მთავარი,სიახლეები

მეზობლები სახელმწიფო გზის გამო დავობენ – რას აკეთებს სახელმწიფო

02.07.2020
მეზობლები სახელმწიფო გზის გამო დავობენ – რას აკეთებს სახელმწიფო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მეზობლები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გზის გამო დავობენ. ვახტანგ თედორაძე ამბობს, რომ მეზობელმა ნაკვეთებს შორის არსებული გზა თვითნებურად ჩაკეტა. მას ალტერნატიული შესასვლელი აქვს, მაგრამ ხელი მაინც ეშლება – ვეღარ გამოიყენებს სახლის მიმდებარედ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს მიზნობრივად, რაც ოჯახისთვის შემოსავლის წყარო შეიძლება გამხდარიყო.

მისი მეზობელი მერაბ ფერცელიძე კი აცხადებს, რომ გზად დარეგისტრირებული ნაკვეთი მას ეკუთვნის, წინაპრებისგან მიიღო მემკვიდრეობით და არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მისი საკუთრება სახელმწიფომ გზად დაარეგისტრირა.

არ ვიცი, როგორ, როდის და ვისი მითითებით დარეგისტრირდა გზად. ჯერ ვერ გავარკვიე“, – ამბობს ფერცელიძე და დასძენს, რომ აქ გზის მოწყობა ერთგვარი კეთილი ნების გამოხატვა იყო მისი მხრიდან და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, „წინა ხელისუფლების დროს“ გაიგო, რომ ნაკვეთი სახელმწიფომ გზად დაარეგისტრირა. ის აპირებს სახელწიფოს ისევ მიმართოს და ნაკვეთის, როგორც მისი საკუთრების დარეგისტრირება მოითხოვოს: „მაქვს ძველი დოკუმენტები“.

პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ვახტანგ თედორაძემ ხელვაჩაურის მერიას რამდენჯერმე მიმართა როგორც ზეპირად, ასევე წერილობით და რეაგირება მოითხოვა: „მითხრეს, რომ ყველაფერს გაარკვევდნენ, თუმცა გზის გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა“.

რა გააკეთა მუნიციპალიტეტის მერიამ იმისთვის, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გზა მეზობლებს შორის უფრო მწვავე კონფლიქტის საგანი არ გახდეს?  – ვკითხეთ ხელვაჩაურის მერიას. მერიაში დაგვიდასტურეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვთ და კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირებაც მოახდინეს, თუმცა შედეგი მაინც არ დადგა.

„ჩვენ გავაფრთხილეთ, დავაჯარიმეთ, ყველაფერს თავისი ვადა აქვს. საქმე აღსრულებაშიც გადავაგზავნეთ, ახლა უკვე სასამართლოშიც. ვნახოთ, სასამართლო რას გადაწყვეტს. ეს უკვე ჩემს კომპეტენციას სცილდება“, – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: