ბათუმში კლინიკა „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონალური დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს და ამ დროისთვის მატება არ არის.
მისივე ინფორმაციით, პაციენტების უმეტესობას პნევმონია აქვს, მათ შორის ერთი რჩება მართვით სუნთქვაზე. ოთხ პაციენტს კი ვირუსი აღარ უფიქსირდება:
„განმეორებითმა ტესტმაც ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა, თანმდევი გართულებების გამო ისინი რჩებიან საავადმყოფოში და აგრძელებენ მკურნალობას.“
ქვეყნის მასშტაბით დღეს, 21 აპრილს, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გუშინ საღამოსთან შედარებით 6-ით გაიზარდა. შესაბამისად, 21 აპრილის დილის მონაცემებით შემთხვევათა საერთო რაოდენობა არის 408, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 95, ხოლო გარდაცვლილი – 4.
ამ დროისთვის კარანტინშია 4 779 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.






