კვირის ამბები

მოჩქარეს მოუგვიანდა, ანუ ბათუმის მერი პოსტს ინარჩუნებს

17.04.2013 • 1510
მოჩქარეს მოუგვიანდა, ანუ ბათუმის მერი პოსტს ინარჩუნებს

 

 

ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი

 

ამის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მერს მარტის ბოლოს დაგეგმილ სხდომაზე გადააყენებდა. ამ თარიღმაც ცვლილების გარეშე ჩაიარა. „ქართული ოცნები“ რჩეულ მერობის კანდიდატს ზურაბ პატარაიას, საკრებულოში და თვით „ოცნებაში“ მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. 
არაოფიციალური საუბრის დროს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მერიაში დაგეგმილი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის მითითებით შეჩერდა.

 

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი: „ბიძინა ივანიშვილის მითითება არ ყოფილა, არც ზეპირი და არც წერილობითი. მე მაქვს სრული კარტ-ბლანში საკრებულოში და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს“.

 

საკრებულოს თავმჯდომარე ამჯერად ქართულ ანდაზას იხსენებს და ამბობს, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის: „ხომ გაგიგიათ, მოჩქარეს მოუგვიანდესო. ასე, რომ სანამ ნაყოფი არ მომწიფდება, იქამდე მოვიცდით“. კითხვაზე, რა უშლის ხელს „ნაყოფის მომწიფებას“, საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს: „მიზეზი უამრავია, იქედან გამომდინარე, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ, ჩვენ კი გამწვავება არ გვინდა. იქნება გეგმაზომიერი და ხავერდოვანი გადასვლა. აქეთკენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ“.

 

ირაკლი ჩავლეიშვილი აღიარებს, რომ ჯემალ ანანიძის გადაყენების საკითხში საკრებულოს მხარდაჭერის იმედი ამ ეტაპზე არ აქვს: „ვაპირებდით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯუმბერ კახიძის გადაყენებასაც, მაგრამ საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. საკრებულოს წევრები არ აღმოჩნდნენ მზად. ფარული კენჭისყრაც შევთავაზე, მაგრამ არც ამაზე აღმოჩდნენ მზად“.

 

ირაკლი ჩავლეიშვილი აღიარებს, რომ წინასწარ დაანონსებულმა მერის ცვლილებამ მერიის სამსახურებში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია. „გამართულად ვეღარ მუშაობენ მერიის სამსახურები“.

 

 

 

თუ რატომ შეწყდა ჯემალ ანანიძის გადადგომაზე საუბარი, ამასთან დაკავშირებით საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მანანა ილურიძეს თავისი არგუმენტები აქვს: „უნდოდათ, მაგრამ მიზეზი ვერ უნახეს. თანაც ეშინიათ, ჯემალ ანანიძე საქმეში უფრო გარკვეულია, ახალი კი თავს ვერ გაართმევს სწრაფად. გარკვეულ სამსახურებში უკვე გაჩნდა პრობლემები, წინ წასვლის ნაცვლად უკან მიდიან“.

 

მანანა ილურიძე ამბობს, რომ ჯემალ ანანიძის გადადგომას არც ყოფილი „ნაციონალები“ დაუჭერენ მხარს, „მიუხედავად იმისა, რომ პარტია დატოვეს“. ერთ-ერთი ასეთი წევრი ალექსანდრე ჩხარტიშვილია, რომელიც ამბობს, რომ მოქმედ მერთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

 

ბათუმის მერის გადაყენების ფორმას არადემოკრატიულად მიიჩნევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გასულ თვეში ამ თემაზე „პრესკაფეში“ დისკუსიაც გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები ქალაქის მერის კონკურსის წესით არჩევაზე მსჯელობდნენ, როცა მერობის არა ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატი შეიძლება განხილულიყო.

 

მაშინ ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საკონკურსო კომისიის შექმნას ვერ დაელოდებოდა და საჭირო იყო სასწრაფო ცვლილებები, თუმცა თვენახევრის შემდეგაც „სასწრაფო ცვლილებები“ აგვიანებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: