მთავარი,სიახლეები

#სირცხვილია, ბათუმშიც სირცხვილია – ანტისაოკუპაციო აქცია ევროპის მოედანზე

01.09.2019
#სირცხვილია, ბათუმშიც სირცხვილია – ანტისაოკუპაციო აქცია ევროპის მოედანზე

დღეს, 1-ელ სექტემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე ანტისაოკუპაციო ფლიმარკეტი [ერთგვარი ბაზრობა] გაიმართა. აქციის მონაწილეები დღეს ბათუმში რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ და 20 ივნისის მოვლენების  გამო დაკავებულების, მათ შორის  ბათუმელი  სოსო ბაჯელიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

“ხალხმრავალ ბათუმში კიდევ უფრო ხმამაღლა  უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა. ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებთან, ჯგუფებთან, რომლებიც აპროტესტებენ უმაქნისი ხელისუფლების  ქმედებებს, გვინდა  გვქონდეს კავშირი, რომ გამოვიდეს საერთო მძლავრი პროტესტი. #სირცხვილია, ბათუმშიც სირცხვილია,” – ამბობს გიგა მაქარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი და  ბათუმში გამართული ფლიმარკეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

 

აქციის მონაწილეები ითხოვენ ხელისუფლებამ გაათავისუფლოს 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები, მათ შორის ბათუმელი სოსო ბაჯელიძე  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები 16 სექტემბერს, ბათუმში დიდი საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ. აქცია  ბათუმიდან თბილისში ლაივრეჟიმში გადაიცემა  დიდ ეკრანზე. ხოლო 20 სექტემბერს, 20 ივნისის მოვლენების სამი თვის თავზე, დიდი საპროტესტო აქცია თბილისში გაიმართება.

“ვიქნებით ბევრი, ძალიან ბევრი და ვაჩვენებთ იმ კაცს, რომელსაც ძალიან უყვარს ფულის თვლა და ახლა უკვე თავების თვლაზე გადავიდა, ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ბევრი, იმაზე ბევრად მეტი ვართ, ვიდრე მას ჰგონია და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ომში მართლები ვართ. ეს არის ღირსების საკითხი,  ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა  გაბედოს თვალი დაგვთხაროს და  ინადიროს ხელისუფლებაზე,” – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

ორ თვეზე მეტია, რაც თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, ყოველ საღამოს მოქალაქეები იკრიბებიან და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამო. ქვეყნის ისტორიაში ეს არის ყველაზე ხანგრძლივი საპროტესტო აქცია.

ანტისაოკუპაციო ფლიმარკეტი ბათუმში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

აქცია ევროპის მოედანზე ახლაც [21:00] გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: