან არ სურდეთ საქონლის ხელოვნურად დაბალ ფასად წარმოება.

ფასების კონტროლის შემთხვევაში, არ შედგება სარგებლის მომტანი ზოგიერთი გარიგება. ეს კი იწვევს საზოგადოებრივ დანაკარგს, რომელიც მომხმარებლისა და მწარმოებლის დაკარგული სარგებლის ჯამია, როდესაც ვაჭრობის შედეგად ორმხრივი სარგებლის მიღება არ მომხდარა.

საფასო ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს რესურსების არასწორად გადანაწილება, რადგან მწარმოებლებმა, შესაძლოა,
ყურადღება დარეგულირებული ბაზრიდან სხვა, თავისუფალ ბაზრებზე გადაიტანონ, რაც მომხმარებელს ნაკლები არჩევანისა და დაბალი ხარისხის პროდუქციის წინაშე დატოვებს.

უფრო მეტიც, მოგების მარჟის კონტროლმა შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს უფრო მაღალი ფასები ზოგ სასურსათო პროდუქტზე. ეს იმიტომ ხდება, რომ შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქტი ჩვეულებრივ იყიდება უფრო დაბალი მარჟით, ხოლო მაღალი ხარისხის პროდუქტი – მაღალი მარჟით.

მარჟის საერთო ზედა ზღვრის დაწესების შემთხვევაში, დაბალი ხარისხის პროდუქტიც კი შეიძლება გაძვირდეს, რადგან მაღალი მარჟის პროდუქტების გამყიდველები ვერ შეძლებენ საკმარისი მოგების მიღებას. მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც როგორც წესი, არ შეუძლიათ მაღალი ხარისხის პროდუქტის შეძენა, უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტებს ყიდულობენ, ამიტომ მოგების მარჟის ზედა ზღვრის დაწესებამ შეიძლება არაპროპორციულად იმოქმედოს მოწყვლად მოსახლეობაზე და დააზარალოს ის.

იმდენად, რამდენადაც ეკონომიკაში ბაზრები ურთიერთდაკავშირებულია, ერთ ბაზარზე დაწესებული ფასების კონტროლი გავლენას ახდენს სხვა ბაზრებზე, ვინაიდან ერთ ბაზარზე არსებული დეფიციტი შეფერხებასა და დეფიციტს წარმოშობს სხვა ბაზრებზეც. ამიტომ ფასების კონტროლის ეფექტი ვრცელდება იმ ბაზრებზე, რომლებზეც არ არის დაწესებული ფასების კონტროლი, რაც საბოლოოდ მთელ ეკონომიკას აზარალებს,“ – აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.

მკვლევრები საქართველოს მთავრობას რამდენიმე ალტერნატივასაც სთავაზობენ, მათ შორისაა, კონკურენციის ზრდის უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდა, სასაწყობე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: