ბათუმი,მთავარი,სიახლეები

პჯრ აპარატი დაზიანების პირასაა, 24 საათში 200-მდე ანალიზს აკეთებენ – ბათუმის ინფექციური 

14.10.2020
პჯრ აპარატი დაზიანების პირასაა, 24 საათში 200-მდე ანალიზს აკეთებენ – ბათუმის ინფექციური 

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, მათი ლაბორატორიის აპარატი გათვლილია 50 ანალიზის გაკეთებაზე, თუმცა 24 საათის განმავლობაში ამუშავებენ და ამ დროში 200-მდე ანალიზს აკეთებენ. აქედან გამომდინარე „პჯრ ბოქსი დაზიანების პირასაა, სხვა ალტერნატივა კი ბათუმის ინფექციურს არ გააჩნია.“

ინფექციურში მიიჩნევენ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე სასწრაფოდაა შესაძენი შესაბამისი აპარატურა, რასაც 270 ათას 300 ლარი დასჭირდება. აპარატურის გამარტივებული წესით შესაძენად თანხმობისთვის ბათუმის ინფექციურმა შესყიდვების სააგენტოს 14 ოქტომბერს მიმართა.

„მოგეხსენებათ, რომ აჭარის რეგიონი გამოცხადდა წითელ ზონად, რაც გამოწვეული იყო ეპიდსიტუაციის გართულებით. შესაბამისად, გაიზარდა პაციენტთა მომართვიანობა PCR ტესტირების ჩატარებაზე, რაც ბუნებრივია წინასწარ გათვლილი ვერ იქნებოდა.
გაზრდილმა მომართვიანობამ დატვირთა აპარატის მუშაობა და მაშინ, როდესაც ჩვენი აპარატი გათვლილი იყო 50 ანალიზის გაკეთებაზე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით ახდენს 150-200 ანალიზის გაკეთებას, რაც გვაყენებს იმის საშიშროების წინაშე, რომ აპარატი ვერ შეძლებს ამ რაოდენობის ანალიზის გაკეთებას, რაც თავისთავად გაართულებს მდგომარეობას. სწორედ ეს არის საფუძველი გადაუდებელი აუცილებლობის მოთხოვნისა“, – აღნიშნულია სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის [ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს] განცხადებაში.

შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ „დღითი დღე იზრდება ლაბორატორიაში PCR ტესტის ბიოლოგიური ნიმუშების შემოდინება, რაც ბუნებრივია შეუძლებელს ხდის დროულად ანალიზის პასუხების მომზადებას… ჩვენი პჯრ ლაბორატორიის ტექნიკური შესაძლებლობები არ არის გათვლილი ასეთ გაზრდილ დატვირთვაზე [დღეში 100-150 ნიმუში]. არის საშიშროება, რომ შესასრულებელმა სამუშაოებმა, რაც ფაქტობრივად განუწყვეტლივ მიმდინარეობს, დააზიანოს ცენტრის პჯრ ბოქსი… შესაბამისად, არის საშიშროება, რომ ამ ბოქსის [რომელიც 20 წელია მუშაობს] გარეშე ლაბორატორია დარჩეს უფუნქციოდ“.

აღნიშნული ლაბორატორია ემსახურება არა მარტო თავად ინფექციურ საავადმყოფოს, არამედ ბათუმისა და ქობულეთის ცხელების ცენტრებსა და კოვიდსივრცეებს.

„საფრთხე ექმნება ინფექციურის გამართულ ფუნქციონირებას, ამასთან, აღნიშნული ლაბორატორიული აპარატურის არქონა გამოიწვევს არამარტო შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირების, არამედ მთლიანი რეგიონის პარალიზებას“, – აღნიშნულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს განაცხადში.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით: „2020 წლის 25 სექტემბერს ლაბორატორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოგვმართა მოხსენებითი ბარათით, აპარატურის გადაუდებელი წესით შესყიდვის თაობაზე. ყოველივე ამის შემდეგ ჩატარდა ბაზრის კვლევა, კვლევაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ. მივმართეთ ზემდგომ ორგანოს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, მივიღეთ თანხმობა შესყიდვის განხორციელების თაობაზე და ამის შემდეგ მოვითხოვეთ გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის ნებართვა“.

ინფექციური აპირებს შეისყიდოს ავტომატური ექსტრაქტორი, ბიოუსაფრთხოების ბოქსის მანქანა, ულტრასწრაფი ცენტრი ფუგის მანქანა, ვორტექსის აპარატი, თერმობლოკის და პჯრ RT მანქანა, რის შემდეგაც მაქსიმუმ 45 დღეში პრობლემა მოგვარდება.

14 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 207.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: