მთავარი,სიახლეები

ექიმებსა და ექთნებს კოვიდკლინიკებში ისევ არ მიუღიათ დანამატი – რას ამბობენ სამინისტროში

28.12.2020
ექიმებსა და ექთნებს კოვიდკლინიკებში ისევ არ მიუღიათ დანამატი – რას ამბობენ სამინისტროში

სამედიცინო პერსონალის ნაწილს, რომელიც კოვიდკლინიკებში მუშაობს, ამ დრომდე მთავრობისგან დაპირებული დანამატი არ მიუღია. საუბარია ნოემბრის დანამატებზე, რომელიც გაცემული არ არის. ბათუმში სამ დიდ კლინიკაში – BAU, BMC და „მედინა“ – „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ შესაბამისი დაფინანსება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღიათ.

50-პროცენტიანი დანამატების შესახებ სამედიცინო პერსონალმა დაპირება ეკატერინე ტიკარაძისგან ოქტომბერში მიიღო. შესაბამისი განკარგულებაც გამოიცა, რომლის მიხედვითაც, ნოემბრიდან კოვიდკლინიკების პერსონალს დანამატები უნდა აეღო. 10 დეკემბერს რამდენიმე ექთანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მთავრობის დაპირება არ სრულდება.

მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ კლინიკებისგან დაზუსტებულ ანგარიშებს ელიან და დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღებს პერსონალი დანამატს.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 28 დეკემბერს გვიპასუხეს, რომ დანამატებისთვის საჭირო თანხა კლინიკებს უკვე ჩაერიცხათ. კლინიკებში დასაქმებულმა პირებმა და მენეჯმენტმა კი „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ „დანამატი არ გაცემულა“. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად, ბათუმის „მედცენტრში“ გვითხრეს, რომ სამინისტროსგან დაფინანსება მიიღეს და დანამატები უკვე გასცეს.

„არ ჩარიცხულა, როცა ჩაირიცხება, გავცემთ… ჩვენ 5 დეკემბერს წარვადგინეთ ნოემბრის შესრულების ანგარიში, როდის ჩაირიცხება ეს ფული, არ ვიცით,“ – გვიპასუხა BAU-ს კლინიკურმა მენეჯერმა, მიხეილ მჟავანაძემ.

„შესრულების ანგარიში წარდგენილი გვაქვს, ველოდებით დაფინანსებას და როგორც კი მივიღებთ, გავცემთ ამ დანამატს,“ – ამბობს „მედინას“ გენერალური დირექტორი ნინო ქაჯაია.

„ეტაპობრივად ვიღებთ თანხებს…“ – გვიპასუხეს BMC-ის ადმინისტრაციაში. აქ არ დაგვიკონკრეტეს, სამედიცინო პერსონალიდან რამდენმა მიიღო დანამატი ან რატომ გაჭიანურდა თანხის ჩარიცხვა ბიუჯეტიდან ამ დრომდე, კოვიდპაციენტებთან მომუშავე ადამიანებს ნოემბრის შემდეგ გათვალისწინებული დანამატი სრულად რომ აეღოთ.

მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ზოგიერთ კლინიკას დანამატების გასაცემად დაფინანსება მიღებული არ აქვს, ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრს განმეორებით დავუკავშირდით. უწყებაში ამჯერად გვითხრეს, რომ „შესრულების ანგარიშებს დამუშავება სჭირდება“ და „თანხა ეტაპობრივად ჩაირიცხება ყველასთან“.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში ამ დროისთვის ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რამდენ კლინიკას აქვს უკვე მიღებული დაფინანსება დანამატების გასაცემად და რამ შეუშალა ხელი მთავრობის დაპირების დროულად შესრულებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: