მთავარი,სიახლეები

შშმ პირები დამოუკიდებლად იბანავებენ ზღვაში – პირველი ადაპტირებული პლაჟი ბულვარში

09.08.2019
შშმ პირები დამოუკიდებლად იბანავებენ ზღვაში – პირველი ადაპტირებული პლაჟი ბულვარში

წელს პირველად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შეძლებენ შესვლას და ბანაობას. ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება. ადაპტირებული პლაჟი დღეს გაიხსნა.

პირველი, ვინც დამოუკიდებლად შეძლო ზღვაში შესვლა და ბანაობა თეა კაკაბაძე იყო.

შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს სრულად არის მორგებული.

ეტლით მოსარგებლეები ადაპტირებულ პლაჟზე ჩასასვლელად ემზადებიან

ეტლით მოსარგებლეები ადაპტირებულ პლაჟზე ჩასასვლელად ემზადებიან

ეტლით მოსარგებლეები ადაპტირებულ პლაჟზე ჩასასვლელად ემზადებიან

ამ პროექტის მთავარი გზავნილია – #ზღვაყველასია!

პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რომელიც ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება. ადაპტირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს “ბათუმის ბულვარი“ ახორციელებს. უწყებაში გვითხრეს, რომ პროექტის საერთო ღირებულება 69 ათასი ლარია.

რუსუდან მჭედლიშვილი 12 წელია ეტლით მოსარგებლეა. ამ ხნის განმავლობაში ის პირველად შევა დღეს ზღვაში ტივტივა ეტლის დახმარებით

წლევანდელი საზღვაო სეზონის დაწყებამდე, ბათუმის ბულვარში სხვაგანაც მოეწყო ადაპტირებული ინფრასტრუქტურა – სანაპირო ზოლზე გაჩნდა ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე-გამოსაცვლელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო. თანამედროვე მულტიფუნქციური ადაპტირებული საპირფარეშო აღჭურვილია თანამედროვე თვითმწმენდი ტექნოლოგიებით, სადაც განთავსებულია ბავშვთა გამოსაცვლელი ანტიბაქტერიული კუთხე და ანტივანდალური ინვენტარი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: