მთიანი აჭარა

რას აირჩევს სოფელი

11.04.2013
რას აირჩევს სოფელი

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო და სამუშაოები პრიორიტეტების შერჩევის ფაზაშია, რიგ შემთხვევებში გასულ წლებში სოფლის მიერ პრიორიტეტად დასახელებული ობიექტები დღემდე გაუმართავი და უფუნქციოა. 

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში ელექტროწისქვილი სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 2009 წელს აშენდა. თუმცა, წისქვილი ქსელში დღემდე ვერ ჩაირთო. უფუნქციოდაა დარჩენილი ამავე პროგრამით სოფელ ზუნდაგაში აშენებული წისქვილიც. ქოსოფლის რწმუნებული მიქაელ ნინიძე ადასტურებს, რომ წისქვილი ვერ გაამრიცხველიანეს და დასძენს, რომ იმ დროისთვის სოფელს სხვა რწმუნებული ჰყავდა.

 

„ყველაფერი ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, ის სამუშაოები, რაც ჩვენ გვეკუთვნოდა, შევასრულეთ, კონკრეტულად ამ წისქვილში კაბელი ახვეულია და შენახულია მეზობელ სახლში“, – აცხადებს ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს ქედის მუნიციპალიტეტში 571 757 ლარია გამოყოფილი. სულიკო ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე სოფლებში კრებები ტარდება. „გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა სოფლის შიგა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობას მოითხოვს, ყველაზე მეტი თანხა სოფელ ახოზე გამოიყო – 24 625, მინიმუმი კი სოფელ ქოსოფელზე – 5045 ლარი“.

 

„22 მარტს ჩავატარეთ კრება, მოსახლეობამ სასმელი წყლის ავზის ჩამოსხმა მოითხოვა. სოფელზე 6219 ლარია გამოყოფილი, რითაც 10-ტონიანი ავზის ჩამოსხმა დავგეგმეთ, ავზით 40 კომლი ისარგებლებს. არსებული ავზი ძველია და წყალი ჟონავს“, – ამბობს სოფელ მილისის რწმუნებული გურამ აბესლამიძე.

 

სოფლების – ნამლისევისა და ქოსოფლის  რწმუნებული მიქაილ ნინიძე ამბობს, რომ ქოსოფლის მოსახლეობამ სოფლისთვის გამოყოფილი 5045 ლარით სარიტუალო ინვენტარი უნდა შეიძინოს, ნამლისევისთვის გამოყოფილი  6400 ლარი კი – სოფლიდან ტყეში გამავალ გზის გაკეთებას მოხმარდება.

 

პროგრამის დაფინანსებისთვის, ქედის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, 373 243 ლარით მეტი მიიღო ხულოს მუნიციპალიტეტმა, აქ  945 000 ლარია გამოყოფილი, ყველაზე მეტი თანხა – 30 900 ლარი სოფელ დიდაჭარას გამოეყო, გამოყოფილი თანხით სოფელში ბაგა-ბაღის მშენებლობას გეგმავენ.

 

„ბაგა-ბაღის მშენებლობა დიდაჭარაში 2014 წელს გვქონდა დაგეგმილი, თუმცა სოფელმა პრიორიტეტად წელს დაასახელა. თანხა საკმარისი არ არის, მაგრამ გამგეობამ თუ გამონახა სახსრები, შესაძლებელია თანადაფინანსებით წელს დავასრულოთ მშენებლობა“, – აცხადებს გამგებლის მოადგილე გივი ქედელიძე და დასძენს, რომ პროგრამა სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს, თუმცა ხშირ შემთხვევებში სოფლის მოსახლეობა სულ სხვა პრიორიტეტს ასახელებს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტში 84 სოფელი და დასახლებაა. გამგებელის განცხადებით კრების ოქმები გამგეობამ ეკონომიკის სამინისტროს უნდა წარუდგენს დასამტკიცებლად.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ადრე საკრებულო ამტკიცებდა, ახლა ასე აღარ არის, ეკონომიკის სამინისტროში წარვადგენთ პროგრამებს და სამინისტრო გვიმტკიცებს. მოსახლეობა ძირითადად წყლის არხებისა და მილების მოწესრიგებას, სოფლის სახლების რემონტს, გზისა და გარე განათების მოწყობას მოითხოვს“, – აცხადებს გამგებელი დავით ჭელიძე.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ღურტისა და იაკობაძეების სოფლების მცხოვრებლებს ერთობლივად სარიტუალო დარბაზის აშენება უნდოდათ. არასაკმარისი თანხის გამო შეთანხმება ვერ შედგა და ორივე სოფელში გარეგანათება მოეწყობა. სოფლის რწმუნებულების ინფორმაციით, გარეგანათებაში გახარჯულ ელექტროენერგიის საფასურს გამგეობა დაფარავს.

 

„კრებაზე მოსახლეობამ სარიტუალო დარბაზის აშენება მოითხოვა, რადგან გამოყოფილი თანხა ვერ გასწვდებოდა დარბაზის აშენებას. მეორე დღეს განმეორებით ჩავატარეთ კრება, გადავწყვიტეთ გარე განათებისა და წყლის მილის შეძენა, სოფელზე 7934 ლარია გამოყოფილი“< – ამბობს სოფელ ღურტის რწმუნებული სულიკო გელაძე.

 

იაკობაძეების სოფლის რწმუნებულ რომან იაკობაძის თქმით, სარიტუალო დარბაზი ორივე სოფლის გაერთიანების შემთხვევაშიც ვერ აშენდებოდა. ამ სოფლისთვის 9721 ლარია გამოყოფილი. 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტში 626 692 ლარით დაფინანსდა. „მუნიციპალიტეტში 69 სოფელია, მოსახლეობა, ძირითადად, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებასა და  სარიტუალო ნივთების შეძენას მოითხოვს“, – აცხადებს შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე.


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე ირჩევს, პრიორიტეტის შერჩევისას გადამწყვეტი ხმა კრებაზე დამსწრე საზოგადოებას ენიჭება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: