მკვლელის ბეწვის ხიდი

დავით ჯინჭარაძე

მოსწავლე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე

რა არის მთავარი განსხვავება ჩვენსა და დასავლეთს შორის? ალბათ ის, რომ საქართველოში პრობლემაზე ფიქრს იწყებენ მაშინ, როცა ის ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, ხოლო დასავლეთში ყველანაირად ცდილობენ, ის გამწვავებამდე აიცილონ. ამიტომაც ხშირად გვგონია, რომ ევროპელები და ამერიკელები ბავშვების ჩხუბს ზედმეტად პანიკურად უყურებენ. „რად უნდა ამდენი ამბავი? ბავშვია და იცელქებს, იჩხუბებს კიდეც“, ვიტყვით და გვიკვირს, როგორ აიღებს მოზარდი კლასელზე ხელს და ჭრილობას მიაყენებს ისე, რომ არც კი შედრკება.

ადრე მიკვირდა, რატომ იყო ამერიკის ერთი პატარა ქალაქის სკოლაში ყველა კედელი გადატვირთული ფერადი წარწერებით: „არა ბულინგს“, „დამცირების მოთმენა გამოსავალი არ არის“, „თუ გჩაგრავენ, მიმართე მასწავლებელს, არ შეშინდე”. ბულინგისადმი მიძღვნილი ამდენი წარწერა ქართულ სკოლაში ყოფნისას, 11 წლის მანძილზე, არ მინახავს. აქ, ამერიკაში, ხომ არაფერი ხდებოდა? მეტიც, მასწავლებელი ყურადღებას იჩენდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიჭი გოგოს თმას აწიწკნიდა.

„სხვისი შეწუხების, თუნდაც თმის ღერის შეხების უფლება არ გაქვთ, ამას ჩემს კლასში არ მოვითმენ”, – მკაცრი გამოხედვითა და მშვიდი ტონით იტყოდა მასწავლებელი, შემდეგ კი გაკვეთილს ისეთივე ღიმილით გააგრძელებდა, ვითომ არაფერი უთქვამს. მაგრამ ყველა მოსწავლემ იცოდა: პედაგოგი სრული სერიოზულობით იყო მზად, კლასის ფარგლებში წესრიგი დაეცვა და დამრღვევს მშვიდი სახით გაუწოდებდა გამაფრთხილებელ „ყვითელ ბარათს”.

მოსაწონი იყო მასწავლებლის ასეთი პასუხისმგებლიანობა, მაგრამ მთავარი სასწაული მაინც სკოლის გარეთ ხდებოდა. დირექცია ისე აკონტროლებდა მოსწავლეებს, რომ მათი პირადი თავისუფლება არ შეეზღუდა. სკოლა ცდილობდა, მოსწავლეებს თავი პატიმრებად არ ეგრძნოთ, თუმცა არც დაუსჯელობის გრძნობას აღვივებდა მათში. როდესაც გაკვეთილი დამთავრდებოდა, მოსწავლეებს ჰქონდათ სრული თავისუფლება, სკოლის ტერიტორია დაეტოვებინათ და გადასულიყვნენ კაფეში ან მაღაზიაში, ეყიდათ ლანჩი და პარკში დამსხდარიყვნენ ისე, რომ იქ მათ არავინ შეაწუხებდა. თავისუფალი გადაადგილების უფლებას მოსწავლეს ვერავინ წაართმევდა, მიუხედავად ამისა, ადმინისტრაცია კონფლიქტებს მაინც წარმატებით მართავდა. სკოლის გარშემო, ქუჩებში, მაღაზიებში და პარკში მანდატურების ნაცვლად დირექტორი და სასწავლო ნაწილი დადიოდნენ. ისინი ხელს არავის უშლიდნენ, მხოლოდ მოსალოდნელი ჩხუბის არიდებას ცდილობდნენ. მათ იქ ყოფნას არც არავინ შეამჩნევდა მანამ, სანამ ვინმე ჩხუბს წამოიწყებდა.

რა თქმა უნდა, კონფლიქტები ყველგან არსებობს და რამდენი არ უნდა ეცადო, აირიდო თავიდან, ყველაფერს წინასწარ ვერ დაგეგმავ. დასავლეთის სკოლებშიც ხდება კონფლიქტები, თუმცა იმდენად იშვიათად, რომ მოსწავლეები გაოცებულები არიან და ვერ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც მოსწავლეებს შორის ჩხუბი საოცარი იშვიათობა კიარა, ყოველდღიური და “ნორმალური” მოვლენაა.

ერთხელაც, ჩემს ამერიკულ სკოლაში ორმა გოგომ იჩხუბა. როგორც აღმოჩნდა, ერთმა მეორეს ხელი დაავლო და წააქცია, მეორემაც უპასუხა. ეს ნახევარწუთიანი “ჩხუბი” ყველას განხილვის საგანი გახდა, ასობით ადამიანი შეიკრიბა ამ ორი გოგოს გარშემო ესოდენ იშვიათი სცენის სანახავად, ამ ჩხუბზე საუბარი კი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ წყდებოდა.

რით განსხვავდება ამერიკისგან საქართველო? რა მოიმოქმედეს იქ ისეთი, რაც ჩვენ აქამდე არ გაგვიგია? ამერიკელმა მასწავლებლებმა, დირექციამ და მოსწავლეებმა სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ამჯობინეს, პრობლემისთვის თვალებში ჩაეხედათ. ისინი მიხვდნენ, რომ დანით დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა რთული საქმეა და არავის აქვს გარანტია, რომ დაზარალებულს გადაარჩენენ. შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ვერც ამერიკელები შეძლებენ მოსწავლის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა იკისრონ. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ ახალგაზრდა გადაარჩინონ მანამ, სანამ მას შველა დასჭირდება – სანამ ის ჯერ კიდევ ჯანმრთელი, ბედნიერი და დაცულია.

ამისთვის ამერიკელებმა გადაწყვიტეს, მკაცრი სისტემა შეექმნათ, სადაც მჩაგვრელის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა იქნება. სკოლა მოსწავლის თავისუფლებების სრულად დაცვას ისახავდა მიზნად, თუმცა თუ ერთი ახალგაზრდა მეორის უფლებას შელახავდა, მას პასუხისგებას მოთხოვდნენ ისევე, როგორც ზრდასრულს.

საქართველოს სკოლების უმრავლესობას არ აქვს გააზრებული ის, რაც მსოფლიოს სახელმწიფოებმა უკვე გაიაზრეს. დაზარალებულსა და მკვლელს შორის ბეწვის ხიდია –  სანამ ახალგაზრდა მკვლელი გახდება, ის დაჩაგრულია, რომელსაც რევანში სურს. თუ ვინ დააზარალა ის ფიზიკურად ანდა ფსიქოლოგიურად – დედამ, მამამ, სკოლამ თუ საზოგადოებამ  – ამას მკვლელობის მომენტში მნიშვნელობა აღარ აქვს. ხშირად ბულინგის, თუნდაც უმნიშვნელო კონფლიქტის მსხვერპლს, შეიძლება ფსიქიკა შეერყეს და თუ მჩაგვრელის სამართლიან დასჯას ვერ დაინახავს, გადაწყვეტს, ლინჩის წესით გაასამართლოს მოძალადე.

რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობა მხოლოდ ერთეული მაგალითია იმ მავნებლობის, რომელიც მოაქვს გულგრილობას. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ნებისმიერ მკვლელს, რომელიც თავის დანაშაულზე პასუხს აგებს, თანაზომიერი პასუხი. როდესაც ეს სხვა ადამიანის სიცოცხლეს ეხება, არ არსებობს მოზარდი და ზრდასრული: კანონის წინაშე ყველა თანაბარია და მსხვერპლისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოკლა იგი. საზოგადოებაში დაუსჯელობის გრძნობა არ უნდა გაჩნდეს, ხოლო სკოლის მოსწავლეებიც საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც სხვები.

მაგრამ არსებობს ძალადობის მოზაიკის კიდევ ერთი მნიშვნელობანი დეტალი… არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახმაურდა, რომ ახალგაზრდა მკვლელები დაიჭირეს. სამწუხაროდ, გამოძიებამ მხოლოდ ორი მკვლელი დაიჭირა, დანარჩენ დამნაშავეებს – საზოგადოებასა და, ზოგადად, ქართული სკოლის გულგრილ მიდგომას –  კანონი ვერ გაუმკლავდება. ვინ გადააქცია ახალგაზრდა მკვლელად? ვინ მოკლა მასში ადამიანი? ჩვენ დავიჭირეთ ერთი კონკრეტული მოსწავლე, მაგრამ მასში ადამიანობის მკვლელს ჩვენ ვერ დავიჭერთ.

მკვლელებად არ იბადებიან, მკვლელებს საზოგადოების მანკიერება წარმოშობს.

სკოლას არ შეუძლია დანაშაულის ჩამდენი ადამიანი მოაბრუნოს და მოკლული ახალგაზრდა გააცოცხლოს. მაგრამ სკოლას შეუძლია, ადამიანის სულში მონსტრის ჩასახვას შეუშალოს ხელი და აღუდგეს მკვლელის არქეტიპის ფორმირებას მოსწავლეებში. ამისთვის, პირველ რიგში, ყველამ უნდა მივატოვოთ სირაქლემის პოზიცია და თვალებში შევხედოთ რეალობას: მკვლელი არის არა მხოლოდ ის, ვინც იარაღი ხელში აიღო, არამედ ისიც, ვინც მკვლელის გაჩენას ხელი არ შეუშალა.

მკვლელები მუდამ დაიბადებიან ადამიანებში, სანამ ძალადობის მოჯადოებული წრე არ გაირღვევა და კანონი არ იზეიმებს დანაშაულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.