სპორტი

„დინამო“ თასით და რუსთავით დაიწყო

01.03.2013
„დინამო“ თასით და რუსთავით დაიწყო

გია გურული: ნებისმიერი შეკრება ყოველთვის ნაყოფიერი და შედეგიანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ სხვა საფიქრალი არ გაქვს ფეხბურთის გარდა. ათი დღე დავყავით ანტალიაში საწვრთნელ შეკრებაზე და ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რათა გუნდის ბირთვი შეგვეკრა. პირველი ამხანაგური შეხვედრა ყაზახეთის „ურალსკისთან“ გავმართეთ, უმაღლესი ლიგის გუნდია და 4:1 გავიმარჯვეთ, მეორე მატჩში კი რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ „გლორიას“ ფრედ, 1:1 ვეთამაშეთ. აქვე გეტყვით, რომ რუმინელებთან პირველ ტაიმში არაოპტიმალური შემადგენლობა დავაყენეთ, ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი, მეორე ტაიმში კი ის ბიჭები გამოვიყვანე, რომლებიც მიმდინარე გათამაშებაში „დინამოს“ ბირთვს წარმოადგენენ. პირადად მე კმაყოფილი ვარ.

 

 

ბევრი ახალწვეული იახლეთ თან, რა შთაბეჭდილება დატოვეს მათ თქვენზე?

 

 

– საკმაოდ კარგი. როგორც იცით, მეორე წრეში ჩვენ დაცვა და ნახევარდაცვა გავაძლიერეთ. ვინც დავიმატეთ, ყველას უთამაშია უმაღლეს ლიგაში და გამოცდილებაც აქვთ. გეცოდინებათ, დავიმატეთ ბესო ჩიმაკაძე და შეიძლება ითქვას, რომ ფორვარდის პრობლემა მოგვეხსნა.

 

 

თბილისის დინამოდან უნდა დაგემატებინათ ორი ფეხბურთელი, რომლებიც ნიკა დიასამიძის სანაცვლოდ, ბათუმში განათხოვრების წესით ითამაშებდნენ

 

 

– დიახ, ეს წინადადება ძალაში რჩება, თუმცა, ჯერჯერობით ვერ შევთანხმდით, თუ ვის გამოუშვებენ.

თქვენ რომელი რგოლის გაძლიერება გსურთ? ადრე აღნიშნავდით, რომ მარცხენა გარემარბი და ფორვარდი გჭირდებოდათ

 

 

– როგორც გითხარით, ფორვარდის სახით ბესო ჩიმაკაძე დავიმატეთ, რაც შეეხება ნახევარდაცვას, სავარაუდოდ, სწორედ მარცხენა გარემარბს დავიმატებთ და ერთ   მარჯვენა მცველს. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის რგოლი გავაძლიერეთ, ორი ცენტრალური მცველი გადმოვიბირეთ, მარჯვენა მცველიც გვჭირდება. უახლოეს დღეებში გადაწყდება, თუ ვინ შემოგვიერთდება.

 

 

შეკრების შემდეგ თუ დაითხოვეთ გუნდიდან ფეხბურთელები?

 

 

– სამწუხაროდ, ორი ფეხბურთელი გავუშვით. ამ ეტაპზე ისინი გუნდის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ და მათთან განშორება მოგვიწია. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ და დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობით მოვახერხებთ მიზნის მიღწევას.

 

 

პირველი შეხვედრა როდის გაქვთ?

– 26 თებერვალს საქართველოს თასის გათამაშების პირველ შეხვედრაში რუსთაველებს ვმასპინძლობთ („დინამომ“ შეხვედრა 2:1 მოიგო _ ი.დ.), განმეორებითი შეხვედრა 3 მარტს გაიმართება, ცხრაში კი – ჩემპიონატი განახლდება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითად ყურადღებას მაინც ეროვნულ პირველობას ვუთმობთ, რათა უმაღლეს ლიგაში დარჩენა მოვახერხოთ.

 

 

და ბოლოს, ბატონო გია, თქვენი ვაჟი, სანდრო, დინამოს შეკრებაზე თან ახლდა, არის საუბარი, რომ ისიც შეუერთდება ბათუმის დინამოს

 

 

– სანდროს რაც შეეხება, მისი ამბავი უახლოეს დღეებში გადაწყდება (სანდრო გურულის ტრანსფერი უკვე გადაწყდა, ის ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დაიცავს).

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: