მთავარი,სიახლეები

ტურნირებზე საქართველოს სახელით მსურს ვიასპარეზო, მაგრამ მოქალაქეობა არ მაქვს – ინგილო სპორტსმენი

29.08.2019
ტურნირებზე საქართველოს სახელით მსურს ვიასპარეზო, მაგრამ მოქალაქეობა არ მაქვს – ინგილო სპორტსმენი

24 წლის ბაჩო ისაშვილი ინგილოა, ქართველებით კომპაქტურად დასახლებული კახის რაიონიდან. კახ-ინგილოს ქართული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 17 წლისამ გადაწყვიტა საქართველოში გადმოსულიყო საცხოვრებლად. ბაჩო 7 წელია უშედეგოდ ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას და როგორც თავად ამბობს, ერთადერთი სურვილი აქვს, სპორტულ შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით იასპარეზოს.

არის სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ტურნირის გამარჯვებული: მოპოვებული აქვს ევრაზიის თასი კუნგ-ფუ სანდაში, კავკასიის ჩემპიონია ხელჩართულ ჩხუბში, თბილისის პირველობის გამარჯვებული MMA-ში, სანდაში კი საქართველოს სამგზის ჩემპიონი გახდა. არის ასევე კუდოს მესამე კიუს მწვანე ქამრის მფლობელი და კუდოს საქართველოს ჩემპიონი.

,,7 წელია ამაოდ ვითხოვ საქართველოს მოქალაქეობას. სამწუხაროა, რომ არ ითვალისწინებენ ჩემს სპორტულ მიღწევებს, ჩემ თვალწინ 6 თვეშიც მიუციათ მოქალაქეობა ახალჩამოსულებისთვის, ვინც ბიზნესი დაიწყო საქართველოში. არ მაქვს ლეგალურად დასაქმების უფლება საქართველოში, მიწევს მშენებლობებზე მუშაობა – მერე კი დარბაზში ვარჯიში და ფოლკლორულ ანსამბლში სიმღერა. ხანდახან დარბაზში ვავარჯიშებ ბავშვებს, ხალხურ სიმღერებსაც ვასწავლი, ოღონდ უსასყიდლოდ. ამჯერად მეგობრის სახლში ვცხოვრობ, თვითონ გერმანიაშია, მერე რა იქნება, არ ვიცი, აზერბაიჯანში ვერ ვხედავ საკუთარ მომავალს, საქართველოში ცხოვრება მინდა“, – ამბობს ბაჩო ისაშვილი.

ბაჩო ისაშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა კუდოში და პირველი ადგილი დაიკავა

გასულ წელს ჩინეთიდან და იტალიიდან, ბრძოლაში წესების გარეშე, ჰქონდა 66 კგ. წონით კატეგორიის ტურნირზე მიწვევა, სადაც ვერ წავიდა. ყოველწლიურად არაერთი საერთაშორისო ტურნირიდან მოსდის მოწვევა, თუმცა მოქალაქეობის არქონის გამო საზღვარგარეთ საქართველოს სახელით ვერ ასპარეზობს.

საქართველოს მოქალაქეობის კანონში, მოქალაქეობის გამონაკლისი წესით მინიჭების შესახებ (მუხლი17) წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია, წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

ბაჩო წლებია მღერის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლში ,,ჰერულა“ და 2016 წელს ანსამბლ „ჰერულასთან“ ერთად გახდა საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ ანსამბლებს შორის გამართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების კონკურსის გამარჯვებული, დაჯილდოვდა საქართველოს დიასპორის მინისტრის მიერ. ბაჩო ანსამბლის სოლისტია და სპორტული შეჯიბრებების მსგავსად, ვერც მუსიკალურ ფესტივალებზე მიდის საზღვარგარეთ.

ბაჩო ისაშვილი მეგობრებთან ერთად, ტურნირის შემდეგ

ამჯერად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ირიცხება, თუმცა სწავლას ვერ აგრძელებს. არალეგალურად ცხოვრების პირობებში მუშაობას, სპორტს, ფოლკლორული ანსამბლის მეცადინეობებს და უნივერსიტეტს ერთმანეთს ვერ უთავსებს და სწავლა შეწყვიტა. მისი ოცნება უცხოეთში სპორტულ შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით ასპარეზობაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: