მთავარი,სიახლეები

რესპირატორები დაუთმეთ სამედიცინო პერსონალს – ზახაშვილი მოქალაქეებს

13.11.2020
რესპირატორები დაუთმეთ სამედიცინო პერსონალს – ზახაშვილი მოქალაქეებს

დღეს, 13 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პირდაპირი ჩართვისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირბადეების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხათუნა ზახაშვილის თქმით, უმჯობესია მოსახლეობამ რესპირატორები სამედიცინო პერსონალს დაუთმოს და მრავალჯერადი გამოყენების პირბადით ისარგებლონ.

„ნიღბებიდან ყველაზე ეფექტურ საშუალებად, რა თქმა უნდა, რესპირატორებია მიჩნეული, თუმცა მოსახლეობის გამოყენებისთვის ეს რესპირატორები არ არის მოწოდებული და პირდაპირი მოწოდებებია ჩვენზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან, რომ რესპირატორები დავუთმოთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს.

შესაბამისად, რესპირატორების ხმარებით ნუ შეიწუხებთ თავს და ნურც წაართმევთ ამ შესაძლებლობას სამედიცინო პერსონალს, რომლისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მათი გადარჩენილი სიცოცხლე და ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანის დაცვაა. თქვენ და მეც უნდა გამოვიყენოთ ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ან მრავალჯერადი ნიღაბი,“ – ამბობს ზახაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელი რეგულაცია ირღვევა ყველაზე ხშირად კოვიდუსაფრთხოების ნორმებიდან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ყველაზე მეტი დარღვევა არის იქ, სადაც არ გვჯერა, რომ პირბადეს აქვს დამცველობითი უნარი“.

„არადა, ვსაუბრობთ, რომ ამაზე დიდი დამცველობითი უნარი, ჯერჯერობით არაფერს არ აქვს პირბადის გარდა. თუკი ჩვენ პირბადის მოხმარების მაჩვენებელს ავიყვანთ 95 პროცენტამდე, ინფიცირების მაჩვენებელს შევამცირებთ დაახლოებით 70 პროცენტით. ევროპაზე დაიდო ეს პროგნოზი და თუ ეს მაჩვენებელი დაიდება, თებერვლისთვის ევროპაში 266 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. ამიტომ გვენდეთ და დაგვიჯერეთ, პირბადე ყველან, ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ,“- ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, მოწოდებას პირბადის გაკეთებაზე ხშირად აშარჟებენ მოქალაქეები, რაც არასწორია. „არავინ გეტყვით, რომ თუ სოფელში ხართ და მარტო მიდიხართ ტყეში, გაიკეთოთ იქ პირბადე, მაგრამ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში უნდა ვიაროთ პირბადით,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ნიღაბი იმ შემთხვევაშია სწორად გამოყენებული, თუ ის ერთდროულად ფარავს ცხვირს, პირსა და ჩამოდის ნიკაპის ქვეშ. ასევე, ნიღაბი რამდენიმე შრისგან უნდა იყოს დამზადებული და მჭიდროდ უნდა გვადგეს სახეზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: