ვის შეუძლია საბავშვო ბაღში მუშაობა ქედაში

29 სექტემბრის სხდომაზე ქედის საკრებულომ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა. ქედის საკრებულოს დადგენილება, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს, მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც საბავშვო ბაღები ავტორიზაციას გაივლიან.

ქედის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგს უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც შეეხება აღმზრდელ-ასისტენტს, მას საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს და ამასთან, გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; ჯანდაცვის მიმართულებით უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს მედდას ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია. განათლებასთან ერთად მედდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნაში, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად სამედიცინო სფეროში არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილებაცაა ჩადებული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვრცელდება ტექნიკურ პერსონალზეც, რომლებსაც დაკავებული პოზიციის შესაბამისი პროფესიული განათლება ან დაწესებულებაში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება დაწესებულების დირექტორს, მთავარი მოთხოვნა უმაღლესი განათლება და მუშაობის ერთწლიანი გამოცდილებაა.

საკითხის განხილვისას, საკრებულოს წევრმა, თემურ ავალიანმა მოითხოვა, რომ დირექტორის შემთხვევაში მუშაობის გამოცდილების გამიჯვნა მოხდარიყო და საბავშვო ბაღის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნაში სასწავლო დაწესებულებაში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება ჩაეწერათ, თუმცა, მისი წინადადება საკრებულოს უმრავლესობამ არ გაითვალისწინა და მთავარ მოთხოვნად მხოლოდ მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება დატოვეს.

ქედის საკრებულოს იურისტის განმარტებით, ბაღებში ახალი თანამშრომლის აყვანისას აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნები მას შემდეგ გავრცელდება, როდესაც სკოლამდელი დაწესებულებები ავტორიზაციას გაივლიან, თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ, თუ ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლები, დაწესებულება ავტორიზაციას ვერ გაივლის.

საბავშვო ბაღის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, საკრებულომ ბაღებში შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განხორციელებაზეც იმსჯელა.

„კანონში ცვლილება შევიდა და ვალდებული ვიყავით ამ საკითხებზე გვემსჯელა და დადგენილება მიგვეღო. საუბარია სტანდარტებზე, მოთხოვნასა და თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე. ვფიქრობ, ძიძას მინიმუმ პროფესიული განათლება უნდა მოეთხოვებოდეს, რადგან უფრო მეტი შეხება აქვს ბავშვთან, იმ შემთხვევაში თუ განათლების სამინისტრო დაავალდებულებს მუნიციპალიტეტს ძიძების გადამზადება დააფინანსოს, თანხებს გამოვყოფთ“ – ამბობს  გურამ ანანიძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ბაღების სავალდებულო ავტორიზაციის პროცესი ქედაში ოქტომბრიდან დაიწყება და 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

მთავარ ფოტოზე: საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ქედაში. ფოტო: keda.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი