შემოდგომა ხევსურეთში

არ ვიცი, თქვენ რა ასოციაცია გიჩნდებათ, როდესაც სიტყვა „ხევსურეთს“ გაიგონებთ, მაგრამ მე იმწამსვე ჟანგისფერი ფიქალი ქვით ნაგები შატილის კონტურები წარმომიდგება, მერე ზურგჩანთის ჩალაგება და ხევსურეთისკენ წასვლა მინდება. როცა ბარში შემოდგომა იწყება, მთაში უკვე გვიანი შემოდგომის ფერებია, დათვიჯვარზე კი – თოვლი და ძვლების გამყინავი სიცივე.

ხევსურული პეიზაჟი. ფოტო: „ბათუმელები”/მანანა ქველიაშვილი

შატილში ჩვეულებრივი სამგზავრო „მარშრუტკით“ წავედი. ოქტომბერი იწყებოდა და მძღოლი ეჭვობდა, ვაითუ დათვიჯვრის უღელტეხილზე თოვლი იყოს და გადასვლა გაძნელდესო. „შარშან, 23 სექტემბერს ჩავრჩი შატილში, ადრე დაზამთრდაო“, – ამბობდა. თოვლი იყო, მაგრამ არა სავალ გზაზე, მხოლოდ მთებზე და გადაადგილებას ხელს არ უშლიდა. `მარშრუტკა“ სავსე იყო ფქვილის ტომრებითა და მაკარონის პოლიეთილენის პარკებით, მგზავრი კი, ჩემი ჩათვლით, სულ ექვსნი ვიყავით.

ჩემი ხევსურეთი ჩინთიდან იწყება. ჩინთი სოფელია არაგვისპირას, თბილისიდან მიმავალი ჟინვალს რომ გასცდები და გზაგამყოფს მიადგები, ყაზბეგისკენ მიმავალ ავტომაგისტრალს ზურგს უკან რომ მოიტოვებ და ფშავ-ხევსურეთისკენ მიმავალს დაადგები. აი, მაგ გზაზე პირველი სოფელია ჩინთი. სოფლის დასაწყისში გაჩერება და პატარა, ლურჯად შეღებილ მაღაზიაში „ჩინთის პურის“ ყიდვა ხევსურეთისკენ გზაზე პირველი, აუცილებელი რიტუალია. დათვისჯვრამდე უჩვეულო სიჩუმე იდგა „მარშრუტკაში“, აი, უღელტეხილს რომ გადავცდით, წინა სკამზე მჯდარ ხევსურს ლაპარაკის საღერღელი აეშალა.

ბევრი წლის წინ, დეკემბერში, კბილებაკაწკაწებულ მერვეკლასელს ფეხით მაქვს ეს გზა გავლილიო, გვითხრა.

„მერვეკლასში ვიყავი, იანვრის არდადეგები რომ დაიწყო, მეგობართან ერთად დილაადრიან ბარისახოს სკოლა-ინტერნატიდან გამოვიპარეთ. იმას ტყავის ჩექმა ეცვა, მე – კედები. თოვლში სასიარულოდ კედები უკეთესი აღმოჩნდა. უბეში გვქონდა ინტერნატიდან წამოღებული პური და როცა მოგვშივდებოდა, ვჭამდით. მოვდიოდით, გზას ბოლო არ უჩანდა, ახალგაზრდა რომ ხარ და დაუფიქრებელი, მარტო მაშინ შეიძლება გაბედო შუა ზამთარში დათვიჯვრის ფეხით გადმოვლა. გვიანი საღამო იყო, შატილში რომ ამოვედით. გაყინულები, ძალაგამოცლილები. ბარისახოს მაშინვე რადიოთი გადასცეს – ცოცხლები არიან და სოფელში მოვიდნენო. იმ ღამეს შატილში დავრჩი, მეორე დღეს კი ჩემს სოფელში წავედი“.

ხევსურს ირაკლი შეთეკაური ერქვა და იმერხეველი, სოფელ ხონისჭალის მკვიდრი იყო. დუშეთიდან შატილში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა სტიქიით დაზარალებულთათვის. წელს, ივლისში ხევსურეთი სერიოზულად დააზარალა სტიქიამ, წყალმა წაიღო ხიდები და ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე დღით დატოვა ეს მხარე გზის გარეშე.

გეოგრაფიით თავს არ შეგაწყენთ, რადგან ვიცი, რომ იცით, ხევსურეთს ორ ნაწილად დათვიჯვრის უღელტეხილი რომ ჰყოფს და არაგვის ხეობის ხევსურეთს, ანუ პირაქეთას აკავშირებს არღუნის ხეობის ხევსურეთთან – პირიქითასთან.

პირიქითასგან განსხვავებით, პირაქეთა ხევსურეთი იშვიათად რომ მოწყდეს გარესამყაროს. ზამთრობით, თუ სადმე ზვავი ჩამოვა, გზა ორ-სამ დღეში იწმინდებაო – ხევსურებმა.

ბარისახო. ფოტო: “ბათუმელები”/მანანა ქველიაშვილი

სად რა ვნახოთ

მე კი ვფიქრობ, რომ პირიქითაც და პირაქეთა ხევსურეთიც ყოველგვარ მიზეზს გარეშე უნდა ნახოთ, მაგრამ თუ ვინმეს მაინც ეჭვი გეპარებათ, ან არ ხართ დარწმუნებული, შევეცდები ქრონოლოგიურად მივყვე.

ბარისახო უნდა ნახოთ – დიდი ვერაფერი სანახავია, მაგრამ მაინც, მერე კორშა, ულამაზესი პატარა ხევსურული სოფელი, ზედ ცენტრალურ გზაზე მდგარ სოფლის მაღაზიაში უგემრიელესი ყავა უნდა დალიოთ. მერე გუდანი უნდა ნახოთ, როშკა და აბუდელაურის ტბებიც არ უნდა გამოტოვოთ. დათვიჯვრის უღელტეხილზე მანქანა უნდა გააჩეროთ და მანამდე უყუროთ სუნთქვის შემკვრელ ხედებს, სანამ არ მოგბეზრდებათ. დათვიჯვრიდან როცა პირიქითა ხევსურეთის გზას დაადგებით, პირველი ლებაისკარი შეგხვდებათ. ოდესღაც ადამიანები რომ ცხოვრობდნენ და ახლა ნასახლარია. ლებაისკარის კოშკი კი დგას ურყევად და მნახველს ელოდება, გაოცებისგან პირი რომ დააღებინოს. ლებაისკარის შემდეგ მალე კისტანი გამოჩნდება. სოფლის გზაზე მარჯვნივ მდგარმა ცარიელმა ჯიხურმა წარწერით – „თაფლი და ნატურალური პროდუქტები“ არ დაგაბნიოთ, მარცხნივ გაიხედეთ და ლურჯ ბრეზენტიან ქოხებს დაინახავთ, საჭირო პროდუქტებს იქ იპოვით. კისტანს თავზე ძველი ციხეები ადგას. მიატოვეთ ცოტახანს თქვენი მანქანა და აირბინეთ გორაზე, ნახეთ ციხე-კოშკები და მერე გზა განაგრძეთ. შატილამდე კიდევ ხალხისგან დაცლილი ორი სოფელია – გურო და გიორგიწმინდა. შატილში იმდენხანს უნდა დარჩეთ, რამდენიც დრო გექნებათ და სანამ იქ ყოფნა არ მოგბეზრდებათ. მერე მუცოსკენ მიმავალ გზას უნდა დაადგეთ და ანატორისთან შეისვენოთ.

ლებაისკარი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები”

ანატორი მკვდრების სოფელია და ზუსტად იქაა, სადაც მდინარე არღუნი და მუცოსწყალი ერთვის ერთმანეთს. ყველა ცნობაში, რომელიც ანატორის შესახებ იძებნება, წაიკითხავთ, რომ ორი საუკუნის წინ სოფელში რაღაც დაავადება გაჩენილა, რის გამოც ადამიანები იხოცებოდნენ. იმის გამო, რომ ავადმყოფობა ხეობაში არ გავრცელებულიყო, ანატორელი სპეციალურ აკლდამაში მიდიოდა და იქ ელოდებოდა სიკვდილს.

„სხედან სიკვდილშეყრილი ქალები, ქსოვენ და ჩუმად ბუტბუტებენ,“ – დაწერა რამდენიმე წლის წინ ხევსურმა პოეტმა გიორგი არაბულმა და ასე თითქოს უფრო მძაფრად შესაგრძნობი გახადა ხევსურთა ტრაგედია. უყურებ სამყაროს ანატორის აკლდამების ფანჯრებიდან და შენც იჯერებ, რომ მართლაც – „ამ წვრილ სარკმელში, ღმერთიც ვეღარ შემოეტევა“.

ხეობა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები”

ანატორიდან გამოყოლილ სევდას ალბათ ისევ ხევსურეთის გზა თუ გაფანტავს და მერე მუცოს პეიზაჟი.

საერთოდაც, ფშავ-ხევსურეთის გზა სავსეა სამახსოვრო ქვა-ეპიტაფიებით, უმეტესად ასეთ ადგილებთან მთის წყაროა. სავალი გზის მარჯვნივ თუ მარცხნივ გაბნეულ ეპიტაფიებზე გზაზე დაღუპული ყველა ხევსურის სახელსა და გვარს ამოიკითხავთ. არავინ მკითხავს, მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ, ხევსურულ საფლავებს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიტანდი. ფიქალი ქვით ნაგები საფლავებით სავსე სასაფლაო ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და მისტიური ადგილია იმ ადგილებს შორის, რაც კი აქამდე მინახავს. შატილის სასაფლაო ნაქსოვი მავთულითაა შემოსაზღვრული და აწერია, რომ შესვლა აკრძალულია. ძველ საფლავებზე ხევსურებს მცირე ზომის კოშკები აუგიათ, ახალ საფლავებს კი, მხოლოდ ქვის ჯებირები აკრავს. თითოეულ საფლავს თავისი თეთრი ქვები აქვს შემოწყობილი. იქვე მდგარ პატარა გორაზე, ხატია. იქ ასვლა აკრძალულია.

ხევსურთა სასაფლაო შატილში. ფოტო: „ბათუმელები”/მანანა ქველიაშვილი

ის, რაც ხევსურეთმა კარგად და მკაცრად შემოინახა – ხატის რწმენა და პატივისცემაა. ხატის გვერდით შატილში ხარების სახელობის ეკლესია დგას. წარმართობისა და ქრისტიანობის სიმბიოზის არქიტექტურული გადაწყვეტა თუ გსურთ იხილოთ, აუცილებლად უნდა ახვიდეთ შატილში.

დაახლოებით ერთ ჰექტარზე აგებული შატილის ციხე-ქალაქი ისეა დაპროექტებული, ერთი სახლიდან მეორე სახლში შეგიძლია გადასვლა, ბანიდან ბანზე. მდინარე არღუნის პირიდან სოფლის თავამდე ისე ავიდოდა კაცი, ვერავინ თვალს ვერ მოკრავდაო. ახლა შატილში ერთი კოშკი დანგრეულია – სიძველისგან. როგორც ჩანს, ბუნებას ტურისტებიც მიეხმარნენ – დანგრეული კოშკი ნაგვითაა სავსე.

განსხვავებით წინა წლებისგან, შატილში ნელ-ნელა ტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება. დაახლოებით ათამდე საოჯახო სასტუმროა. მდინარე არღუნის მარცხენა მხარეს ერთ გიორგიწმინდელ კაცს ვაგონი შეუდგამს, სადაც ყოველდღე ცხვება პური. ციხე-ქალაქის თავზე სოფლის სასაფლაო, ეკლესია, სკოლა და სამედიცინო პუნქტია. შატილის სკოლაში სულ რვა ბავშვი სწავლობს.

კომუნისტებამდე, საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე, ხევსურეთში თემური წყობილება იყო. რუსეთი ხევსურეთს უყურებდა როგორც „ველურ კოლონიას“, რომელიც ვერა და ვერ მოათვინიერა.

ხევსურეთის მემატიანე, სერგი მაკალათია წერს, რომ მეფის რუსეთს, რომელმაც ვერ დაიმორჩილა ამ მხარის მკვიდრნი, ხევსურები მარტო მაშინ ახსენდებოდა, როცა დედაქალაქში დიდი მთავრები ან ახალი მეფისნაცვლები ჩამოდიოდნენ. აბჯარასხმული, ცხენებზე ამხედრებული ხევსურები საგანგებო აღლუმებს ამშვენებდნენ, როგორც „უცხო სანახაობა“ სტუმართათვის. რუსული კვალი ყველაზე მძიმედ და ცუდად შატილს ატყვია. მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთის მეფის არმიამ შატილი გადაწვა.

შატილიდან იმავე „მარშრუტკით“ დავბრუნდი, რომლითაც ავედი. სოფელ კისტანში ქალი დაგვხვდა. წინა დღით დუშეთიდან გამოტანებული ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი – ფქვილი და მაკარონი კისტანში დატოვეს. „ჩვენ მთავრობას გადაეცი მადლობა, რომ დახმარების სახით ჭიანი ფქვილი გამოგვიგზავნაო. წაიღეთ ეს ფქვილი, საიდანაც მოიტანეთო“, – ბრაზობდა. მძღოლმა, მე რა შუაში ვარო.

შატილი. ხეობა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები”

სად გავათიოთ ღამე

ხევსურეთში სამოგზაუროდ ზაფხული საუკეთესო დროა. თუმცა, თუ ფერადი ხევსურეთის ნახვა გსურთ, მაშინ აუცილებლად შემოდგომას უნდა დაელოდოთ. გირჩევთ წახვიდეთ კარვით და წაიღოთ საკვები. მეგობრებისგან გაფრთხილებული ვიყავი, ყველა აუცილებელი ნივთი და მათ შორის, საკვებიც წამეღო წასვლისას. შატილში, მდინარე არღუნის პირას, ერთადერთი მაღაზიაა, სადაც ზაფხულობით ლუდი, სიგარეტი და ტკბილეული იყიდება. თუ სასტუმროს მხოლოდ ღამისთევით აიღებთ ან კარვით ახვალთ შატილში და თან საკვებს არ წაიღებთ, დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ დასანაყრებლად. რომელიმე საოჯახო სასტუმროს უნდა მიაკითხოთ და საკვები იყიდოთ.

შატილიდან წამოსული კორშაში დავრჩი. შეიძლება მუზეუმების დიდი მოყვარული არ იყოთ, მაგრამ კორშას ეთნოგრაფიული მუზეუმი მართლა აუცილებლად უნდა ნახოთ. მთელი ხევსურეთის ისტორიას იტევს, ყველა ნივთი ძველია და მთელს მხარეშია შეგროვილი.

ხევსური ქალი კორშადან. შატილი. ხეობა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები”

არანაირი სტატუსი არ აქვს ბარისახოს წითელ ავტობუსს, არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არც სამუზეუმო ექსპონატი, უბრალოდ, წითელი ავტობუსია და პირაქეთა ხევსურეთთან ასოცირდება. ყოველ ცისმარე დღეს, ბარისახოდან გამოდის და თბილისისკენ მიემართება. მარტო კვირაობით ავტობუსი მიმართულებას იცვლის და ხევსურთა მუნიციპალურ ცენტრში, დუშეთში მიდის. ამ დღეს დუშეთში ბაზრობა იმართება. ხევსურული ყველისა და ნატურალური თაფლის შესაძენად კვირა დღე დუშეთის ბაზარში საუკეთესო დროა. შუადღისკენ, როცა ხევსურები გასაყიდს გაყიდიან და სახლისთვის საჭირო რამეებს იყიდიან, ყველაფერს ამ წითელ ავტობუსში ჩატვირთავენ, მერე თვითონაც ჩასხდებიან და ხევსურეთის გზას დაადგებიან.

რამდენიც არ უნდა ვწერო ხევსურეთზე, მაინც ვერასდროს აღვწერ ყველაფერს, რის გამოც უნდა ნახოთ ეს მხარე. მგონია, რომ ყველას თავისი წილი ხევსურეთი აქვს აღმოსაჩენი და მერე დასაწერი.

ხევსურული ნატურმორტი. ხევსური ქალი კორშადან. შატილი. ხეობა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები”

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი