მთავარი,სიახლეები

როგორ შევქმნათ სამართლიანი საარჩევნო გარემო – საიას რეკომენდაციები მთავრობას

19.09.2017 • 1827
როგორ შევქმნათ სამართლიანი საარჩევნო გარემო – საიას რეკომენდაციები მთავრობას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ცესკოსა და მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს. საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, საიამ რეკომენდაციები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავა.

დღეს საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხიმშიაშვილმა, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე იმ თემატურ დარღვევებზე ისაუბრა, რაც, მისი აზრით, ხელს უშლის სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას საქართველოში.

21886508_1859182694111148_809345307_o

საიას ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ საარჩევნო პროცესები, როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღე, არ იყო თავისუფალი ძალადობრივი თუ სხვა ტიპის დანაშაულებრივი ქმედებებისაგან, თუმცა მათი მასშტაბი და დარღვევების სიმძიმე გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნებზე.
საიაში მიიჩნევენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას არჩევნების ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, როგორიც იყო, მაგალითად, სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება მმართველი პარტიის ინიციატივით, ან კამპანია „არა ძალადობას,“ პარტიების მიმართ არაერთი სამოქალაქო მოწოდება და სხვა, წინასაარჩევნო პერიოდი მხოლოდ საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული არ ყოფილა:

„ამ პერიოდს თან სდევდა ძალადობრივი ინციდენტები, აგრეთვე, ხშირად ისმოდა პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთბრალდებები და პიროვნული შეურაცხყოფები. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები იყო საკმაოდ მრავალფეროვანი, კერძოდ, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა დანაშაულებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ და სხვა. “

საია კონკტრეტულ ფაქტებს ასახელებს:

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განვითარებულმა ძალადობრივმა ფაქტებმა დიდინეძში, გორსა და თბილისში საფრთხე შეუქმნა სტაბილურ საარჩევნო გარემოს და მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა;

წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებების მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რიგ შემთხვევებში ვერ ახერხებდნენ ინციდენტის პრევენციას;

სამართალდამცავების მხრიდან დანაშაულების ჩადენას არ ჰქონია სისტემური ხასიათი, თუმცა როდესაც არსებობდა სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ნიშნები, ასეთ შემთხვევაზე პროკურატურამ გამოძიებაც კი არ დაიწყო და ჩატარდა ე. წ. „წინასაგამოძიებო შემოწმება“;

საკმაოდ ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად შესაძლო დანაშაულში მონაწილე ყველა პირის გამოვლენა არ მომხდარა და მათ მიმართ არ განხორციელებულა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;

კორცხელის ინციდენტზე სახელმწიფოს რეაგირება არ იყო ადეკვატური და მხოლოდ არასაჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამ ვერ იქონია გავლენა ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და დაუსჯელობის განცდის აღმოფხვრაზე;

საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საკმაოდ ხშირი იყო არასწორი კვალიფიკაციის შემთხვევები;

პრობლემატურია გამოძიების პროცესში სიძულვილის მოტივის გამოკვეთაც…


საია ინკლუზიურ გარემოზე

საიას ინფორმაციით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ინკლუზიური საარჩევნო გარემოზე დაკვირვების ფარგლებში ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური, საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა, მათ შორისაა: არაადაპტირებული მისასვლელი გზები, ქუჩები, უბნები.
„ჩვენს ქვეყანაში როცა საუბრობენ შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოზე, ძირითადად გულისხმობენ ეტლით მოსარგებლეებს. სამწუხაროდ არც საარჩევნო უბნებზე და არც ზოგადად ქუჩებში არ არის ადაპტირებული გარემო შეზღუდული მხედველობის, სმენადაქვეითებული და გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებთაც შესაბამისი მანიშნებლები ესაჭიროებათ დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის,“- ამბობს გიორგი ხიმაშიაშვილი.
საიას კვლევის მიხედვით საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეზღუდულია წვდომა ინფორმაციაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური აქტორების შესახებ. რაც შეეხება გენდერულ პოლიტიკას, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სავალდებულო მექანიზმი, რაც ქალთა წარმომადგენლობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს. ფინანსური წახალისების ნებაყოფლობითი ნორმა, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ აწესებს სრულიად არასაკმარისი და არაეფექტურია გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად.
 რეკომენდაციები 

21868285_1859182560777828_1031734640_o
ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ხელშეწყობა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგელობის ზომების გამოყენებისას პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ; სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა; ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.

 

გიორგი ხიმშიაშვილი

გიორგი ხიმშიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: