მთავარი,სიახლეები

პროდუქციაზე უსაფრთხოების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება

21.01.2021
პროდუქციაზე უსაფრთხოების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება

სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნით, პეტიცია ვრცელდება. ინფორმაცია momxmarebeli.ge-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში სამომხმარებლო ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები დადგენილი არ არის და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი.

„უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნაწარმი, როგორებიცაა ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა. საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, მომავალი თაობების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში უზრუნველყოს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენა და უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დაწესება, ევროკავშირის მოდელის ანალოგიურად“, – ნათქვამია პეტიციაში.

ტექსტში ასევე ვკითხულობთ: „მართალია, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული გეგმები მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ მათი განხორციელება ძალზე ნელი ტემპებით მიმდინარეობს და შედეგების პროგნოზირება რთულია. ამასთანავე, ეს გეგმები არ გულისხმობს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლს“.

ხელმოწერების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 21 თებერვალი.

როგორც momxmarebeli.ge წერს, მინიმუმ 300 ხელმოწერის დაფიქსირების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებული იქნება პეტიცია განიხილოს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამომხმარებლო პროდუქციისგან შეიძლება მომდინარეობდეს ფიზიკური, ელექტრული, ბიოლოგიური, ქიმიური და რადიოაქტიური საფრთხეები. „ამ პროდუქტებმა შეიძლება არა მხოლოდ ერთბაშად დააზიანოს ადამიანი, არამედ თანდათანობით, სისტემატური მოხმარების დროს იმოქმედოს ჯანმრთელობაზე და ისეთი სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, როგორებიცაა სიმსივნე და გენების გადაგვარება, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების დაზიანება და სხვა“.

სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მსოფლიო ბევრ ქვეყანაშია დანერგილი, მათ შორის ევროკავშირში. ევროკავშირის ქვეყნების მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოვლენილი საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად თავსდება ევროკომისიის ოფიციალურ საიტზე „საფრთხის შემცველი არასასურსათო პროდუქტების სწრაფი განგაშის სისტემა“.

საქართველოს ბაზრიდან აღებული ზოგიერთი პროდუქციის შემოწმების შედეგები კი განთავსებულია საიტზე momxmarebeli.ge.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: