მთავარი,სიახლეები

100-ლარიან პენსიას ვერ მიიღებს ომის ვეტერანი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს

04.02.2022
100-ლარიან პენსიას ვერ მიიღებს ომის ვეტერანი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს

ომის ვეტერანების პენსია 22 ლარიდან 100 ლარამდე ახალი წლიდან გაიზარდა. თუმცა, ომის ვეტერანები, რომლებიც საჯარო სამსახურში [მაგალითად, სახელმწიფო დაცვის სამსახურში] არიან დასაქმებული, 100-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ.

„ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა აჭარაში და ჰკითხა, თუ რა იყო ამის მიზეზი.

როგორც სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, შაქრო ჯაფარიძე ამბობს, თუ ომის ვეტერანი რომელიმე საჯარო უწყებიდან იღებს ანაზღაურებას, ის ვეტერანებისთვის განკუთვნილ 100 ლარს მართლაც ვეღარ აიღებს. „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენია ვეტერანის ხელფასი, რადგან საჯარო სამსახური ზღუდავს პენსიის მიღებას“, – გვეუბნება ის.

მისი თქმით, შეზღუდვა ეხება მხოლოდ გარკვეულ სამსახურებს და არა ყველა უწყებას, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს სუბსიდიას.

„ერთ მაგალითს გეტყვით, ქალაქის მერიაში ერთ კაბინეტში ზის ორი პიროვნება, ერთი არის აიპის თანამშრომელი, მეორე ს(ს)იპის. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი ვერ იღებს 100-ლარიან პენსიას, აიპის თანამშრომელი კი პენსიას იღებს.

მეტსაც გეტყვით, ადამიანი, რომელსაც [საჯარო სამსახურში] 300-ლარიანი ხელფასი აქვს, 100-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს. თუმცა, ვეტერანი, რომელიც კერძო სამსახურშია დასაქმებული და ვთქვათ 1500 ლარი აქვს ხელფასი, 100-ლარიან პენსიას მაინც მიიღებს“, – ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, ეს გარკვეულ პრეტენზიებს აჩენს ომის ვეტერანებში, თუმცა სააგენტოს ამ საკითხის მოგვარება არ შეუძლია.

„მეც საპენსიო ასაკის ვარ და ვერ ვიღებ. იმიტომ, რომ საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ჯანდაცვის სამინისტროშიც დავაყენე ეს საკითხი, მაგრამ ეს საკანონმდებლო ორგანოს დონეზეა მოსაგვარებელი, ჩვენ დონეზე ეს საკითხი ვერ გადაწყდება“, – ამბობს ჯაფარიძე.

ომში მონაწილე რამდენი ვეტერანია საჯარო უწყებაში დასაქმებული, ამის მონაცემებს სააგენტო არ ფლობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: