მთავარი,სიახლეები

როცა ავიცერი, შემდეგ სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი – 22 წლის მარნეულელი აქტივისტი

26.08.2021
როცა ავიცერი, შემდეგ სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი – 22 წლის მარნეულელი აქტივისტი

22 წლის რაშან ზიადალიევი მარნეულში ცხოვრობს და თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად არის ჩაბმული ანტივაქსერულ კამპანიაში. ახალგაზრდები ცდილობენ პანდემიის პერიოდში სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმედგო ვაქცინებთან დაკავშირებით. ისინი ამ გზით ცდილობენ გაუმკლავდნენ მითებს ვაქცინის შესახებ.

„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ ორი წელია, რაც დაფუძნდა მარნეულში და პანდემიის პირველი დღიდანვე აქტიურად ვიყავით ჩართული მოსახლეობის ინფორმირებაში.

როგორც ვიცით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ ფლობს სახელმწიფო ენას. საჭიროა დროულად მივაწოდოთ ამ ადამიანებს  სწორი ინფორმაცია, რომ აიცრან და დაიცვან რეგულაციები“, – ამბობს რაშან ზიადალიევი „ბათუმელებთან“.

რაშანი ამბობს, რომ  ახალგაზრდებმა შექმნეს მოხალისეების ჯგუფი, რომელიც უშუალოდაა ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. მათ შორის ეხმარებიან შეჭირვებულ ოჯახებს პანდემიაში.

„დიდი პრობლემა ქვემო ქართლის რეგიონში ის, რომ ძალიან გავრცელებულია მითები ვაქცინებთან დაკავშირებით. ძირითადად რუსულ წყაროებს ეცნობიან ადამიანები და ბევრს სჯერა, რომ აცრის შემდეგ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა.

რა თქმა უნდა, ეს არის დეზინფორმაცია და მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ სწორი, სანდო ინფორმაციის მიღებაში. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ მათთან საუბარიც.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის პირადი მაგალითი. მაგალითად, როცა მე ავიცერი, მეკითხებოდნენ – „რაშან როგორ გრძნობ თავს?“ როცა დაინახეს, რომ კარგად ვიყავი, სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი აცრილიყვნენ.

ძალიან მალე ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ვიდეოების გადაღება ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, ვინც აიცრა.

გვინდა, რომ ნახონ ეს ვიდეოები და დარწმუნდნენ, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო. გვინდა კლინიკებში აცრის პროცესიც გადავიღოთ, რომ მეტი ნდობა გაჩნდეს ვაქცინაციის მიმართ“, – გვეუბნება რაშანი.

აქტივისტი ახალგაზრდები რადიოგადაცემებსაც გეგმავენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ფიქრობენ, რომ სოციალურ ქსელებში ადვილად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია და ამის საპიროსპიროდ ალტერნატიული წყაროებიც უნდა არსებობდეს, რომ ადამიანები არ იმსხვერპლოს დეზინფორმაციამ.

„ანტიდასავლური პროპაგანდაც აქტიურად მუშაობს. ამბობენ, რომ ვაქცინა ამერიკელებისაა და რომ მილიარდელები გახდნენ ვაქცინების გაყიდვით, რომ სპეციალურად შექმნეს ვირუსი და ასე შემდეგ. ძალიან დაბალი მაჩვენებელია ვაქცინაციის მარნეულში, ახალგაზრდებში ნაკლებად, მაგრამ ასაკოვნებში უფროა სკეპტიციზმი, ამიტომ ცნობიერების ამაღლების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი, ახალგაზრდების აქტიურობა, ასევე კანდიდატების, ქალაქის მერის, საჯარო მოხელეების, ბისზნესმენების, რომ უფრო მეტი ნდობა გაჩნდეს ვაქცინების მიმართ და უფრო მეტად დაიცვან ადამიანებმა უსაფრთხოების წესები“, – გვეუბნება რაშანი.

რაც შეეხება რეგულაციებს, მისი თქმით, მოსახლეობა ტრანსპორტის შემთხვევაში უფრო იცავს წესებს, მაგალითად, უფრო მეტად ატარებენ ადამიანები პირბადეს, თუმცა საჯარო სივრცეებში რეგულაციებს ნაკლებად იცავენ.

„ტარდება ქორწილებიც და მასობრივი ღონისძიებებიც. რადგან საარჩევნო წელია ერიდებიან ჯარიმებს, თუმცა არც ამ ჯარიმების ეშინია უკვე მოსახლეობას, რადგან დავინახეთ, რომ წინა წელს დაწერილი ჯარიმები ყველას ჩამოაწერეს.

რაც შეეხება ანტივაქსერულ განწყობებს, სამედიცინო პერსონალში არ შემინიშნავს, როცა ავიცერი, ვნახე, რომ პოზიტიურად  იყო განგაწნყობილი ექიმი, პედაგოგებიც აქტიურად არიან ჩართული ვაქცინაციის კამპანიაში, თუმცა არის ცალკეული საწინააღმდეგო შემთხვევებიც“.

რაშანი ამბობს, რომ ცნობიერების გაზრდის მიზნით აპირებენ, ქალაქის ცენტრში ვაქცინაციის წამახალისებელი დიდი ბანერიც განათავსონ.

„პირდაპირ საუბარიც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს, თუმცა პანდემიის გამო კარდაკარ სიარულს მაინც ვერიდებით და ვცდილობთ დისტანციურად ვიაქტიუროთ“, – ამბობს რაშანი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: