მთავარი,სიახლეები

რატომ აღჭურვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრები რუსული ნივებით

09.07.2018
რატომ აღჭურვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრები რუსული ნივებით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარის სოფლებში მდებარე სამედიცინო ცენტრები რუსული წარმოების „ნივებით“ აღჭურვა. სამინისტრომ სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე  51 პჯდ ცენტრს გადასცა ავტომანქანა „ნივა“.

რატომ შეაჩერა არჩევანი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული წარმოების ავტომობილზე? აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ გადამწყვეტი გეოგრაფიული არეალი იყო – აჭარის მაღალმთიანეთში მაღალი გამავლობის ავტომანქანებია საჭირო:

„ეს პროცესი დაიწყო 2014 წელს, მაშინ გაეროს მოსახლეობის ფონდმა წამოაყენა წინადადება, რომ აჭარაში არსებული 56 პჯდ ცენტრისთვის ეტაპობრივად შეგვეძინა მანქანები. შესწავლილი იქნა საჭიროებები და გეოგრაფიული სიტუაცია, გაეროს ფონდი შემოვიდა საკმაოდ დიდი დაფინანსებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო -თანადაფინანსებით. გაერომ წარმოადგინა ტექნიკური კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაეკმაყოფილებინა მომწოდებელს, ტენდერში არ ყოფილა მითითებული [მარკა], ტენდერი იყო ღია, ყველას შეეძლო მონაწილეობა. ტენდერში გაიმარჯვა „ნივას“ მომწოდებელმა და სრულად დააკმაყოფილა ტენდერის მოთხოვნები. 2014 წელს,  პირველ ეტაპზე, შეძენილი იქნა 21 ასეთი მანქანა. 2016 წელს, უკვე მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, გაეროს ფონდის გარეშე გააგრძელა პროგრამა და წელს დავასრულეთ.”

წელს ტენდერი 8 ავტომობილის შესაძენად სამინისტრომ 200 ათას ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ერთადერთმა მონაწილემ, „გლობალ მოტორს ჯორჯია ჯი ემ ჯიმ“, გაიმარჯვა, რომელმაც სამინისტროს 196 ათას ლარად შესთავაზა ავტომობილების შეძენა. ეს კომპანია საქართველოში რუსული და ჩინური წარმოების ავტოტექნიკის შემომტანია.  წინა წლებშიც სწორედ ეს კომპანია იყო ტენდერში გამარჯვებული.

კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია მთავრობამ რუსული წარმოების ავტომობილი შეიძინოს, მაშინ, როცა საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს:

„მწარმოებელი შეიძლება იყოს რუსული, მაგრამ კომპანია ქართულია. 2014 წელს დაიწყო შესყიდვა, მაშინაც ისეთი ურთიერთობა გვქონდა რუსეთთან, როგორც დღეს გვაქვს, მაშინ თვითონ გაეროც უარყოფდა და დაბლოკავდა ამ თემას. ეს იყო ერთობლივი პროექტი. შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომობა არის ძალიან დიდი ფუფუნება. მოგეხსენებათ, რა ძნელია მიაღწიო, მიხვიდე პაციენტამდე მაღალმთიან სოფლებში.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო კომპანიამ, რომელმაც წარმოადგინა მანქანა, რომელიც ხარჯთეფექტურიც არის, გამავლობაც მაღალი აქვს. მოგეხსენებათ, ასეთ გზებზე არის იმის ალბათობა, რომ დასჭირდება შეკეთება და ამ სერვისების ხელმისაწვდომობა იქნებოდა უფრო იოლი.“

„ნივა“ საქართველოში პოპულარული ავტომობილი რომ არ არის, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული ავტოპარკის მიმოხილვაც მოწმობს, სადაც საქართველოში გავრცელებული ავტომანქანების ბრენდების ათეულში „ნივა“ არ შედის.

უშუალოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 7 ავტომანქანა აქვს, მათ შორის ერთი „ნივაა“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: