ბათუმელი მათემატიკის მასწავლებელი ნებრასკას უნივერსიტეტში

27 წლის ბათუმელი მათემატიკის მეთოდისტი, იმედა იაკოვენკო გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკას შტატის ქალაქ ლინკოლნში ორი წლით გაემგზავრა, სადაც ნებრასკას განათლების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – სწავლა, სწავლება და მასწავლებლის განათლება – ორი წლის განმავლობაში ისწავლის. მას პირველი წლის სოლიდური გადასახადი და საცხოვრებელი ხარჯები სრულად დაფინანსებული აქვს, თუ მისი აკადემიური მოსწრება წლის ბოლოს 81%-ზე ნაკლები არ იქნება, იმედას სწავლა შემდეგ წელსაც სრულად დაუფინანსდება.

იმედას მრავალფეროვანი რეზიუმე აქვს – იცის სამი უცხო ენა, უკრავს ფორტეპიანოზე, ფლობს ფილოსოფიის ბაკალავრისა და მათემატიკის მასწავლებლის მაგისტრის ხარისხებს, არის სერტიფიცირებული მათემატიკის მასწავლებელი და აქვს სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება, ბოლო ერთი წელია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მეთოდისტად მუშაობს და კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ გააგრძელებს მუშაობას უნივერსიტეტში. როგორც თავად ამბობს, არც სკოლიდან წამოსულა საბოლოოდ: „დროებით გათავისუფლების შესახებ დავწერე განცხადება და ვფიქრობ, რომ რაღაც ფორმით აუცილებლად დავუბრუნდები სკოლას. თუნდაც ერთ კლასს ავიყვან, ან მასწავლებლებს შევთავაზებ რაიმე ტრენინგებს სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებით“.

იმედა ამბობს, რომ „ჩვეულებრივი, საშუალოდ ნიჭიერი ბავშვი“ იყო. მამა ადრე გარდაეცვალა და ფილოლოგმა დედამ გაზარდა. მიიჩნევს, რომ ყველა პოზიტიური გავლენა დედისგან მიიღო: „დედას მასწავლებლად არასდროს უმუშავია, მაგრამ ჩანაწერებს აკეთებდა და მაკითხებდა ხოლმე. ახლაც ასეა. წერის თავისებურმა – შეჯერებულმა აკადემიურმა და თავისუფალმა სტილმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე“.

ბოლო სასწავლო წელი სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც იმედა აღნიშნავს, მუსიკალურ ტექნიკუმში ჩაბარების გამო ქალაქის სკოლაში სიარულს ვეღარ უთავსებდა, თავადაც ფერიაში ცხოვრობდა და ეს არჩევანი გააკეთა. სწავლის დასრულების შემდეგ სწორედ ამ სკოლაში დაბრუნდა მასწავლებლის სტატუსით 21 წლის ასაკში, თუმცა მანამდე ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფილოსოფიაში. ამბობს, რომ ფილოსოფია მისი ახალგაზრდული გატაცება იყო: „16-17 წლის ასაკში უფრო სიღრმისეული რაღაცები გიტაცებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიაზე, როგორც პროფესიაზე, აღარ მიფიქრია, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ბაკალავრიატში ეს არჩევანი გავაკეთე, რადგან ფილოსოფიამ მომცა ისეთი ინტელექტუალური ბაზა, რაზეც შემდეგ გამიმარტივდა სხვა ცოდნის დაშენება“.

ფილოსოფიის პარალელურად სწავლობდა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, ფორტეპიანოს მიმართულებით. ფილოსოფიაში განსაკუთრებით ლოგიკა და ონტოლოგია აინტერესებდა, ამიტომაც დამატებითი შემოსავლის წყაროდ ბაკალავრიატის სტუდენტს აბიტურიენტების ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში მომზადება გამოადგა. როგორც იმედა იხსენებს, სწორედ ამ საქმიანობამ მიახვედრა, რომ განსაკუთრებით მოსწონდა ადამიანებისთვის ინფორმაციის გაზიარება, ახსნა და მათთან ერთად ძიება. ასე დაუკავშირა ერთმანეთს ბავშვობის საყვარელი საგანი – მათემატიკა და სწავლა-სწავლების სურვილი: „საჭირო და საყვარელი საქმე ერთდროულად გამომივიდა – მათემატიკის მასწავლებელი გავხდი“.

იმედა ფერიის საჯარო სკოლაში V-XII კლასებს ასწავლიდა მათემატიკას. ამბობს, რომ თითოეულ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობას თავისი ხიბლი აქვს – პატარებისთვის საგნის მასწავლებლის გარდა ღირებულებების, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პროცესში ერთგვარი გიდიც იყო, რაც მისთვის დამატებითი პასუხისმგებლობა და დადებითი აზარტი, მუხტი იყო მუშაობის პროცესში. შედარებით უფროსებთან კი ასაკობრივი სხვაობა იმდენად მცირე იყო, რომ მათთან უფრო მეგობრული მიდგომა ჰქონდა და მოსწავლეებიც მეტი ინიციატივით გამოირჩეოდნენ.

21 წლის მასწავლებელმა სკოლაში, მათემატიკის გაკვეთილების გარდა, სიახლეებიც შეიტანა. სასკოლო ცხოვრებაში არასამუშაო საათებში იყო ჩართული და მოსწავლეებთან ერთად ცდილობდა მის გამრავალფეროვნებას. მოსწავლეებმა იმედას ხელმძღვანელობით ორი სასკოლო კლუბი შექმნეს და ორჯერ გაიმარჯვეს აჭარის განათლების სამინისტროს სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამაში. პირველი „ხელოვანთა კლუბი“ იყო, სადაც ხელოვნების სხვადასხვა დარგებსა და მიმართულებას ეცნობოდნენ, ქმნიდნენ ნამუშევრებს და აწყობდნენ გამოფენებს. მეორე კლუბს „სოციოპანორამა“ დაარქვეს და მოსწავლეები მის ფარგლებში სოციალურ თემატიკაზე მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებდნენ: „აქ მოსწავლეები იყვნენ მსახიობებიც, რეჟისორებიც, სცენარისტებიც, ოპერატორებიცა და მემონტაჟეებიც. ვიდეოები დღემდე შეგიძლიათ ნახოთ სოციალურ ქსელებში. ძალიან საინტერესო იყო მათთან მუშაობა, ამან ბევრად მეტი მომცა, ვიდრე გავეცი“, – ამბობს იმედა იაკოვენკო.

ორი წლის წინ იმედა იაკოვენკომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვევა მიიღო და უნივერსიტეტში მათემატიკის მეთოდისტად დაიწყო მუშაობა. ამ დროს მიხვდა, რომ უნდოდა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონოდა, მეტი უნარები და ცოდნა, ახალი გამოცდილებები, რათა მომავალი მასწავლებლებისთვის უკეთ შესძლებოდა სწავლების თანამედროვე მეთოდების გაზიარება, ამიტომ უცხოური პროგრამების მოძიება დაიწყო. მისთვის საუკეთესოდ ნებრასკას განათლების უნივერსიტეტი მიიჩნია და გამოცდებიც ჩააბარა. ჩაბარების შემდეგ, უკვე დაფინანსების პრობლემები იყო მოსაგვარებელი. როგორც თავად ამბობს, საერთაშორისო განათლების ცენტრი დაეხმარა, სხვადასხვა წყარო გამოინახა, რამდენიმე კონკურსში მიიღო მონაწილეობა და სწავლისა და ცხოვრების ხარჯების დაფინანსება მოიპოვა.

ახლა 27 წლის მათემატიკის მასწავლებელს დიდი გეგმები აქვს. უნდა, რომ ჩამოსვლის შემდეგ თავისი ცოდნა რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოს. მიიჩნევს, რომ ქართული განათლების სისტემა გარდამტეხ მომენტშია სასკოლო სწავლების მეთოდიკის თვალსაზრისით და აუცილებელია კარგად მოხდეს თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდის დანერგვა, რადგან მასწავლებლების საქმიანობაში ყველაზე დიდ გავლენას ეფექტურობაზე სწორედ სწავლების მეთოდი ახდენს.

„იმ სტუდენტებს, რომლებიც მასწავლებლობისთვის ემზადებიან და მალე საკლასო ოთახებში შევლენ, მინდა რაც შეიძლება მეტი სიახლე გადავცე. სკოლაშიც აუცილებლად მინდა დაბრუნება რაიმე ფორმით, თუმცა ჯერ ამაზე ჩამოყალიბებული არ ვარ. მთავარია, რომ ჩვენ, ახალგაზრდა მასწავლებლებმა, კარგად გავიაზროთ მოსწავლეებთან მიდგომის, ურთიერთობის მეთოდები და მუდმივ ძიებაში ვიყოთ სწავლების პროცესში, რადგან თუ ორმხრივი კომუნიკაცია არ შედგა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ვერც ერთი დისციპლინა ვერ განვითარდება და სწავლის ხარისხზე გამოცდების შედეგების შემდეგ მსჯელობის გარდა ვერაფერს მოვახერხებთ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან