მთავარი,სიახლეები

თეონა აქუბარდია: აუცილებელია ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების განახლება

03.10.2019
თეონა აქუბარდია: აუცილებელია ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების განახლება

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” თანადამფუძნებელმა თეონა აქუბარდიამ დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საბჭოსთან შეხვედრისას ის აპირებს ისაუბრობს ქვეყნის პოლიტიკისა და საგარეო უსაფრთხოების მიმართულებაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მომდინარეობს რუსული ოკუპაციიდან და რუსული ჰიბრიდული ომიდან.

„ამავდროულად უნდა ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ნატოს მოთხოვნები, იქნება ეს თავდაცვის თუ უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და ა.შ

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს მკაფიო უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის გზაზე. აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ აუცილებელია სტრატეგიული დოკუმენტების განახლება ქვეყნის მთავრობის მხრიდან, ამავდროულად, ის თავდაცვის რეფორმები, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობს ქვეყანაში ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე, არის ერთ-ერთი წინაპირობა იმის, რომ ვეძებოთ ის დამატებითი შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დააჩქაროს ნატოში ინტეგრაცია,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ეს დამატებითი შესაძლებლობა არის თუ არა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუსენის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ღირს ამ საკითხის განხილვაც:

„ეს საკითხი არ გაჟღერებულა პირველად და ამაზე ადრეც საუბრობდნენ  ექსპერტები, თუმცა საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, არ აპირებს ამ თემით დაინტერესებას, რადგან ეს საკითხი ისე წარმოაჩინა, თითქოს საქართველოს ნატოში ამ ფორმულირებით ინტეგრაციის სანაცვლოდ, ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმა უწევდეს, რაც, ბუნებრივია, არ არის სწორი.

საქართველომ ყველა გზა უნდა გამოძებნოს იმისთვის, რომ ის წუხილები, რომლებიც არსებობს ნატოსკენ მიმავალ გზაზე გამოაცალოს რუსეთს. თუმცა ამ საკითხზე უნდა მოხდეს საზოგადოების შეთანხმება.“

თეონა აქუბარდიას თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეხედოს იმ რეალობას, რაც ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართულებით ხდება, „იმას, რასაც აკეთებს „პატრიოტთა ალიანსი“ , რომელიც ცდილობს მანიპულატორული კვლევებით წავიდეს კონსტიტუციის წინააღმდეგ და შექმნას ანტიდასავლური განწყობები. ამიტომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა გააძლიეროს თავისი სტრატეგიული კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რომ ამ ანტიდასავლურმა განწყობებმა გავლენა არ იქონიოს საზოგადოებაზე“.

აქუბარდიას თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი გზა ნატოსკენ  და „როცა იქნება შესაძლებლობის  ფანჯარა ღია, საქართველო მზად იყოს ნატოს წევრობისთვის“.

ამავე თემაზე:

გახარია ნატოს საბჭოს შეხვედრაზე: საქართველოს წევრობას ნატოში მხარს უჭერს მოქალაქეების 71%-ზე მეტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: