მთიანი აჭარა

არჩევნები სალათისფერი და ყვითელი ბიულეტენებით

21.08.2012
არჩევნები სალათისფერი და ყვითელი ბიულეტენებით

„ვინაიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს და საპარლამენტო არჩევნები ერთად ტარდება, პარტიებს, რომლებიც მონაწილეობენ საპარლამენტო არჩევნებში, უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროსაც მიენიჭებათ იგივე ნომერი, რომლითაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. რომელი პარტიაც არ ეთანხმება უსკოს ან ცესკოს მიერ მინიჭებულ საარჩევნო ნომერს, შეუძლიათ განცხადება დაწერონ და 37-ე დღემდე უნდა მოგვმართონ და მათთვის ჩატარდება წილისყრა.“ – განაცხადა უსკოს თავმჯდომარემ, არჩილ მიქელაძემ.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ცესკომ საარჩევნო ნომრად 41 მიანიჭა. ცესკოს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ გააპროტესტა და სასამართლოს მიმართა. რადგან კოალიცია უკვე რამდენიმე თვეა თავის საარჩევნო კამპანიას 7 ნომრით აწარმოებს და როგორც მათი წარმომადგენლები აცხადებენ, ამის უფლებას მათ მოქმედი საარჩევნო კანონი აძლევთ.

უსკოს თავმჯდომარის, არჩილ მიქელაძის განცხადებით, კოალიცია ვადებში შეზღუდული არ იქნება: „არა მგონია კოალიციას რაიმე ტექნიკური პრობლემა შეექმნას საარჩევნო ნომრის გასაჩივრებასთან დაკავშირებით“.

უსკომ პარტიების რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის გარდა, საარჩევნო ბიულეტენის ფორმის დამტკიცების და საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში ცვლილებების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. არჩილ მიქელაძის განცხადებით, უსკოს არჩევნებზე საარჩევნო ბიულეტენი ბაცი სალათისფერი და ბაცი ყვითელი იქნება. ჟურნალისტებზე გაცემული აკრედიტაციის ბარათები კი მწვანე ფერის.

ერთადერთი საკითხი რამაც კოალიციის წარმომადგენლებსა და უსკოს წევრებს შორის ნაცმოძრაობის მხრიდან კამათი გამოიწვია, სკამები იყო.
„რატომ ზიხარ მაგ სკამზე, ეგ კომისიის წევრების ადგილია!“- განუცხადა უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა მალხაზ კალანდაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, კახა სოფრომაძეს.

სოფრომაძე მაგიდის ბოლოს, უსკოს თავმჯდომარის პირისპირ იჯდა, რამაც მალხაზ კალანდაძის გაღიზიანება გამოიწვია. მისი თქმით, ეს რეგლამენტით დაშვებული არ არის. „და კიდევ, ყველაზე ბევრს ლაპარაკობთ“-დაამატა კალანდაძემ.

უსკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ეს უმნიშვნელო საკითხია“.

კახა სოფრომაძემ კი განაცხადა: „ცოტა ხანში საერთოდ აღარ გექნებათ ეგ სკამები“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.