მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ სახალხო დამცველის რეკომენდაცია მეჩეთთან დაკავშირებით არ შეასრულა

11.05.2018
ბათუმის მერიამ სახალხო დამცველის რეკომენდაცია მეჩეთთან დაკავშირებით არ შეასრულა

ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა – ამის შესახებ სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

2018 წლის 28 მარტს სახალხო დამცველმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა და იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მერიამ უარი თქვა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

სახალხო დამცველი წერს:

„მიწის ნაკვეთი, რომელზეც მუსლიმმა თემმა საკულტო ნაგებობის მშენებლობა მოითხოვა, საცხოვრებელ ზონა 6-ში მდებარეობს. ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მითითებულ ფუნქციურ ზონაში საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემა მხოლოდ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების არსებობის პირობებშია შესაძლებელი. მუსლიმებს უარი ეთქვათ როგორც სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე, ასევე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიაა.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბათუმის მერის უარყოფითი გადაწყვეტილება საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშეა მიღებული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბათუმში მდებარე „ორთა ჯამე“ მლოცველებს ვერ იტევს და მათ ღია ცის ქვეშ უწევთ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა. მუსლიმი თემი დიდი ხანია ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვს და ეს საკითხი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებშიც აისახება.

საქმის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ბათუმის მერიას არაერთგვაროვანი მიდგომა გააჩნდა სხვადასხვა კონფესიისადმი. კერძოდ, იმავე ფუნქციურ ზონაში, რომელშიც მეჩეთის მშენებლობა მოითხოვეს, დღესდღეობით რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია არის აშენებული, რომელზეც სათანადო წესით ნებართვა არ გაცემულა და არც სამართალდარღვევაზე დაწყებულა წარმოება. მაშინ, როცა მუსლიმებს, სამშენებლო სამართალდარღვევის – მეჩეთის თვითნებური მშენებლობის გამო, სახდელი დაეკისრათ და დემონტაჟის განხორციელება დაევალათ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ბათუმის მერს უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა. ბათუმის მერმა სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, რაც კიდევ უფრო აჭიანურებს დარღვეული უფლების აღდგენას და არსებითად აზარალებს ადგილობრივ მუსლიმ თემს,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: