მთავარი,სიახლეები

ანაზღაურებადი სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში – კონკურსი გამოცხადებულია

05.10.2018
ანაზღაურებადი სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში – კონკურსი გამოცხადებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 2018 წელს სტაჟირების პროგრამა პირველად იქნება ანაზღაურებადი. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლების მქონე პირებს. სტაჟიორები მიიღებიან ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში.

„პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს  პროფესიული საქმიანობა და  კარიერა დაუკავშიროს საგამოძიებო სამსახურს – სამართალდამცავ უწყებას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და განაცხადების ელექტრონულად შევსება  4 ოქტომბრიდან – 14 ოქტომბრის ჩათვლით  შესაძლებელია  საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე მითითებულ სპეციალურ ველში – „სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში“.

სტაჟიორების მიღება მოხდება კონკურსის წესით სამ ეტაპად – პროფესიული ტესტირება, ზოგადი უნარები და გასაუბრება. კონკურსის შედეგად შერჩეული სტაჟიორები ექვსთვიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლიან. კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებული სტაჟიორები საგამოძიებო სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმდებიან.

„პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები თეორიულ მეცადინეობას, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამის მიხედვით,  ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული სწავლების ეტაპს საგამოძიებო სამსახურის თბილისის და რეგიონულ ოფისებში გაივლიან. ისინი დეტალურად გაეცნობიან ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით  არსებულ კანონმდებლობას და ყველა ძირითად საერთაშორისო „გაიდლაინს“, ასევე საგამოძიებო უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებს და მუშაობის სპეციფიკას.“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: