„ეს იყო მხოლოდ ბაქიბუქი, სხვა დასკვნა პუტინის გამოსვლიდან მე ვერ გამოვიტანე,“ – ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, როცა ბაიდენის კიევში ვიზიტის შემდეგ პუტინის განცხადებებს მოუსმინა.
ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთს წარმატების არანაირი რესურსი არ დარჩა და ის მხოლოდ ვაჭრობისთვის ცდილობს ბრძოლის ველზე ხელსაყრელი პოზიციის დაჭერას.
„ბახმუტში მდინარე, რომელიც შუაზე ყოფს ქალაქს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად, აფერხებს რუსების წინსვლას, რუსები შესულები არიან ქალაქის კერძო სექტორში, ეს არის მდინარის მარცხენა ნაპირი, ხოლო უკრაინელებს უკავიათ მაღლივი კორპუსები… აქტიურად მუშაობს უკრაინელების სადაზვერვო ჯგუფები, სადაზვერვო პატრულები,“- გვიყვება გადამდგარი გენერალი. მისი აზრით, რუსები მაქსიმუმ ბახმუტის აღებას შეძლებენ, მათი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაშვება კი უკრაინისთვის დასავლეთიდან სამხედრო აღჭურვილობის დროულად მიწოდებაზეა დამოკიდებული.
ვახტანგ კაპანაძე ერთი წელია აქტიურად აკვირდება უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს და თავის დასკვნებს „ბათუმელებს“ ყოველკვირეულად უზიარებს. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, რა სურათი გვაქვს უკრაინაში დღეს, 24 თებერვალს, ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ?
ბახმუტის მიმართულებით გრძელდება ბრძოლები და ორივე მხარე ცდილობს წინ წაწევას, უპირატესობის მოპოვებას. რუსები უტევენ სვატოვო-უგლედარის და ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელები კი ცდილობენ კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე.
ბახმუტში მდინარე, რომელიც შუაზე ყოფს ქალაქს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად, აფერხებს რუსების წინსვლას, რუსები შესულები არიან ქალაქის კერძო სექტორში, ეს არის მდინარის მარცხენა ნაპირი, ხოლო უკრაინელებს უკავიათ მაღლივი კორპუსები, რომელიც არის მდინარის მარჯვენა ნაპირზე. ამ კერძო ნაწილში აქტიურად მუშაობს უკრაინელების სადაზვერვო ჯგუფები, სადაზვერვო პატრულები. რუსები ცდილობენ, რომ უკრაინელებისგან გაწმინდონ ტერიტორიები, თუმცა ჯერ-ჯერობით წინ ვერ მიდიან.
რუსები კი ცდილობენ, შიდა-მოკლე ალყა შექმნან ხრომოვო-ივანოვკას შემხვედრი მიმართულებიდან და გარე ალყა – ჩასოვო-ბაგდანოვკის მიმართულებით. გარკვეული წარმატება რუსებს აქვთ – ალყა ვიწროვდება, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინელებმა ბახმუტის შემდეგი დაცვისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა მძიმე დარტყმა მიიღეს უგლედართან, მაინც შეინიშნება ძალების კონცენტრაცია უკრაინის დაზვერვის მონაცემებით და არ არის გამორიცხული, უგლედარის მიმართულებით რუსებმა ისევ წამოიწყონ შეტევა.
- ამ გადასახედიდან რა ჩანს თქვენთვის, რას შეიძლება მიაღწიონ მხარეებმა?
ორივე მხარე ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, რომ თუ მივა მოლაპარაკებამდე საქმე, მოლაპარაკების მაგიდასთან ძლიერი პოზიციიდან მივიდნენ.
რუსების მხრიდან აშკარად ჩანს, რომ ცდილობენ დაცვისთვის პოზიციების გაძლიერებას. ამ შეტევით ისინი ცდილობენ პოზიციები გაიუმჯობესონ, რომ შემდეგ უკეთ შეძლონ დაკავებული ტერიტორიების დაცვა.
- თქვენი გათვლებით, რა უჯდება ომი რუსეთს ყოველდღიურად, რამდენად შეძლებენ ისევ ომის გაჭიანურებას? საუბარია დაახლოებით 300 ათასი ჯარისკაცის აღჭურვილობაზე, კვებაზე, ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე, შეიარაღების ტრანსპორტირებაზე…
ვერ გეტყვით ზუსტად რა ჯდება ეს, თუმცა ნამდვილად დიდ თანხაზეა საუბარი. ფაქტია, რომ რუსეთს გარკვეული სირთულე გააჩნია უკვე ჯავშანტექნიკაში, რადგან საერთოდ უარი თქვეს საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფების გამოყენებით ბრძოლაზე.
რუსეთი გადავიდა ჩვეულებრივი, ქვეითი ბატალიონების გამოყენების ტაქტიკაზე. წარმოიდგინეთ, ეს ბატალიონები მექანიზებულიც არ არის, არ ჰყოფნის ჯავშანტექნიკა, რომ შემდეგ საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი შექმნას, რომელიც კომბინირებული უნდა იყოს.
მექანიზებულს შესაბამისი რაოდენობის ტანკები სჭირდება და ქვეითთა საბრძოლო მანქანები.
- ამასობაში, რა ეტაპზე გადავიდა პრიგოჟინი – შოიგუს დაპირისპირება? თუ „ვაგნერს“ ჩამოაშორებენ ყველაზე ცხელ წერტილს, ეს როგორ აისახება ბრძოლის ველზე? – „ვაგნერმა“ აიღო სოლედარი, ახლა კი, პრიგოჟინი აჩვენებს მოკლული ვაგნერელების ცხედრების გროვას და ამბობს, რომ იარაღს აღარ აძლევენ.
თითქოს რაღაც დალაგდა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მსგავსი პრობლემები აღარ ექნებათ და მიიღებენ ყველაფერს, რაც სჭირდებათ შეიარაღებულ ძალებიდან. ძალაში რჩება და ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს ის, რომ „ვაგნერი“ გადაიყვანონ სხვა მიმართულებაზე, ეს ახასიათებს ზოგადად დიქტატურას და ავტორიტარულ რეჟიმებს, როცა ხან ერთ პიროვნებას წამოსწევენ წინ, ხან – მეორეს. შესაძლოა, ეს კეთდებოდეს ბალანსის შენარჩუნებისთვის, მაგრამ მთლიანობაში ეს „სამეფო კარის თამაშებია“ და ვერ ჩავუღრმავდები.
„ვაგნერს“ ძირითადი სამუშაო გააკეთებინეს. მე არ ველოდები მნიშვნელოვან ცვლილებებს, ეს დაჯგუფება სხვა მიმართულებაზეც რომ გადაიყვანონ.
- რა გამოჩნდა ბაიდენის გზავნილებიდან, რომელიც გასულ კვირას სტუმრობდა კიევს? ელით, რომ იარაღის რაოდენობა და მიწოდების ტემპი გაიზრდება?
არ იქნება მართალი, გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ უკრაინისთვის დასავლეთიდან მიწოდებული ტექნიკის რაოდენობით და ტემპით. უფრო მეტი ტექნიკა სჭირდება უკრაინას და უფრო დროულად. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი მოუწოდებს უკრაინას, რომ კონტრშეტევისთვის შეაგროვოს რესურსები და შესაძლებლობები, რაც ახლა იხარჯება ამ სატრანშეო დაპირისპირებაში. საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინა იღებს, თავისთავად.
ტექნიკის მიწოდების დაჩქარების იმედი მაქვს, რაც შესაძლებელია. ვიცით, რომ ბრიტანეთსა და გერმანიაში ამზადებენ ეკიპაჟებს, თუმცა ჯერ არ ჩამოსულა. ბაიდენის გზავნილში მთავარი იყო ის, რომ ამერიკა განაგრძობს უკრაინელების გვერდში დგომას.
- პუტინი გამოეხმაურა ბაიდენს და თქვა: „რაც უფრო მეტ იარაღს მიაწვდის დასავლეთი უკრაინას, მით უფრო იძულებული იქნება მოსკოვი, საფრთხის ასარიდებლად თავისი საზღვრები გადაწიოს“. რა ჩანს თქვენთვის პუტინის დამოკიდებულებაში, რომელმაც დემონსტრაციულად აჩვენა, რომ არ აპირებს ომის დასრულებას გამარჯვებამდე?
ეს პუტინის ჩვეულებრივი ბაქიბუქია, მანამდე რა, არ დაბომბა ლვოვი და პოლონეთის საზღვარი? რას ნიშნავს „რაც უფრო მოუახლოვდება“? დაბომბოს მაშინ ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია, ან ფინეთს დაარტყას, ნატოში უნდა მაინც შესვლა. პუტინმა ისიც თქვა, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე არ შეიძლებაო, მაგრამ ერთხელ და ორჯერ დამარცხებულა?
ეს იყო მხოლოდ ბაქიბუქი, სხვა დასკვნა მე პუტინის გამოსვლიდან ვერ გამოვიტანე. ბირთვულ იარაღზეც რამდენი ხანია არის საუბარი.
- პუტინმა ასევე გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას შეთანხმებაში სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ. ეს რას ნიშნავს ამ ვითარებაში? [New START-ი არის ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულება შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის, რომლის სახელწოდებაა „სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომები“. ხელშეკრულება ძალაში 2011 წელს შევიდა, ხოლო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2021 წელს, დამატებით 5 წლით გაგრძელდა. ხელშეკრულება ზღუდავს განლაგებული სტრატეგიული ბირთვული ქობინების დასაშვებ რაოდენობას 1,550-მდე და ინსპექტირების შესაძლებლობას უტოვებს მხარეებს.]
არა მგონია, რუსეთისთვის შეთანხმებაში ყოფნა ან გასვლა ცვლიდეს რამე. რუსეთი პერიოდულად შედის და გამოდის ამ შეთანხმებიდან, რაც ახალი არაა. მას დაახლოებით 1500 ბირთვული ქობინა ისედაც აქვს და ეს საკმარისი მარაგია. ამით ბირთვული საფრთხე არც გაიზრდება და არც მცირდება.
ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ მეორე მხარესაც შეუძლია არანაკლები ტემპით გაზარდოს თავისი ბირთვული პოტენციალი. შეიარაღებაში შეჯიბრმა, ერთხელ უკვე გადაიყოლა სსრკ.
- დანილოვი წერს, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინას ომის შეწყვეტის სანაცვლოდ უარი ათქმევინოს დაპყრობილ ტერიტორიაზე. ამ იდეის გატანის რესურსი აქვს რუსეთს, ომისგან დაღლილი მსოფლიოს დასაყოლიებლად?
რა თქმა უნდა, რუსეთი ამას ცდილობს და ცდილობს ივაჭროს დაკავებული ტერიტორიებით. ჩინეთის ჩართვაც ამ პროცესში არის მცდელობა, რომ ვაჭრობა დაიწყონ ტერიტორიებზე.
აბა, რუსეთი რომ უკრაინას ვერ აიღებს, ეს ფაქტია. ვაჭრობა იქნება იმაზე, რომ ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს სანაცვლოდ უკრაინამ დათმოს ლუგანსკი, დონეცკი და ყირიმი.
- ამ მოცემულობაში ხედავთ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას?
ჯერ ამის წინაპირობა არ ჩანს. გარდატეხა უნდა მოხდეს, რომ რომელიმე მხარემ დაიწყოს დათმობაზე წასვლა.
- უკრაინამ რომ გარდატეხა შეძლოს, ეს დამოკიდებულია ძირითადად დასავლეთიდან ტექნიკის მიწოდებაზე, თუ არის კიდევ სხვა ფაქტორი?
თავიდან ბოლომდე უკრაინა დამოკიდებულია დასავლეთის შეიარაღების მიწოდებაზე, რომ წარმატებას მიაღწიოს. მას, რა თქმა უნდა, შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომის წარმოება დასავლეთის გარეშე არ შეუძლია. დასავლეთმა უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა.
ომს უკვე მიღებული აქვს გაჭიანურებული დაპირისპირების ხასიათი, თუმცა ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე უნდა გამოჩნდეს მნიშვნელოვანი გარდატეხის ნიშნები.
- რუსეთს რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს წარმატება?
ერთადერთ შემთხვევაში – თუ დასავლეთი შეუწყვეტს მხარდაჭერას უკრაინას. სხვა რესურსი რუსეთს არ გააჩნია, რომ გარდატეხა შეიტანოს ამ ომში.
- ზამთარში განიხილებოდა ვერსია, რომ ენერგოკრიზისის შექმნით რუსეთი პოზიციას შეაცვლევინებდა უკრაინას, ან დასავლეთს, გაზაფხული მოდის და იმავეს იმედი აღარ უნდა ჰქონდეს პუტინს?
მაგრამ რუსეთს აქვს რესურსი, გააჭიანუროს ომი მომავალ ზამთრამდე, მას შეუძლია ამგვარი დაპირისპირების გაჭიანურება.
რუსეთს იმედი აქვს, რომ დასავლეთში პოლიტიკურად რაღაც შეიცვლება, არჩევნებია რამდენიმე ქვეყანაში, მოსახლეობა შესაძლოა გადაიღალოს, განწყობაც შეიცვალოს.
- გამოდის, რომ უკრაინის გამარჯვება ყველაზე მეტად დამოკიდებულია დასავლეთის ერთიან პოზიციაზე?
გააჩნია, გამარჯვებას რას დავარქმევთ. არა მგონია, მთლიანად დაპყრობილი ტერიტორიების გათავისუფლება მალე მოახერხოს უკრაინამ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უკრაინა ამ ომში არ დამარცხდება დასავლეთის დახმარებით, მას გარკვეული წარმატებები ექნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთ წელიწადში ყირიმიანად გაათავისუფლებენ უკრაინელები მთელ ტერიტორიებს.
გაზაფხულზე გამოჩნდება გარდატეხის ნიშნები და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი რამდენად დროულად მიაწოდებს უკრაინას ტექნიკას, ასევე რა რაოდენით მიაწოდებენ, რამდენად სისტემური იქნება ეს დახმარება.





