გუშინ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა საქართველოს მხარდამჭერი აქცია, რომელსაც სიტყვით მიმართა კორნელია ბარჩმა [მწვანეთა პარტია]. გთავაზობთ მისი გამოსვლის ტექსტს.
___
ძვირფასო ქართველო, უკრაინელო, ბელარუსო მეგობრებო, ძვირფასო ჰამბურგის მცხოვრებლებო!
კვირების განმავლობაში ათასობით ადამიანი გამოდის საქართველოს ქუჩებში კანონის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს გზას ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
საქართველოს თითქმის მთელი საზოგადოება ამ კანონის წინააღმდეგია, რადგან ხალხი თავის მომავალს, საქართველოს მომავალს, მშვიდობიან, თავისუფალ და კონსტიტუციურ ევროპაში ხედავს. ჩვენ ჰამბურგელები გვერდში ვუდგავართ ამ მამაც ხალხს საქართველოში, რადგან ისინი იცავენ თავისუფალი, დემოკრატიული და კონსტიტუციური ევროპის იდეას.
ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, საბოლოოდ კი კრიტიკულად განწყობილ ნებისმიერ კერძო პირს ემუქრება უცხოეთის აგენტად გამოცხადება. ასევე მოსალოდნელია LGTBIQ თემის უფლებების შეზღუდვა.
ეს არის კრემლის სტილის კანონი, რომელიც შექმნილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაყოფისა და საბოლოო განადგურების მიზნით. აქვე მინდა გაგახსენოთ რუსეთი 2012 წელს, როდესაც მიიღეს „რუსეთის აგენტების აქტი“: შეიძლება დღეს უკვე დაგვავიწყდა, რომ 2012 წელს რუსეთში არსებობდა პანკ ჯგუფი სახელწოდებით “Pussy Riot”-ი, რომელიც საჯაროდ და პროვოკაციულად მოუწოდებდა რუსეთს პუტინისგან გათავისუფლებისკენ.
დღეს ამ ჯგუფის წევრები იქ არიან, სადაც პუტინს სურდა – საზღვარგარეთ, ისევე როგორც ბევრი ჟურნალისტი, მხატვარი, მწერალი და რეჟისორი. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ რუსეთიც ევროპის ნაწილია – და იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა იყო რუსეთის აგრესიული ომის მომზადების ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ.
სამოქალაქო საზოგადოების გაყოფა და დასუსტება იყო და არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც ასევე მიმართულია ევროპის სხვა საზოგადოებებისკენ. აქ და ახლა – და განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან ევროპულ არჩევნებამდე.
როგორ მივიდა აქამდე საქართველოს პარლამენტი – ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში ასეთი კანონი რომ მიიღოს? ის, რასაც ჩვენ ამჟამად ვხედავთ საქართველოში, ასევე გვიჩვენებს, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ავტოკრატები ძალაუფლებას იტაცებენ.
ჩვენ ამას მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არ ვხედავთ. ჩვენ მას მთელ მსოფლიოში ვხედავთ. ავტოკრატებს არ აინტერესებთ ის ინსტრუმენტები, რომლითაც ისინი ინარჩუნებენ ძალაუფლებას. მათ არ აინტერესებთ რამდენად არის ეს ადამიანის უფლებების გათელვა. მათ არ აინტერესებთ, რომ ისინი ააქტიურებენ ადამიანის ყველაზე საზიზღარ ინსტინქტებს ან შიშებს.
მემარჯვენე პოპულისტური პარტიები ზუსტად იმავეს აკეთებენ მთელ ევროპაში: ისინი ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას, შიშისა და დემარკაციის ფანტაზიების გააქტიურებით და საზოგადოების გაყოფით.
გამამხნევებელია, რომ პატარა საქართველო ამჟამად ქუჩაში გამოდის, რათა თავიდან აიცილოს კანონი, რომელიც კარს უხსნის ავტოკრატიულ სტრუქტურებს. დიდებულია ის ფაქტი, რომ ხალხი დგას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარეს, რომელიც ამჟამად საფრთხის ქვეშაა მთელ მსოფლიოში.
პარტიას, რომლის უმრავლესობამაც კანონი ახლახან მიიღო, უცნაურია, „ქართული ოცნება“ ჰქვია. – შესაძლოა, ამიტომაც ჰქვია ასე, რომ ოდესღაც იქ ჩართული ადამიანები ოცნებობდნენ საქართველოში დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და კონსტიტუციურ სისტემაზე. მაგრამ შესაძლოა ეს სახელი უბრალოდ ევფემიზმია ხალხის მისაძინებლად. რა თქმა უნდა, ძნელია ასეთი გეოპოლიტიკური ვითარების მქონე პატარა ქვეყნისთვის – გიგანტური რუსეთის და თურქეთის, ავტოკრატიის გზაზე შემდგარი კიდევ ერთი მეზობლის გვერდით – იმ რეფორმების გატარება, რამაც შეიძლება გიგანტი აღაშფოთოს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, პატარა საქართველომ იგივე განიცადა, რასაც გაცილებით დიდი უკრაინა განიცდიდა და კიდევ უფრო ბრუტალურად განიცდის: დესტაბილიზაცია სამხედრო ინტერვენციით, ომიც კი. უკრაინა ამჟამად იძულებულია იარაღით დაიცვას ევროპული იდეა, ევროპული ღირებულებები და მას სჭირდება ჩვენი კიდევ უფრო ნათელი მხარდაჭერა!
გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ ადამიანები საქართველოში ასეთ ვითარებაშიც კი, არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას მიიძინონ, მმართველი პარტიის ქცევის მიუხედავად. ისინი კრეატიული ქმედებებით, გაბედულად გამოდიან ქუჩაში მათი ნამდვილი ოცნებისთვის: ოცნებისთვის, რომ ერთიანი, თავისუფალი და კონსტიტუციური ევროპის ნაწილი გახდნენ.
მეც მაქვს ოცნება. ჩემი ძველი ოცნებაა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა, რომელშიც ყველას აქვს ხმა. მე მჯერა, რომ ეს ოცნება არ იყო მხოლოდ დასავლური ოცნება. მე ვოცნებობ ერთიან ევროპაზე, რომელიც მოიშუშებს თავის ძველ ტრავმებს – მათ შორის აღმოსავლეთად და დასავლეთად გაყოფის ტრავმას. ევროპის შესახებ, რომელსაც ასევე შეუძლია შეხედოს საკუთარი ისტორიის ბნელ მხარეებს.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალი“, რომელმაც სწორედ ეს გააკეთა რუსეთის ისტორიისთვის, იყო უკანასკნელი ორგანიზაცია, რომელიც აკრძალეს უკრაინაზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე.
ევროპის ბნელი მხარეები ასევე მოიცავს საკუთარ კოლონიალურ ისტორიას. წარსულზე მუშაობა კი საყრდენია პუტინის მზაკვრული სტრატეგიის წინააღმდეგ – გლობალური სამხრეთის სათავეში მოექცეს, ანტიდასავლური უკმაყოფილება რომ გააღრმაოს და ეს საკუთარი იმპერიალიზმის გასაძლიერებლად გამოიყენოს მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში, ბელორუსსა და საქართველოში.
როცა საქართველოში მამაცი ხალხი ქუჩაში გამოდის ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, მაშინ ისინი იბრძვიან მრავალფეროვანი, სამართლიანი, ჭეშმარიტად დემოკრატიული და მშვიდობიანი ევროპის ოცნებისთვის.
იმედი მაქვს და ვისურვებ, რომ საქართველოში საპროტესტო აქციებს ძალადობით არ ჩაახშობენ და დემოკრატიული მეთოდებით წარიმართება. ჩვენ დიდი ხანია ვდგავართ და კიდევ უფრო დიდხანს ვიდგებით საქართველოს მამაც ხალხის გვერდით.
ჩვენ ასევე ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს ბელარუსიც თავისუფალი იქნება.
ამ ქვეყნების მამაცი ხალხი იბრძვის ჩვენი საერთო მომავლისთვის: მრავალფეროვანი, დემოკრატიული და კონსტიტუციურად ერთიანი ევროპის მომავლისთვის.
გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს თავისუფალ ბელორუსსა და თავისუფალ საქართველოს.
ჩვენ ერთად ვართ ევროპა!
___
აქცია „არა რუსულ კანონს“ ქალაქ ჰამბურგში გაიმართა We Are Europa და ProFuture Lab Georgia-ს ორგანიზებით.
მთავარი ფოტო: ნათია შენგელიძე