კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ეტიუდები ჩოხატაურიდან

21.05.2017 • 4271
ეტიუდები ჩოხატაურიდან

ის იყო ბათუმი-ჩოხატაურის სამარშრუტო ტაქსი ჩოხატაურში შევიდა, რომ ვიკითხე – ჩოხატაურის ცენტრი ესაა-მეთქი? ჩოხატაურის ცენტრიც ესაა ბიძია და სამყაროსიცო, – მიპასუხა ვიღაც კაცმა, რომელიც მთელი გზა თავისთვის, ჩუმად იჯდა. ჩოხატაურში ჩასულს ნახევრად გამდნარი თოვლი, ატალახებული ქუჩები და ცოტა მზე დამხვდა.

ჩოხატაურის ცენტრალური ნაწილი საბჭოთა არქიტექტურის სასაფლაოს ჰგავს. და ამ ნაცრისფერ რეალობაში, დაბის ცენტრში, ახალაშენებული კულტურის ცენტრის თეთრი შენობა სუფთა ჰაერივითაა.

DSC_0510

კარგა ხანია საქართველოს ქალაქებს სახელწოდება „რაიონი“ შეეცვალა და მუნიციპალიტეტად მოიხსენიებენ, მაგრამ ჩოხატაურელებისთვის ჩოხატაური მაინც რაიონია. „რაიონში მივალ; რაიონში ვიყავი; ჩვენი რაიონი“, – დღემდე ასეა. სიტყვა „მუნიციპალიტეტი“ ვერც ძველმა თაობამ მიიღო და ვერც ახალმა. დაბა იმდენად პატარაა, ყველა-ყველას იცნობს. ქუჩებს ოფიციალური დასახელებები კი აქვს, მაგრამ, ძირითადად, ორიენტაცია ასე ხდება – „მაი სა ცხოვრობს იცი? აი, ის რომ ცხოვრობს, იქანე“.

ჩოხატაურს შუაზე ორპირას ღელე ჰყოფს. ღელის გაღმა-გამოღმა სახლები, მაღაზიები და ძველი შენობებია. ადრე ბევრი, ბევრი წლის წინ, როცა ამ გზაზე არც ასფალტი იყო და არც ახლანდელი ინფრასტრუქტურა, ორპირას ღელის პირას დუქნები იყო ჩამწკრივებული.

ცხოვრობდა ერთი კაცი ჩოხატაურში, ლუკა ბერძენიშვილი. ხის ხელოსანი, ხეზე მუშაობა ბათუმში შეისწავლა, რუსული და გერმანული იცოდა. გერმანული ჟურნალები ჰქონდა გამოწერილი, კითხულობდა და მერე ღელის პირას ჩამწკრივებული დუქნების წინ შეკრებილ ხალხს უყვებოდა ამბებს. ერთხელ უთქვამს: „მოვა დრო, ამერიკაში ფეხბურთს რომ ითამაშებენ, ჩვენ აქედან დევინახავთო“. მთელი ჩოხატაური დასცინოდა თურმე – „ამდენმა კითხვამ ლუკაია გააბდლაო“.

1937 წელს, 65 წლის ასაკში გადაასახლეს, ბრალად სახელმწიფოს წინააღმდეგ აგიტაცია დასდეს. ლუკას ბედი ბევრმა ჩოხატაურელმა გაიზიარა. ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმ ადამიანების სპეციალური კუთხეა, რომლებიც რეპრესიებს შეეწირნენ.

ჩოხატაურელებს წარსული კარგად ახსოვთ, აწმყო არ მოსწონთ, მაგრამ მომავალში „უკეთესობა რომ იქნება“, მაგის იმედი ჯერ არ დაუკარგავთ. მთავარი იმედი და საგანძური ამ პატარა დაბისთვის კურორტი ბახმაროა. ზამთრობით მიუვალი, მაგრამ ზაფხულობით ერთადერთი ადგილი, სადაც წასვლა დიდიან-პატარიანად ყველას უხარია.

გაუკვალავთოვლიანი ეზოები

გურულებს სტუმარი კი უყვართ, მაგრამ როცა იგებდნენ, რატომ ვიყავი გურიაში ჩასული, სინანულნარევ შეკითხვას მაგებებდნენ – „კი, მაგრამ ზაფხულში რატომ არ ჩამოდი?“, და იქვე დასძენდნენ – „ზაფხულში გურია სულ სხვაა“. გურულები ხუმრობენ, „თოვლში გურია ძალიან ლამაზია, არ ჩანს არაფერიო“.

DSC_0549 DSC_0026

თოვლს სარკის ეფექტი აქვს გურული სიმარტოვის დასანახად. სოფლის შუკებს რომ აუყვები, გზის გაღმა-გადმოღმა ჩამწკრივებულ სახლებს გადახედავ, ადვილად მიხვდები, რომელ სახლშია ცხოვრება დაპაუზებული. ბევრი გურული ოდაა, სადაც დილაობით ბუხარში ცეცხლს აღარავინ ანთებს და აღარც ჭიშკრამდე მისასვლელ გზაზე თოვლს კვალავს ვინმე.

ზუსტი სტატისტიკის მოპოვება რთული აღმოჩნდა, მაგრამ თუ ჩოხატაურელებს დავეყრდნობი, სოფლებში ყოველი მესამე სახლი დაკეტილია. ზოგი სახლი ზაფხულობით იღება, ზოგი წლებია არ გაღებულა.

დაბას, ძირითადად, ახალგაზრდები ტოვებენ. სკოლას ამთავრებენ, განათლების მისაღებად ბათუმში, თბილისში ან ქუთაისში მიდიან და მერე აღარ ბრუნდებიან. მიზეზი ზოგადქართულია – სამუშაო ადგილების არარსებობა და განვითარების პერსპექტივის არქონა.

ჩოხატაურის ცენტრში კულტურის ცენტრის ახალაშენებული დიდი თეთრი შენობა დგას. ჩანაფიქრის მიხედვით, კულტურის ცენტრი უნდა გახდეს დაბის კულტურული ცხოვრების მამოძრავებელი. თუმცა ამ ეტაპზე ჩოხატაურელების ინფორმირებულობა მისი საქმიანობის შესახებ ზოგადი ფრაზით იწურება – „აგერ რაცხა შენობა აგვიშენეს, გარედან ლამაზია, შიგნით რა ხდება, არ ვიცით“. ამ „ლამაზ შენობაში“ სხვადასხვა ანსამბლსა და ჩოხატაურის სახალხო თეატრის დასს ნახავთ. თეატრის რვაკაციანი დასი ორი ვოდევილის – გიორგი ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდის“ და რაფიელ ერისთავის „იჭვიანის“ გაერთიანებულ ვერსიაზე მუშაობს. პრემიერა აპრილში აქვთ დაგეგმილი. ფიქრობენ, რომ ვოდევილები, მართალია, ძველია, მაგრამ ახლაც აქტუალური. ამავე შენობაში ერთი სართულით ზევით ანსამბლ „ნართს“ აქვს ბინა დადებული.

სახალხო თეატრის დასი

სახალხო თეატრის დასი

DSC_0040

88 წლის ვარდო თოდრია პირველი ქალი იყო ჩოხატაურში, რომელსაც მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი ჰქონდა. ახლა ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებულ თავისივე სახელობის ანსამბლ „ნართს“ ხელმძღვანელობს. იმ დილით, როცა ერთმანეთს შევხვდით, სამსახურში მისასვლელად ორი კილომეტრი ფეხით გამოიარა. „მანქანები კი მოდიოდა, მაგრამ არავინ გააჩერა, ალბათ ვერ მიცნესო“, -ჩაილაპარაკა ანსამბლისთვის გამოყოფილ სარეპეტიციო ოთახში შემოსვლისას. თუმცა ვარდოს ყველა იცნობს. ცხოვრების უმეტესი ნაწილი დაბაში გაატარა და როგორც ამბობს, „ჩოხატაურში კაბინეტი არაა, მისი ყოფილი მოსწავლე რომ არ მუშაობდეს“.

მინდოდა ანსამბლის რეპეტიციას დავსწრებოდი, მაგრამ 17 თებერვლის დილას „ნართს“ რეპეტიცია არ ჰქონია. „დათო მოკვდაო“ – ელვისებურად ჩამოუარა ოთახებს ამბავმა, ანსამბლის წევრებმა ინსტრუმენტები გვერდით გადადეს და გადაწყვიტეს ასე გამოეხატათ პატივისცემა გარდაცვლილისადმი. ჩაშლილ რეპეტიციას მოყოლილმა საუბარმა კი გურული ხასიათის თავისებურება დამანახა – ზოგიერთი საქმისადმი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ გამღერებს მაშინაც კი, როცა არ გემღერება.

„იცი, რაზე ვოცნებობ? მოვდიოდე აქ, ვაკეთებდე ამ საქმეს, რომელიც ასე მიყვარს და სხვა რამის კეთება არ მიწევდეს, სხვა რამეზე არ ვფიქრობდე“, – მითხრა ბაჩომ, ანსამბლის ლოტბარმა. ეს „სხვა რამე“ დამატებითი სამუშაოა, რადგან ანსამბლის წევრების ყოველთვიური ანაზღაურება 92 ლარია.

ვარდო თოდრია

ვარდო თოდრია

ჩეჩქობეთი

ჩოხატაურის ცენტრში, ორპირას ღელის პირას რამდენიმე შენობა დგას, მაგრამ ამათგან მხოლოდ ერთია ისეთი, რომელშიც თავმოყრილია რესტორანი, სასადილო, ლომბარდი, სტომატოლოგიური კლინიკა, კომპიუტერული მომსახურება, სტამბოლიდან ჩამოტანილი ნივთების მაღაზია და „ჩეჩქობეთი“. „ჩეჩქობეთი“ სინამდვილეში სამ დანგრეულ ოთახში განთავსებული კომპიუტერული თამაშების ცენტრია, სადაც ჩოხატაურელი თინეიჯერები იყრიან თავს. ცივი და ფანჯრებჩალეწილი შესასვლელიდან კომპიუტერული თამაშების ცენტრისკენ გზას ოთახებიდან გამომავალი ხმა გიკვალავს. რკინის კარზე აბრა არ არის. კარს მიღმა ბნელი დერეფანია, რომელსაც ერთ კუთხეში ჩამწკრივებული მოციმციმე კომპიუტერების ეკრანი და ერთდროულად მხრჩოლავი რამდენიმე სიგარეტის შუქი ანათებს.

DSC_0399

ჩეჩქობეთი

დერეფნის სიღრმეში მბჟუტავი ნათურისკენ მივდივარ. ასანთის კოლოფისხელა ოთახში ერთი კომპიუტერი და ერთიც დიდი მონიტორი დგას, რომლის წინ ჩამომჯდარი ორი თინეიჯერი ფეხბურთს თამაშობს. ერთს დიმიტრი ჰქვია, მეორეს – გიორგი. ის იყო ვთქვი ჩოხატაურზე მინდა რამე დავწერო-მეთქი, მაშინვე კითხვა მომიბრუნეს – „მერე, ჩეჩქობეთში რამ მოგიყვანაო“. კითხვას კითხვითვე ვუპასუხე – ჩეჩქობეთი რა არის-მეთქი. აღმოჩნდა, რომ იმ ასანთის კოლოფის მეპატრონეს „ჩეჩქოს“ ეძახიან, ისე, სინამდვილეში იოსები ჰქვია, ხანდახან სოსოც. გააჩნია „ჩეჩქობეთის“ მთავარი სპონსორი თინეიჯერები რა ხასიათზე გამოივლიან სკოლიდან.

კომპიუტერული თამაშების ცენტრში მყოფი თითქმის ყველა თინეიჯერი მე-12 კლასელი აღმოჩნდა. როგორც მითხრეს, „მასწავლებელთან წასვლამდე დარჩენილი დროის მოსაკლავად“ იყვნენ შემოსული სათამაშოდ.
„ჩეჩქია ჩვენი სულიერი მამაა“, – ხუმრობს დიმიტრი და თან ცდილობს თამაშს არ ჩამორჩეს. ჩოხატაურელი ბიჭების თავისუფალი დრო სწორედ „ჩეჩქობეთსა“ და ბიბლიოთეკას შორის ნაწილდება. ოღონდ ბიბლიოთეკაში, ძირითადად, გასათბობად შედიან, გოგოებისთვის თვალის შესავლებადაც, რადგან „ჩეჩქობეთში“ გოგოები არ დადიან. სხვა სივრცე, სადაც წასვლას შეძლებენ, ამბობენ, რომ არ აქვთ. „ჩეჩქობეთში“ ირჩევა ყველა ამბავი, რაც მათ ცხოვრებაში ხდება – ლაპარაკობენ მანქანებზე, ახალ თამაშებზე, გოგოებზე, ჩოხატაურიდან რომ წავლენ, მერე რას გააკეთებენ. რომ შეგეძლოთ რას შეცვლიდით ჩოხატაურში-მეთქი – ვკითხულობ და ასანთის კოლოფი მოზუზუნე სკას ემსგავსება.

„ჩეჩქიას დავუნიშნავდით დღიურ ხელფასს და აქ ყველაფერი იქნებოდა უფასო“ – ამბობს ერთი. „ჩეჩქობეთს შევუცვლიდით ინტერიერს,“ – ამბობს ვიღაც მეორე კუთხიდან. „გამწოვები არ დაგავიწყდეს, მერე სიგარეტის სუნი აღარ დადგება,“ – იძახის ღია კარში მდგომი სათვალიანი ბიჭი. „დანგრეული სკამების ნაცვლად რბილი სავარძლები იქნებოდა“, „კაი კომპიუტერებს დავდგამდით“, – ყველა ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს „ჩეჩქობეთის“ განახლების იდეაში.

„მე რომ შემეძლოს, ჩოხატაურში დიდ გასართობ ცენტრს გავაკეთებდი, ბოულინგიც იქნებოდა იქ, ბილიარდიც, ტენისიც, თამაშებიც. ყველა ივლიდა და გაერთობოდა,“ – მეუბნება გიორგი, რომელსაც ბოლო ლარიანით ნაყიდი თამაშის დრო დაუმთავრდა და სალაპარაკოდ მოიცალა.

სიცილ-ხარხარში მოსული „ჩეჩქობეთის“ განახლების იდეების მიღმა, თითქმის ყველას ნიჰილიზმი ეტყობა. ბიჭებს ჩოხატაურში არაფერი მოსწონთ, – მიიჩნევენ, რომ აქ ის ცხოვრება არაა, როგორიც თუნდაც ბათუმში, ქუთაისში ან თბილისშია.

„წიგნის მაღაზია არ გვაქვს, კინო არ გვაქვს, გასართობი ცენტრი არ გვაქვს, შაურმაც კი არ გვაქვს, ცხოვრება არ გვაქვს საერთოდ. დაბადების დღე ვისაც ზაფხულში აქვს, კი ვიხდით, ზამთარში ვითომ არ გვაქვს. ახალ წელს უნდა ჩამოსულიყავით, ნაძვის ხე გენახათ – იტირებდით“, – მეუბნება დიმიტრი შესაბრალისი ინტონაციით და მის ამ ნათქვამზე „ასანთის კოლოფს“ სიცილის ახალი ტალღა უვლის.
დამშვიდობებისას ბიჭებს სურათის გადაღების ნებართვას ვთხოვ. გადაიღე, მაგრამ ცუდი არაფერი მიაწეროო – მეუბნებიან და ერთ ამბავსაც მიყვებიან ბონუსად.

„ერთი ჟურნალისტი იყო აქ. ფოტოები გადაიღო და გაზეთში დაბეჭდა, სკოლის პერიოდში ბავშვები ბურას თამაშობენო. არადა, არ იყო სკოლა. დამთავრებული იყო გაკვეთილები. ერთი მამუკაა ჩვენი თანატოლი, მამამისს უთხრეს, შენი შვილიც თამაშობდა კარტსო. დაიბარა. ყველას გვეგონა ძაან უსაყვედურებდა. ველოდებოდით, რას ეტყოდა. მამამისთან რომ მივიდა, პირველი რა კითხა იცი?
– ქე მაინც მეიგეო? მერე გაუბრაზდა – ბიჭო, რომ დეინახე ჟურნალისტი შემოვიდა, რატომ არ დაანებე თამაშს თავიო. რაის დამენებებია, დავი მქონდა ნათქვამიო“.

თუ ბიჭები „ჩეჩქობეთს“ აფარებენ თავს, გოგოებისთვის ასეთი ადგილი ჩოხატაურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაა. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ უმრავლესობა ბიბლიოთეკაში მიდის, ზოგიერთი კითხულობს, ზოგიერთი მასწავლებელს ელოდება, ზოგიერთი ისვენებს, თბება. ბიბლიოთეკის ინტერიერი საბჭოთა დროინდელია, მოძველებული. „გუშინ კითხვის დღე გვქონდა. ვამბობდი, ახლა პუფები რომ გვქონდეს, დავსხამდი ბავშვებს, შინაურულად წავიკითხავდი-მეთქი. მინდა, ლამაზი საბავშვო განყოფილება გვქონდეს,“ – მეუბნება ბიბლიოთეკის თანამშრომელი.

ბიბლიოთეკა ერთადერთი ადგილია უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც, სადაც გაზეთების უფასოდ წაკითხვა შეუძლიათ.

„ყოფილა შემთხვევა, მოსულან, წიგნი ნდომებიათ, მაგრამ დრო არ ჰქონდათ გაჩერების. მე გავყოლილვარ და მომიყოლია რაც ვიცოდი, მერე დავბრუნებულვარ,“ – ამბობს ბიბლიოთეკის თანამშრომელი აკაკი და იცინის.

ბიბლიოთეკა ექვს საათზე იკეტება. მისი მკითხველების ოცნება კი ისაა, შვიდ-რვა საათზე ამთავრებდნენ მუშაობას. ასე მეტი დრო ექნებოდათ იქ გასატარებლად.

DSC_0410

არარსებული სივრცეები

გურულები არ წუწუნებენ. გაჭირვებაზეც, დალხინებაზეც, ქონება-არქონაზეც – უბრალოდ, ხუმრობენ. იუმორში გადააქვთ დარდი არსებულ ყოფაზე. ის, რის ნაკლებობასაც უცხო ადამიანი იქ პირველივე ჩასვლაზე გრძნობს, წასასვლელი ადგილების არარსებობაა. არ არის სივრცეები არც ბავშვებისთვის, არც ახალგაზრდებისთვის, არც შუახანს მიტანებულთათვის და არც მოხუცებისთვის. მარიტა ჩოხატაურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში მუშაობს. ის ერთ-ერთია იმ მცირე ჯგუფიდან, ვინც უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ რაიონში დაბრუნდა და სამუშაო იპოვა. მარიტას დასაბრუნებლად მიზეზი ჰქონდა – დაოჯახდა.
რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი ჩოხატაურში? – ვკითხე მარიტას.

„ყველაზე მეტს ბავშვებზე ვფიქრობო“, – მიპასუხა. „როცა ქობულეთში ან ბათუმში ჩაგვყავს ბავშვები, თვალებგაფართოებული უყურებენ საბავშვო ატრაქციონებს. არაფერია აქ, რითაც შეიძლება ბავშვი გაერთოს. თუნდაც ელემენტარული, ცურვაზე რომ ვატარო, ოზურგეთში უნდა წავიყვანო. ამის საშუალება კი ყოველთვის არ არის“.

ბავშვებზე დარდობს თამუნაც, რომელიც სასადილოში მუშაობს. დარდობს და ფიქრობს, უფრო დიდ ქალაქში რომ ეცხოვრა, უკეთესად იქნებოდა, ვიდრე დღესაა. „კი, ქალაქში უფრო მეტი ხარჯია, მაგრამ შემოსავალიც მეტიაო,“ – ამბობს.

„ერთი კერძო დაბადების დღის ცენტრი გაიხსნა, მაგრამ გაქვს კი საშუალება იქ ბავშვს დაბადების დღე გადაუხადო? ვერც სკვერში გაუშვებ ბავშვს, სკვერი არაა. გინდა გაასეირნო, მაგრამ სად უნდა წაიყვანო? ერთი სასრიალოა, კარგი, წაიყვან, მაგრამ რამდენჯერ უნდა ჩამოსრიალდეს ამ ერთ სასრიალოზე?“ – მეკითხება რიტორიკულად.

გართობისა და დასვენების რა გითხრათ, მაგრამ ყავის დალევა თუ მოგინდებათ, ამ საქმისთვის უალტერნატივო სივრცე ჩოხატაურში კაფე „ციცინათელაა“. უალტერნატივო იმიტომ, რომ სხვა კაფე დაბაში არ არის. არის კიდევ ერთი სასადილო „ნიკალა“, ადგილი, სადაც ქალები არ დადიან. „ნიკალაში“ შესულს პირველი, რაც თვალში მოგხვდება, კედელზე, თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი წარწერაა – „ნისია არ გაიცემა“. ერთი ცარიელი და მეორე ნახევრადცარიელი მაცივრის გვერდითაც იგივე განცხადებაა გამოკრული. ქეთი სასადილოს მენეჯერია. ვეკითხები, თუ რატომ არ დადიან ქალები სასადილოში. მეუბნება, რომ მიზეზი არ იცის, რომ „გოგო ბავშვები“ დადიან, მაგრამ ქალები არასდროს“.

„თავიდან მრეცხავად დავიწყე მუშაობა, მრცხვენოდა, ხალხი რას იტყოდა. მერე დავძლიე ეს სირცხვილი და მიმტანად გადავედი. ყველა ალაპარაკდა. არაფერს ვაშავებდი, აქაურ საზოგადოებას სირცხვილად მიაჩნია სასადილოში ქალის მუშაობა. ადრე ვნერვიულობდი, ახლა აღარ მაინტერესებს. ზუსტად ვიცი, ჩემს სამ შვილს სჭირდება, რომ ვიმუშაო“, – მეუბნება ქეთი. მსგავს დამოკიდებულებას გრძნობს თამუნაც, რომელიც ქეთისთან ერთად მუშაობს.

„ვუყურებ ამდენი წელია ამ დაბას და ვხედავ, არაფერი იცვლება. მეც ვცდილობ წავიდე, ისე, როგორც ბევრი წავიდა,“ – მეუბნება.

ახლა ჩოხატაურელებს დაბის განვითარების მთავარ იმედად ტურიზმი ესახებათ. დაბას თავზე გურიის ქართლის დედად წოდებული ქანდაკება გადმოჰყურებს. 27 წლის წინ იქ დასასვენებელი პარკი იყო. დაბის მცხოვრებლები ადიოდნენ. ახლა ძველი ინფრასტრუქტურიდან აღარაფერია დარჩენილი. მოვლა სჭირდება სოფელ გორაბერეჟოულში მდებარე ერისთავების სასახლეს და დენდროლოგიურ პარკსაც. მხოლოდ ზაფხულობით ცოცხლდება კიდევ ერთი ტურისტული ადგილი – გურიის ტბა, რომელსაც გურულები ხუმრობით „გურიის სენტროპეს“ ეძახიან. აქამდე ზაფხულში დასასვენებელი ადგილი იყო კურორტი ბახმაროც, მაგრამ წელს, 60-კაციანი დელეგაციით ჩამოსულმა შვეიცარიელმა ბიზნესმენმა ინგუ შლუტიერმა ბახმაროს ახალი პერსპექტივა გაუჩინა. ჩოხატაურში იმედი აქვთ, რომ ბახმარო ზამთრის კურორტადაც შეიძლება იქცეს.

DSC_0645

DSC_0306

დაბაში სასტუმრო არ არის. მოსახლეობა ბინებს დღიურად, კერძოდ აქირავებს. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი „სკიჯის სახლია“ სოფელ ხიდისთავში.

ბაზრობა

ყოველ ცისმარე კვირა დილას ჩოხატაური ზუსტად ისე იღვიძებს, როგორც სხვა დანარჩენ დღეებში, მაგრამ კვირა მაინც განსაკუთრებულია. ამ დღეს გურიის სოფლებიდან დაბის ცენტრის უძველესი ბაზრისკენ გლეხები დაიძვრებიან. ჩაყრიან ჩანთებში ყველს, ლობიოს, სიმინდს, გოჭს; ქათამსა და ინდაურს ფეხს შეუკრავენ, მჭადის ფქვილი, ნიგოზი და ჩირიც არ დაავიწყდებათ, გაშლიან დახლებზე სოფლის ნობათს და ელოდებიან მყიდველს. მყიდველზე მეტი მაინც უფრო გამყიდველია. მყიდველები, ძირითადად, ბათუმიდან ჩამოსული ვაჭრები არიან, რომლებიც ცდილობენ ნატურალური პროდუქტი შედარებით იაფად იყიდონ და მერე ბათუმში ცოტა უფრო ძვირად გაყიდონ.

„ბიჭიკო, აი რაია, ქათამია?“ – კითხულობს შუახნის ქალი და კარგა მოზრდილ დედალს ხელში ატრიალებს. იქვე მოხუც ქალს „შვილივით ნაზარდი“ ინდაური გულში ჩაუხუტებია და მყიდველს ელის. გვერდით, ახალგაზრდა ქალს პატარა, გამხდარი გოჭისთვის ფეხზე თოკი ჩაუბამს. კილოს 11 ლარად აფასებს, თუმცა ვაჭარს 10 ლარად უნდა იყიდოს. ვაჭრობენ, ვაჭრობენ, ვერ რიგდებიან. ქალი ახალ მყიდველს ეძებს, გოჭი კი ატალახებულ, ამოყრილ ასფალტზე – საკვებს. იქვე ვიღაცას ძველ, წითელ მანქანაზე თხა მიუბამს. თხაც და პატრონიც, სხვების მსგავსად, მყიდველს ელიან, რომელიც არა და არ ჩანს.

ჩოხატაურის სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირეც ყველაზე კარგად ბაზარში იგრძნობა. გია წლებია ბაზარში ხორცს ყიდის. ახლა ფიქრობს, რომ „რაიონის ცხოვრებაში წინსვლა არაა“. მას დაბის სოციალური ფონის შესაფასებლად თავისი საზომი აქვს: „გასულ წელს კვირაობით ორ ღორს თუ ვყიდდი, ახლა ვყიდი ერთსო“, – ამბობს.

ვკითხულობ, როგორი სოციალური მდგომარეობაა ჩოხატაურში და გურულ პასუხს ვიღებ: „თხილს თუ ფასი დოურჩა, ძვირფასი. 12 ლარი რომ ღირდა, მაშინ კარგად ვიყავით, მაგრამ აი, შარშან, ვერ იყო კარგად საქმე“.

DSC_0089

შიდასასოფლო ტრანსპორტი ჩოხატაურში არცთუ ისე რეგულარულად მოძრაობს. როცა ვიკითხე სოფლებში წასვლა მინდა და „მარშრუტკები“ საიდან გადის-მეთქი, არ მოძრაობსო – მითხრეს. მერე სხვაგვარად ვიკითხე – სოფლებში მარშრუტკები რატომ არ მოძრაობს-მეთქი. „უჰ, რას ამბობო, ყველა სოფელში დადის მარშრუტკაო“. მოკლედ, ისეთი ამბავია, ხან მოძრაობს და ხან – არა. ერთადერთი, რაზეც ზუსტი პასუხი მივიღე და საკუთარი თვალითაც ვნახე, კვირაობით ჩოხატაურის ყველა სოფლიდან ჩამოდის მიკროავტობუსი, მგზავრებს ელოდება, როდის გაყიდიან წამოღებულ პროდუქტს და მერე ისევ სოფელში ბრუნდება. კვირას შიდასასოფლო ტრანსპორტი ნამდვილად მოძრაობს.

ჩოხატაურელებს ცოტა გული წყდებათ, არავინ ყურადღებას ჩვენ არ გვაქცევს, ამინდის პროგნოზშიც კი არ გვაცხადებენო. ჩოხატაურში მომავალი დღის ამინდის პროგნოზი რომ გაიგონ, ქუთაისისა და ბათუმის ტემპერატურას ასაშუალებენ. ქუთაისის ტემპერატურას ამატებენ, ბათუმისას – აკლებენ. „თუ ბათუმში +5 გრადუსია, ვვარაუდობთ, რომ ჩოხატაურში +3 მაინც იქნება. ორი-სამი გრადუსით ვაკლებთო“.

ნაღდი გურულები

ხუთი დღის მანძილზე, რომელიც ჩოხატაურში გავატარე, ყველაზე ხშირად მესმოდა ფრაზა: „ჩვენ, ჩოხატაურელები ნაღდი, წმინდა სისხლის გურულები ვართ“. როცა ჩავეკითხებოდი „ნაღდ გურულობაში“ რას გულისხმობთ-მეთქი, ყველა სხვადასხვაგვარად მპასუხობდა. ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა:

„ერთი რამდენი ოზურგეთელი ან ლანჩხუთელი წევს მთაწმინდაზე, მითხარი? სამაგიეროდ, ორი ჩოხატაურელია დაკრძალულიო“. ნოდარ დუმბაძესა და ანა კალანდაძეს გულისხმობდნენ.

DSC_0536

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ მარტის ნომერში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: