აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად.
დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლა.
„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში“- წერია სამინისტროს განცხადებაში.
ქვეპროგრამის მონაწილე სწავლებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 12 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა 2016 – 2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ხარჯების დაფარვის მიზნით.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.
პროგრამა ხორციელდება „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში.
სამინისტროში საბუთების მიღება საზღვარგარეთ სწავლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იწარმოებს 2016 წლის 10 მარტიდან 10 მაისის ჩათვლით.






