მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს ახალ კორპუსში პროფესიული სასწავლებელი და ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

02.09.2018
ბსუ-ს ახალ კორპუსში პროფესიული სასწავლებელი და ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, წელს, დეკემბერში უნდა დასრულდეს, 2019 წლის იანვარში კი შენობა ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს. უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, ახალ შენობაში, პირველ სართულზე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ინოვაციური ცენტრი გაიხსნება, დარჩენილ სამ სართულზე კი ძირითად ადგილს პროფესიული სასწავლებელი დაიკავებს:

„რეკომენდაცია გვქონდა, რომ პროფესიული სასწავლებელი გაბნეული არ იყოს უნივერსიტეტში და როგორც ეფექტური მართვისთვის, ასევე კონტროლისთვის, უმჯობესია ერთ სივრცეში მოვუყაროთ თავი“.

უნივერსიტეტში ამ დროისთვის არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ დააფინანსებენ კაბინეტების აღჭურვას. ჯემალ ანანიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა განათლების სამინისტროს მხარდაჭერით თანხა აჭარის ბიუჯეტში გაითვალისწინონ.

ახალ შენობაში რამდენიმე დიდი სასწავლო აუდიტორიის მოწყობასაც გეგმავენ, რაც გაერთიანებული ლექციების ჩატარების საშუალებას იძლევა:

„აქ დიდ ჯგუფებს ჩაუტარდებათ ლექციები, იქნება ასევე საზაფხულო სკოლისთვის  სივრცეები, საერთო საცხოვრებლის სიახლოვე საშუალებას იძლევა, რომ სხვა ქვეყნებიდან მოწვეულებიც განვათავსოთ და აქ მათ ჩაუტარდეთ საზაფხულო სკოლებთან დაკავშირებული სემინარები,  ლექციები და ასე შემდეგ“ – ამბობს ჯემალ ანანიძე.

უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, რომ ინოვაციურ ცენტრში ბიზნესიდეების დამუშავებას და დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციების გაწევასაც გეგმავენ:

„დამუშავდება ბიზნესიდეები, გაიცემა  რეკომენდაციები, თუ როგორ წამოიწყონ თავიანთი საქმეები, არა მხოლოდ სტუდენტებზე, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე. სტუდენტს და მოსწავლესაც ექნება ჩართულობის საშუალება“ – ამბობს ჯემალ ანანიძე.

ახალი კორპუსის მშენებლობისთვის ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასამდე ლარია გათვალისწინებული. არსებული ინფორმაციით, კორპუსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ლიფტი.
ბსუ ბათუმში, ლეონიძის 15-ში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელსაც აშენებს, რისთვისაც ხელშეკრულება შპს ვექტორთან 2 359 000 ლარზეა გაფორმებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: