მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი

06.10.2017 • 5219
ბათუმის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი

ბათუმის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი 30 წლის ნათია ბუაძეა. მან ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი დაამთავრა და პროფესიული სტაჟირებით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ამბობს, რომ მუშაობდა ფრანგულ კომპანიაში, სადაც პერსონალის მართვა და ადმინისტრაცია ებარა. 2016 წელს ადამიანური რესურსების მართვაში აიღო დიპლომი საფრანგეთში. ჰყავს მეუღლე და ერთი ბავშვი. საფრანგეთში მცირე საოჯახო ბიზნესი აქვს მეუღლესთან ერთად, რესტორანი – „ინდური სახლი“.  მეუღლე  საფრანგეთის მოქალაქეა, პროფესიით შეფ-მზარეული და რესტორნის მენეჯერი. იგი ამჟამად საფრანგეთშია, ხოლო ნათია ბათუმის მერის საარჩევნო კამპანიაშია ჩართული ბლოკ „სახალხო – ხალხის ერთსულოვნების“ სახელით.  გაერთიანებული ბლოკის ლიდერი ალექსანდრე კობაიძეა, რომელიც პარტიის ახალი ლიდერია კობა დავითაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. კოალიცია „ერთსულოვნების“ თავმჯდომარე კი მიხეილ ანდღულაძეა.   

ნათია, რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობა?

გულახდილად გეტყვით, რამდენიმე წელი არ ვიყავი საქართველოში,  ჩამოვედი და საწყენად კი ჟღერს, მაგრამ დიდი ევოლუცია აქ არ მომხდარა, სოციალური სიდუხჭირეა, ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია. საფრანგეთიდან ყოველთვის მქონდა ურთიერთობა სახალხო პარტიასთან და მეტნაკლებად ვადევნებდი თვალს საქართველოში მდგომარეობას. ჩამოსვლის შემდეგ შევხვდი ბლოკის წევრებს, იყო შემოთავაზება და გადავწყვიტე – რატომაც არა. დიდი სურვილი მაქვს ბათუმის ისტორიაში მოხდეს ევოლუცია, მერი გახდეს ქალი და დავუმტკიცოთ ყველას, რომ ქალები უფრო უკეთ ვასრულებთ დანაპირებს და რეალურად ბევრი რამ შეგვიძლია.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის ქართულ პოლიტიკაში ცოტა ქალი?

რთულია ამაზე პასუხი. ჩემს მიმართაც ყოფილა ასეთი დამოკიდებულება მამაკაცების მხრიდან: „ბავშვი არ გყავს?“ „სახლში საქმე არ გაქვს?“ ალბათ განათლების პრობლემაა და სოციალური პრობლემები, რომელიც ქალს არ აძლევს საშუალებას იმუშაოს და უფრო აქტიური იყოს.

ახსენეთ სოციალური პრობლემები. მერის სტატუსით როგორ აპირებთ მათ მოგვარებას?

ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბათუმში შემოვიდეს ევროპული მმართველობის სისტემა.  როგორც გავიგე, საქართველოში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეძლება სახელწიფოს მიერ გადაწყვეტილი საბოლოო პასუხის გასაჩივრება.  ჩვენ გვსურს შევქმნათ მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც გადაამოწმებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეისწავლის, თუ რატომ ეთქვათ უარი. ანუ სოციალურად დაუცველ ადამიანს ექნება საშუალება გაასაჩივროს და ჩაუღრმავდეს უარის მიზეზს.

სოციალური სააგენტოს საქმიანობა კავშირში არ არის ბათუმის მერიასთან. თქვენ მერიის სოციალურ პროგრამებზე საუბრობთ?

დიახ, ბათუმის მერიის სოციალურ პროგრამებზე მაქვს საუბარი.

კიდევ რა პრობლემას ხედავთ ქალაქში, რაც, თქვენი აზრით, პირველი რიგის საკითხი უნდა იყოს მომავალი მერისთვის?  

აუცილებლად მიმაჩნია, რომ უნდა დაწესდეს შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, აუცილებლად უნდა მოხდეს სოციალური ბინების გამოყოფა უსახლკარო ან გაუსაძლის პირობებში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ასევე მიმაჩნია, რომ მერიის ჩართულობა საგანმანათლებლო სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი… პედაგოგების გადამზადებაში, მათ საზღვარგარეთ სტაჟირებაში… ეს არც ისე ძვირია რეალურად. მე-13 ხელფასი უნდა მიიღონ პედაგოგებმა…

ეს მხოლოდ ბათუმში მცხოვრებმა პედაგოგებმა უნდა მიიღონ?

დიახ, სამწუხაროდ, ბათუმის მერს მეტი არ შეუძლია.

თქვენ ასახელებთ ბევრ თემას, გასწვდება კი ბათუმის ბიუჯეტი ამ ყველაფერს? შესწავლილი გაქვთ ბიუჯეტი?

ყველა პრობლემა რამდენიმე თვეში და ერთ წელიწადში ვერ მოგვარდება, მაგრამ შესაძლებელია პროცენტული გადანაწილება, როგორც ეს ხდება ყველა დიდ, ცივილურ ქალაქში. მიმაჩნია, რომ კარგ მენეჯერს უნდა შეეძლოს თავისი ბიუჯეტის თანაბრად გადანაწილება წარმატების მისაღწევად.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო ურთიერთობები, ახალი კონტაქტების ძიება მსოფლიოს დიდი ქალაქების მერიებთან, ეს პუნქტი უამრავ ქვეპუნქტს მოიცავს, რადგან ამით მოხდება ტრადიციული კულტურის დემონსტრაცია საზღვარგარეთ, შემეცნებითი და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები, უცხოური გამოცდილების და პროგრესის შემოტანა, რაც თავის მხრივ მეტ ტურისტს და ინვესტორს მოიზიდავს  საქართველოში.

ბათუმში სერიოზული პრობლემაა სატრანსპორტო მოძრაობა და პარკინგი. როგორც მერობის კანდიდატს, ამ საკითხთან დაკავშირებით როგორი ხედვა გაქვთ?  

საქართველოში რომ ჩამოვედი, ჩემი ფრანგი მეგობარი მახლდა და ქალაქში მოძრაობას თავისი ტელეფონით იღებდა. ქალაქში მოძრაობის რეგულაციისთვის შეიძლება გამოიყოს სპეციალური სამოძრაო ზოლი ავტობუსებისთვის და სამარშრუტო ტაქსებისთვის, ისე, როგორც ევროპაშია.  რაც შეეხება პარკინგს, ეს ძალიან თვალსაჩინო პრობლემაა ქალაქში და მიმაჩნია, რომ მერიამ და საპატრულო პოლიციამ ეს პრობლემა ერთად უნდა მოაგვაროს.  რასაც ვხედავ, ბათუმში ნდობა საპატრულო პოლიციასა და მოსახლეობას შორის ძალიან დაბალია. ასევე, უნდა არსებობდეს უფასო პარკინგის ზოლები და ყველა სახლს, რომელიც მშენებლობის პროცესშია, უნდა ჰქონდეს ერთ-ერთ ვალდებულებად პარკინგის მოწყობა.

რამდენჯერმე ახსენეთ „ჩვენ“. ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები, თანამოაზრეები?

ჩვენი ბლოკის ყველაზე საპატიო წევრად მიმაჩნია ალექსანდრე კობაიძე, იურისტი. ასევე ბატონი მიხეილ ანდღულაძე. მათი მთავარი დევიზი ეროვნულობა გახლავთ. როცა საქართველოში ჩამოვედი და მათ საკუთარი გეგმები გამაცნეს, ეს იყოს, რამაც გადამაწყვეტინა არჩევნებში მონაწილეობა.

როგორ აფასებთ თქვენს შანსებს ამ არჩევნებზე? ახალი სახე ხართ, ასეთ დროს ძნელია დიდ შედეგზე საუბარი.  

ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში შანსი აქვს ყველას, ამავე დროს, ვიცი, რომ საქართველოში ვართ, ადამიანს თუ არ იცნობ, ნაკლები შანსი გაქვს გამარჯვებისთვის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხალხთან ურთიერთობით შესაძლებელია გაგიცნონ და შანსი არსებობს. რომც ვერ გავიმარჯვო, მიმაჩნია, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგი იმით, რომ ახალგაზრდა ქალი  გამოცდილი პოლიტიკოსების გვერდით იღებს მონაწილეობას არჩევნებში და შეიძლება ეს სხვა ახალგაზრდა ქალებისთვისაც იყოს მაგალითი.

იმ შემთხვევაში თუ ვერ გაიმარჯვებთ, რას გეგმავთ? საფრანგეთში წახვალთ ისევ თუ საქართველოში დარჩებით პოლიტიკაში?

მართალი გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია. წასვლის შემთხვევაში, ვფიქრობ ისე გავაგრძელებთ, როგორც აქამდე ვიყავით, ურთიერთობა მექნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მე არავითარი ამბიცია არ გამაჩნია გავხდე ქალაქის მერი და მოვირგო ეს სტატუსი.

არ გაქვთ ამბიცია, რომ  გახდეთ მერი და ამავე დროს კანდიდატი ხართ. ეს ხომ არ დააბნევს ამომრჩეველს? ქალაქი მერის პოზიცია მოიაზრებს ამბიციასაც.  

ამბიცია გამაჩნია არა სტატუსის მიმართ, არამედ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის და ჩემი ქალაქისთვის კარგი საქმის გაკეთების. სურვილი მაქვს, რომ ჩემთან ჩამოსული ფრანგი მეგობრები აქედან არ წავიდნენ სურათებით: ნახეთ, როგორი ქუჩებია, ნახეთ როგორ პირობებში არიან გარემოვაჭრეები. ეს ძალიან სამარცხვინოა. თუ გავიმარჯვებ,  ყველანაირად ვეცდები მაქსიმალური გავაკეთო ჩვენი პრობლემების მინიმუმამდე დასაყვანად.

ბათუმში უკვე წლებია არსებობს მეჩეთის აგებასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენი მოსაზრება როგორია ამ თემასთან დაკავშირებით?  

ძალიან დელიკატური თემაა, იქედან გამომდინარე, რომ რწმენა ყველა ადამიანის უფლებაა. დემოკრატიულ ქვეყანაში ტოლერანტობა და ანტიდისკრიმინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვესაუბრე მეჩეთთან მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს, როგორც ჩანს ხმოვანი ლოცვის დროს მათთვის არავის უკითხავს აზრი. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს ეს საკითხი, რადგან, პირადად ჩემი აზრით, ეს შელახვაა იმ ადამიანის უფლებების, ვინც არ არის მუსლიმური რელიგიის.

თქვენვე აღნიშნეთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების უფლება აქვს ყველას. მუსლიმმა მოსახლეობამ რომ თქვას, მაგალითად, რომ აწუხებს ზარის ხმა, ეს მისაღები იქნება?  

გინდ მეჩეთი, გინდ ეკლესია, ნებისმიერი სალოცავი, არის შენობა, სადაც შიგნით უნდა მოხდეს რელიგიის გამოხატვა. დაცული უნდა იყოს უმცირესობების და უმრავლესობის უფლებებიც. საფრანგეთში არც ერთი მეჩეთიდან არ გამოდის ლოცვის ხმა, ეს არის პატივისცემის საკითხი, რომ სხვა ადამიანს არ უნდა მოახვიო თავს შენი რელიგია.

თუ აპირებთ შეხვედრას მუსლიმებთან?

სიამოვნებით. მეგობრები მყავს მუსლიმები, ერთად ვსწავლობდით და წლებია ვმეგობრობთ. მე არავის დისკრიმინაციას არ ვახდენ და ძალიან ბევრს შევედრები ტოლერანტობით და სხვა რელიგიის პატივისცემით,  საფრანგეთში უამრავი ათეისტი მეგობარი მყავს, მყავს მუსლიმი მეგობრებიც,  მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ფუნდამენტური რელიგიის პატივისცემა უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის. დღეს ალბათ შეიმჩნევა, რომ არის ცუდი  დამოკიდებულება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის.

სად ხედავთ ამ „ცუდ დამოკიდებულებას“?

ქალაქში, ე.წ. „თურქულ უბანს“ რომ ეძახიან, თურქის ან ჩადრიანის ჩავლაზე ცოტა ისეთ შეძახილს მოისმენთ, რაც ნამდვილად მიუღებელია ცივილური სამყაროსთვის.

დისკრიმინაცია და რასიზმი გამოწვევაა არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რომ არ მივიდეთ აქამდე, აუცილებელია ყველამ პატივი სცეს ყველას რელიგიას, მაგრამ რელიგია არ უნდა მოახვიო სხვას და ხელი არ უნდა შეუშალო სხვა ადამიანების მრწამს.

ყველას უფლება რომ უნდა იყოს დაცული, ეს კანონშიც ასახულია. მეორეს მხრივ, იგივე საჯარო სკოლებში, რომლებიც კანონის შესაბამისად თავისუფალი უნდა იყვნენ რელიგიური სიმბოლოებისგან, არის ქრისტიანული სალოცავი კუთხეები. თქვენი აზრით ეს პრობლემაა თუ არა?

ყველა ადამიანის უფლების დაცვა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ცუდია, როცა რელიგია ერევა განათლების სფეროში. განათლების სფერო არის ის სფერო, სადაც ადამიანის ზნეობრივი და მორალური  ჩამოყალიბება ხდება რელიგიის გამიჯვნით – ჩემი შეხედულება ასეთია.

რაც შეეხება რუსეთს. ბათუმის მერი პოლიტიკური ფიგურაა, საინტერესო თქვენი აზრი ამ მიმართულებით.  

ჩემთვის მერი არ არის პოლიტიკური ფიგურა. ჩემთვის მერი არის დიდი ოჯახის მენეჯერი, რომელსაც აკისრია ადმინისტრაციული საქმეების მოგვარება. ჩვენს პროგრამაში გამოყოფილი გვაქვს პუნქტი, რომელიც შეეხება საერთაშორისი ურთიერთობებს და ამაში მოიაზრება ყველა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია?

მე ვაღიარებ რუსეთს, როგორც ოკუპანტს, მაგრამ ქალაქის მერისთვის შეიძლება მისაღები იყოს ბევრი რამ, რაც ქალაქს წაადგება. ამაში არ ვგულისხმობ თავის დახრას.

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სორისის ფონდი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: