მთავარი,სიახლეები

როგორ აისახა კორონავირუსი ბავშვთა სიღარიბეზე – unicef-ის ახალი კვლევა

21.08.2020
როგორ აისახა კორონავირუსი ბავშვთა სიღარიბეზე – unicef-ის ახალი კვლევა

„მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების სხვადასხვა სცენარით შემცირება გამოიწვევს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდას, თუმცა ფულადი დახმარებების შედეგად შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც დღეს, 21 აგვისტოს გამოქვეყნდა. ანგარიშში მოსახლეობის და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენაა წარმოდგენილი.

საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელი. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მოსახლეობისა და კონკრეტულად, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის ზეგავლენის (შრომის ბაზარზე ზემოქმედების შედეგად) წინასწარი გაანგარიშება.

ანგარიშში წარმოდგენილი სიმულაციური მოდელის შედეგების მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოსახლეობის სიღარიბის დონე [თვეში 166 ლარი ზრდასრულ ადამიანზე] შესაძლოა გაიზარდოს 21.7-დან 24 პროცენტამდე დაბალი შოკის შემთხვევაში, 26 პროცენტამდე – საშუალო შოკის შემთხვევაში, ხოლო 30.9 პროცენტამდე – ძლიერი შოკის შემთხვევაში.

„შოკის შედეგად სიღარიბე სოფლად უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ქალაქად, ხოლო უთანასწორობა ურბანულ დასახლებებს მეტად შეეხება…“ – აღნიშნულია ანგარიშში.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული ანგარიშით, 18 წლამდე ბავშვებისთვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობის და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად.

„ძლიერი შოკის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დახმარების შედეგად ბავშვთა სიღარიბის საბაზისო მაჩვენებელზე დაბრუნება… ეფექტურია დახმარება უმუშევრად დარჩენილი, რეგულარულ ხელფასზე მომუშავე  პირებისათვის. მაგალითად, ძლიერი შოკის შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის ფულადი დახმარების შედეგად შესაძლებელია სიღარიბის შემცირება მოსალოდნელი 30.7-დან დან 28.4 პროცენტამდე,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ რთულ პერიოდში ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა სოციალური დაცვის ღონისძიებებით, უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური უსაფრთხოების ძლიერი ქსელების არსებობა, რათა ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად არ აღმოჩნდნენ სიღარიბეში,“ – აღნიშნავს ღასან ხალილი, საქართველოში გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენელმა.

მიკრო სიმულაციაში მონაცემების ძირითად წყაროდ გამოყენებულია საქართველოში 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა. ამ კვლევის  შერჩევა მოიცავს 4697 შინამეურნეობას, რომელიც რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.

კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს განახორციელონ შემდგომი ცვლილებები ქვეყანაში სოციალური უზრუნველყოფისა და ანტიკრიზისული სტრატეგიების გასაძლიერებლად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: