ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი 

თუ გამოცდილ მოგზაურებს ჰკითხავთ, რომელი მხრიდან სჯობს წასვლა ხვამლის მთაზე, გეტყვიან, რომ ტვიშის გზით. ბათუმიდან იქ ჩასასვლელად ოთხი საათია საჭირო, ხოლო თბილისიდან – ცოტა უფრო მეტი. თითქმის ველური ბუნების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალური წყლების (აქაური წყლები, როგორც ამბობენ, შაქრიან დიაბეტსაც კი შველის), კრიალა ჰაერისა თუ ექსტრემის მოყვარულთათვის არაერთი სიურპრიზის მიუხედავად, ამ კუთხეს ადამიანები დასვენების მიზნით იშვიათად აკითხავენ. მე, პირადად, ლეჩხუმის მხარეში მოგზაურობა ტვიშიდან დავიწყე.

გზა სოფელ ტვიშიდან ერთ-ერთია იმ რამდენიმეს შორის, რომელსაც ლეგენდებისა და მითების მთასთან – ხვამლთან მიჰყავხარ. ქუთაისიდან ტვიშამდე გზა მდინარე რიონის ხეობაში, მთებს შორის გადის. ალაგ-ალაგ დასახლებულ ტერიტორიაზე 5-6 კილომეტრი ისე შეიძლება გაიარო, არავინ შეგხვდეს რიონისპირიდან მომავალი მეთევზეების გარდა, მხარზე გადებული, ორკაპა ჯოხზე აცმული თევზებით რომ მიდიან სახლებისკენ.

IMG_0397

 

ცხელი და ხმაურიანი ქალაქიდან მთებს შორის მოქცეულ პატარა სოფელში მოგზაურობის დაწყებიდან სულ რაღაც ორ საათში აღმოვჩნდი. რიონის პირას გაშენებული სოფელი ტვიში განუმეორებელი ადგილია იმითაც, რომ მხოლოდ აქ მოდის ცნობილი ყურძენი „ტვიშის ცოლიკაური“, რომლისგანაც ასევე ცნობილი ღვინო იწურება. ერთი კილოგრამი ყურძენი ხუთ ლარად გაყიდეს აქაურებმა გასულ შემოდგომაზე. როგორც ტვიშის მკვიდრმა ელისო ჩარკვიანმა ამიხსნა, იმ მიკროკლიმატის საშუალებით, რომელსაც ერთი მხრივ, რიონიდან წამოსული ქარი და მეორე მხრივ, სოფლის თავზე წამომართული კლდეები ქმნიან, ცოლიკაურის ჯიშის ყურძნის შაქრიანობა 27 გრადუსს აღწევს.

ტვიში მოზრდილი სოფელია ბევრი კარჩარაზული სახლით. ამ სახლების მეპატრონეები, ზოგიერთი დიდი ხნის წინ, ზოგიერთიც სულ ახლახან ქალაქში გახიზნულა. აქ ჩასული მოგზაური ღამის გასათევად იმდენს იხდის, რამდენიც შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, ტვიშელები ასე გეუბნებიან.

IMG_0474

IMG_0477

მოგზაურობის პირველ დღეს მეც ტვიშში დავბინავდი და ჩემს მეგზურთან ერთად საინტერესო ადგილების მოსანახულებლად გავემართე. პირველი გაჩერება სოფლის ბოლოში მდებარე ჩანჩქერი ვერძისთავა იყო. ვერძისთავა ხვამლიდან იღებს სათავეს. მთაზე კარსტული ჭაა, რომლის სიღრმეც 16 მეტრია. მას თეკენთერის ჭას ეძახიან. მასში ჩასასვლელად წიფლის ხის ფუღურო უნდა გაიარო. ლეგენდის თანახმად, ოდესღაც ჭაში ვერძის თავი ჩაუგდიათ, რომლის ერთი ნახევარი ჩანჩქერს ტვიშის მხარეს (მდინარე რიონის ხეობა) გადმოუტანია, მეორე კი – სოფელ ოყურეშის მხარეს (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). ვერძისთავა ნახევარი წელი ტვიშში გადმოდის, ნახევარი წელი კი – ოყურეშში.

ტვიშში ვერძისთავას რომ გასცდები და გზას ალპანასკენ გააგრძელებ ველურ ბუნებაში, სრულ სიმწვანეში ჩაძირული ნიკორძირის ჩანჩქერს გადაეყრები. კლდის წვერიდან ვარდნილი წყალი წელიწადის ყველა დროს სუფთა და კამკამაა. ჩანჩქერის ძირში მცირე საბანაო ადგილი ზაფხულობით ყოველთვის ხალხით არის სავსე. ტვიშელი და მისი მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებისთვის ნიკორძირი თავშეყრის ადგილია.

IMG_0079

IMG_0720

ალპანადან გზას ცაგერისკენ დავადექი, მინდოდა მდინარე ლაჯანურის ხეობაში მდებარე კურორტი ლაშიჭალა მომენახულებინა. ლაშიჭალა – ტყეში ჩაფლული ბალნეოლოგიური კურორტი წელიწადში მხოლოდ სამი თვე ფუნქციონირებს. აქ დასასვენებლად, ძირითადად, დასავლეთ საქართველოდან მიდიან, კურორტი განსაკუთრებით ქუთაისშია პოპულარული.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეული წელია ლაშიჭალა დამსვენებლებს მასპინძლობს, აქ ინფრასტრუქტურა სრულიად გაუმართავია, – მაისის ბოლოს ლაშიჭალაში ასვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. მდინარე ლაჯანურზე გადებული ხიდი დაზიანებული იყო, შესაბამისად, მასზე გადასვლა ვერ შევძელი.

ლაშიჭალასთან ახლოსაა კურორტი ძუღური. „ძუღურის“ წყალი ცნობილია, როგორც დიაბეტის სამკურნალო საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ლეჩხუმში ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა მოგიყვება მისი სამკურნალო თვისებების შესახებ, დანარჩენ საქართველოში „ძუღურის“ წყალი ცოტა ვინმეს თუ გაუგია. წყალს ჯანდაცვის სამინისტრომ სამკურნალო წყლის კატეგორია მიანიჭა და დაადგინა, რომ მინერალური წყალი სასარგებლოა დიაბეტის, ნევროზის, ჭარბი წონის, რკინა დეფიციტური ანემიისა და პოდაგრის სამკურნალოდ. მეორე წელია „ძუღურის“ წყლის ჩამოსხმა განახლდა და აფთიაქებში იყიდება.

IMG_0585

ძუღურის წყალი სათავეს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე იღებს. ხეობაში დასვენების მსურველები სამკურნალო წყლის სათავესთან ცხენებით ადიან და ღამეს კარვებში ათევენ.

ორბელიდან ცაგერში გადასვლა ჯვრის უღელტეხილის გადავლითაა შესაძლებელი. უღელტეხილის წვერიდან ლეჩხუმის სუნთქვისშემკვრელი ხედები იშლება.

IMG_0983

IMG_0268

ხვამლი

ცაგერს თავზე სამი ციხის ნანგრევი გადმოჰყურებს, ციხეებს – „დაჰკარი“, „დაუხვდი“ და „არ გაუშვა“ ჰქვია. ოდესღაც, ომის დროს, ამ ციხეებს მოსახლეობა თავს აფარებდა. ციხეებს შორის კი, ვიწრო გვირაბები იყო გაყვანილი. ცაგერშივეა მწვანე თეატრი. პატარა მდინარეზე აშენებულ თეატრში ზაფხულობით ფესტივალი იმართება.

ციხეები - "დაუხვდი" და "არ გაუშვა"

ციხეები – “დაუხვდი” და “არ გაუშვა”

 

„ჩვენ არც რაჭველები ვართ და არც სვანები, ლეჩხუმელები ვართ“, – ყველაზე ხშირად ამ ფრაზას მოისმენ ლეჩხუმელებისგან. ქვემო სვანეთს, რაჭასა და იმერეთს შორის მოქცეული ლეჩხუმი ტურისტულად მიმზიდველი რეგიონია, თუმცა დღეისათვის მხარის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია. ცაგერში არ არსებობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, არც ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი ბილიკებია მარკირებული.

IMG_0618

ხედი მწვანე თეატრიდან

ლეჩხუმის მთავარი სიმდიდრე ხვამლის მთაა. მიუხედავად ამისა, ხვამლზე ასასვლელი ტურისტული სერვისი ცაგერში არ არსებობს. მეგზური, რომელიც ხვამლზე გამყვებოდა, კითხვა-კითხვით და ნაცნობების დახმარებით ვიპოვე.
მდინარეების – რიონისა და ცხენისწყლის ხეობაში მოქცეული ხვამლის მთისკენ ოთხი გზა მიდის. ერთი ტვიშიდან სოფელ ლახეფას გავლით. ლახეფა უშუალოდ ხვამლის ძირშია გაშენებული და თავზე 200-მეტრიანი უზარმაზარი კლდე გადმოჰყურებს, მეორე გზა სოფელ ვანისჭალიდან ადის, მესამე – სოფელ ნაყურალეშიდან (ეს გზა ყველაზე რთულად სავალია), მეოთხე კი – სოფელ ოყურეშიდან. თავიდან ვფიქრობდი, ლახეფას გავლით ავსულიყავი ხვამლზე, თუმცა შემდეგ გადავწყვიტე ლეჩხუმისთვის წრე დამერტყა, მდინარე ცხენისწყლის ხეობაში გადავსულიყავი და ხვამლზე ოყურეშის მხრიდან ავსულიყავი.

IMG_0831

IMG_0864

IMG_0858

IMG_0765

ხვამლზე ასვლა ოყურეშიდან დავიწყე. იქ, სადაც სოფელი მთავრდება და ხვამლისკენ მიმავალი გზა იწყება, აბრა დგას, რომელიც გვეუბნება, რომ მთამდე მისასვლელად სულ რაღაც 12 კილომეტრის გავლა მოგვიწევს. გზა ტყეზე გადის. მანქანით (მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით) გზის გავლას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება, ფეხით კი – 6-7 საათი. რაც უფრო მაღლა ადიხარ, ჰაერი მით უფრო გამჭვირვალე ხდება და ყოვლისმომცველ სიჩუმეში, სიმწვანეში ჩაკარგული კირქვის კლდეები უფრო შთამბეჭდავი ჩანს. გზად მწყემსების დროებითი სადგომებია. მწყემსების კარავს რომ მივაღწიეთ, თითქმის მოვედითო, მეგზურმა. თუმცა, ამ „თითქმის მოვედიდან“ ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ, ძველმა, საბჭოთა ნივამ, ამოიოხრა და გაჩერდა. დარჩენილი მანძილი ხვამლამდე ფეხით გავიარეთ. ალაგ-ალაგ ჯერ ისევ თოვლი იყო გზაზე, ტყეში კი წვიმდა და ნისლში იყო გახვეული ყველაფერი. ნახევარი საათი სიარულის შემდეგ საკარვე ადგილს მივაღწიეთ. როგორც ჩემმა მეგზურმა ამიხსნა, სწორედ აქ ბანაკდებიან მოლაშქრეები, როცა ღამისთევით მიდიან ხვამლზე. ცოტა დავისვენეთ და მთაზე ასვლა დავიწყეთ. ნისლში გზა არ ჩანდა, არამარკირებული ბილიკების გამო კი, საერთოდაც ალალბედზე მივდიოდით. ბოლოს, როგორც იქნა, ნისლში გახვეული სალოცავი გამოჩნდა. 10 კილომეტრი სიგრძისა და 7 კილომეტრი სიგანის ხვამლის მთა ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარეობს.

IMG_0780

IMG_0823

IMG_0941

ხვამლი 3

XII საუკუნის სალოცავის ნაშთებზე აგებული წმინდა გიორგის ეკლესიამდე ასვლა ხვამლზე მოსახვედრად ყველაზე „ადვილი“ მარშრუტია. სხვა მხრივ, ხვამლის მთა მიუდგომელია და იქ მოხვედრა სპეციალური აღჭურვილობის ქონასთან ერთად, კლდეზე ცოცვის უნარებსაც მოითხოვს.

„როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს“ – ეს ფრაზა ასულდგმულებს ყველა მკვლევარს, რომელიც ხვამლისკენ მიიწევს. ლეგენდის მიხედვით, მთაზე ქართველ მეფეთა განძთსაცავი იყო და არის. მიუხედავად იმისა, რომ ხვამლზე არაერთი ექსპედიცია ჩატარებულა, მეფეთა განძთსაცავის არსებობის რაიმე ნივთიერი მტკიცებულება დღემდე არ არის ნაპოვნი.

ხვამლს ადრე „ხომლი“ ერქვა. სულხან-საბას განმარტებით, ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს. ექსპედიციებისას გამოქვაბულებში აღმოჩენილი პიქტოგრამები, ზოდიაქოს ნიშნების გამოსახულებით, მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ ოდესღაც აქ უძველესი ობსერვატორია იყო განთავსებული.

ლეგენდების მიხედვით, ხვამლი, იგივე ხომლი, არის მისტიური მთა, სადაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე.

უკან ჩამოსვლისას ნისლში გზა დაგვებნა და კარგა ხანს ვიარეთ წრეზე, სანამ საკარვე ადგილებამდე ჩამოსასვლელ ბილიკს ვიპოვიდით.

ცაგერიდან ქუთაისში უკვე მდინარე ცხენისწყლის ხეობის გავლით დავბრუნდი. ამ გზაზე სოფელ ყუმისთავის სიახლოვეს მდებარეობს პრომეთეს სახელით ცნობილი მღვიმე. თუ ლეჩხუმში სამოგზაუროდ ჩემ მიერ განვლილ მარშრუტს აირჩევთ, გირჩევთ, დრო მოიტოვოთ პრომეთეს მღვიმის სანახავად.

IMG_0177


თეგები: | | | | |