ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულო-ზარზმის გზის 18-მილიონიან ტენდერში „ოცნების“ შემწირველი მონაწილეობს

11.05.2020
ხულო-ზარზმის გზის 18-მილიონიან ტენდერში „ოცნების“ შემწირველი მონაწილეობს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 მაისს, დასრულდა. ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას დეპარტამენტს ტენდერში მონაწილე შპს „მამისონი“ 14 581 880 ლარად სთავაზობს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ამიტომ, ამ ეტაპზე [შერჩევა-შეფასება] უცნობია, მონაწილეობენ თუ არა ტენდერში სხვა კომპანიები [პროგრამულად მხოლოდ ის კომპანია ჩანს, ვისაც ყველაზე დაბალი შეთავაზება აქვს].

სამშენებლო კომპანია „მამისონი“ 2007 წელს თბილისშია რეგისტრირებული და მისი 100 პროცენტი წილის მფლობელია შპს „ევორდ ჰოლდინგი“, რომლის მესაკუთრეებიც არიან თორნიკე, ირაკლი, სოფიკო და ნიკოლოზ ჭკადუები. ირაკლი ჭკადუა კი, შპს „მამისონის“ გენერალური დირექტორია.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ირაკლი ჭკადუამ 10 ათასი ლარი შესწირა 2017 წლის სექტემბერში.

შპს „მამისონმა“, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შეასრულა სამშენებლო სამუშაოები ჩაქვში, სადაც ბათუმის ახალი სასაფლაო უნდა გახსნილიყო [ამ კომპანიასთან 3 399 000 ლარზე იყო ხელშეკრულება გაფორმებული]. პროექტი „ბათუმის სასაფლაოებს“ შპს „ვეგასგან“ ჰქონდა შეძენილი, თუმცა, სასაფლაო დღემდე არ გახსნილა, რადგან სამუშაოები არასათანადოდ არის ჩატარებული.  ამ საქმეს პროკურატურა სწავლობს.

[red_box]ამ თემაზე ვრცლად: ბათუმის მერიამ 3,5-მლნ დახარჯა სასაფლაოსთვის, რომელიც საფლავებისთვის არ გამოდგება[/red_box]

[highlight color=”green”]რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზას[/highlight], საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სრულ მონაკვეთზე ხელახალი ტენდერები მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინთან“ ჯამში 110-მილიონიანი ხელშეკრულება 2020 წლის თებერვალში შეწყვიტა. პროექტს ქუვეითის ფონდი აფინანსებდა.

დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადა. პროექტის დიდ ნაწილს კვლავ ქუვეითის ფონდი, ხოლო დაახლოებით 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას [რომლის ტენდერშიც „მამისონი“ მონაწილეობს], სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

აღნიშნული მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის მიმართულებით 5 კილომეტრში მთავრდება. ტენდერის პირობის მიხედვით, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია, სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე ხელახლა გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კი, 7 კომპანია მონაწილეობს და ამ ეტაპზე მათ მიერ წარდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

ამ თემაზე ვრცლად:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტში / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: