მთავარი,სიახლეები

„ნებართვა ვითხოვეთ, პასუხს ვერ ვიღებთ“- შეჩერებული მშენებლობები ბათუმში

15.04.2020
„ნებართვა ვითხოვეთ, პასუხს ვერ ვიღებთ“- შეჩერებული მშენებლობები ბათუმში

„განაცხადი შევიტანეთ 3 აპრილს, მე-11 დღეა ველოდებით პასუხს, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა,“ – ამბობს მართვის კომპანია GGM-ის მმართველი, გენო გელაძე. სხვა მშენებლების მსგავსად, პირველ აპრილს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ამ კომპანიამაც მიმდინარე მშენებლობა ბათუმში შეაჩერა. მშენებლებს პირველ აპრილს უთხრეს, რომ მშენებლობის გასაგრძელებლად სპეციალური ნებართვის მიღება იყო საჭირო. ბიზნესმენებმა განაცხადები შეავსეს, თუმცა პასუხს ვერ იღებენ.

მშენებლობებზე არც ის პირები გამოჩენილან, ვინც შეამოწმებდა – აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული მშენებლობის პროცესის უსაფრთხოების ნორმებს.

„…3 აპრილს შევავსეთ განაცხადი ონლაინპლატფორმაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შექმნა. ორი დღის წინ განაცხადის ფორმა განაახლეს და ხელახლა მივმართეთ, თუმცა მეთერთმეტე დღეა არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა… რამდენადაც ვიცი, თბილისში რამდენიმე სამშენებლო კომპანიამ განაგრძო მუშაობა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია GGM-ის მმართველი, გენო გელაძე. მან ბათუმში სხვა სამშენებლო კომპანიებსაც გაუწია ლოჯისტიკური მომსახურება და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში დაეხმარა. გენო გელაძის ინფორმაციით, ბათუმში ამ დრომდე არც სხვა რომელიმე სამშენებლო კომპანიას მიუღია მშენებლობის სპეციალური ნებართვა.

გენო გელაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია, დროულად იცოდეს ბიზნესმენმა, რომ ის კონკრეტულ დრომდე მშენებლობის გაგრძელებას ვერ შეძლებს, ვიდრე მოლოდინის რეჟიმში იყოს.

„გარდა ამისა, ჩვენ არ მიგვიმართავს იმ მშენებლობის ნებართვაზე, რომელიც საწყის ეტაპზეა. ის სამშენებლო ობიექტი, რის გამოც მივმართეთ მთავრობას, არის 2008 წელს შეჩერებული მშენებლობა და მთავრობასთან გვაქვს აღებული ვალდებულება, დროულად მის დასრულებაზე. ეს არ არის სტანდარტული შემთხვევა, 40 ოჯახი ელოდება ბინას,“ – აღნიშნავს გენო გელაძე.

მშენებლობას ბათუმში, მაგალითად, განაგრძობს კომპანია „თბილისიმოლი ელიტი“. ეს კომპანია მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში აშენებს საცხოვრებელ კორპუსს. კომპანიის დირექტორს, მამუკა გურგენიძეს ვკითხეთ, როდის და რა პირობით მოახერხა მან ე.წ. სპეციალური ნებართვის მიღება.

„…ჩვენ გაჩერებული გვაქვს ყველა მშენებლობა, მივმართეთ 3 აპრილს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ობიექტს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, აქ არის სერიოზული დაზიანება, გრუნტის წყლები ამოდის და რომ შეჩერდეს სამუშაო, იქნება სერიოზული ზიანი, მდგომარეობა არის საშიში, მიწები გახეთქილია და მეზობლებს ვუქმნით საფრთხეს… ამიტომაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შევუთანხმდით, რომ რამდენიმე დღით ვიმუშავებდით მხოლოდ საძირკველზე, რასაც რამდენიმე დღეში დავასრულებთ,“ – გვითხრა მამუკა გურგენიძემ.

მართვის კომპანია GGM-ის მმართველი, გენო გელაძე მიიჩნევს, რომ ღია სამშენებლო ობიექტზე შესაძლებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ეს ბევრმა მშენებელმა უკვე გაითვალისწინა.

„სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებულებს პირბადე და ხელთათმანი ისედაც ჰქონდათ, სადეზინფექციო ხსნარი ავიღეთ, სიცხის საზომი სისტემა მოვაწყვეთ… მშენებელმა კომპანიებმა, რომლებსაც სურთ სპეციალური ნებართვის მიღება, მოახერხეს ამ დამატებითი შეზღუდვების დაკმაყოფილება,“ – დასძენს გენო გელაძე.

როდის მიიღებენ ნებართვას მშენებლები საგანგებო მდგომარეობის დროს და რამდენმა კომპანიამ მიიღო ნებართვა ბათუმში? – ვკითხეთ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს გუშინ, 13 აპრილს. აქ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, მაგრამ დღეს ჩვენ სატელეფონო შეტყობინებებს აღარ უპასუხეს.

თბილისის შემთხვევაში სამშენებლო ნებართვებს თბილისის მერია გასცემს. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო იმის გასაგებად, რომელიმე კომპანიამ საგანგებო რეჟიმის დროს მიიღო თუ არა მშენებელობის ნებართვა.

„კონკრეტულ კომპანიებს აქვთ ეს ნებართვა, მაგრამ რამდენ კომპანიას და რომელია ეს კომპანია, ასე ვერ გეტვით,“ – გვითხრეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.

რამდენ სამშენებლო ობიექტს აქვს ბათუმში ნებართვა ან რამდენი დაჯარიმდა საგანგებო ვითარების დროს უკანონო მშენებლობისთვის? – ვიკითხეთ ბათუმის მერიის პრესსამსახურშიც, სადაც განმარტეს, რომ ამ საკითხებს საგანგებო რეჟიმის დროს ეკონომიკის სამინისტრო არეგულირებს და მათ მონაცემები არ აქვთ.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, 8 აპრილს განაცხადა, რომ 76 შემოწმებული კომპანიიდან 26-ს მიეცა მშენებლობის ნებართვა.

მინისტრის განმარტებით, პირველ რიგში, ამოწმებენ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან კრიტიკულად მნიშვნელოვან საწარმოებს მიწოდების თვალსაზრისით. ასეთ საწარმოებად მინისტრმა დაასახელა კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან კვების, ასევე სამედიცინო ინდუსტრიას. ერთ-ერთი კრიტერიუმია ისიც, თუ რამდენად მოახერხა კომპანიამ გადაწყობა, თანამშრომლების გადაყვანა ონლაინ ან დისტანცირებულ რეჟიმზე. მინისტრს 8 მარტს არ უთქვამს, გაიცა თუ არა ნებართვა რომელიმე სამშენებლო კომპანიაზე.

მთავარი ფოტო: GGM-ის შეჩერებული მშენებლობა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩა, 2020 წელი

 

ამ თემაზე:

ნგრევა და შენება ბათუმში კარანტინის დროს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: