მთავარი,სიახლეები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ოფისისთვის ფართობი იყიდა

08.09.2017 • 4634
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ოფისისთვის ფართობი იყიდა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელს რეგიონული ოფისი ექნება. აგვისტოს თვეში მაუწყებელმა ოფისისთვის ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსში 492,2 კვ/მ ფართობი შეიძინა. მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, ამ კორპუსში 1 კვ/მ ფართობი 500-დან 650 დოლარამდე ღირს. შესაბამისად, მაუწყებელს საოფისე ფართობში მინიმუმ 250 ათასი და მაქსიმუმ 320 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეს გადახდილი.

იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რამდენი თანხა გადაიხადა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმის ოფისში, მაუწყებელშივე ვცადეთ. ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ კითხვაზე პასუხს ორშაბათისთვის [11 სექტემბერს] დაგვპირდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქოლგის ქვეშ აჭარაში არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. ამის მიუხედავად, რატომ გადაწყვიტა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ცალკე ოფისის შეძენა და რა თანხა აქვს გათვალისწინებული რეგიონული ოფისებისთვის საზმაუს? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვებით საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, სადაც ამ და სხვა კითხვებზე პასუხსაც ორშაბათისთვის დაგვპირდნენ.

მაუწყებელში აცხადებენ, რომ ბათუმში შეძენილი უძრავი ქონება წარმოადგენს იმავე მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო თავად შენობა-ნაგებობის პროექტის ავტორი გიორგი გაბაშვილია. ამიტომ, საავტორო უფლების გათვალისწინებით, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ უნდა განახორციელოს ექსკლუზიურად, გიორგი გაბაშვილისგან „ტერასაზე ასაშენებელი რეგიონალური ოფისის პროექტის შექმნის მომსახურების შესყიდვა, სავარაუდო ღირებულებით 23 600 ლარი“.

გამარტივებული შესყიდვით პროექტის შეძენაზე საზმაუ თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს, რომელმაც მაუწყებელს 13 სექტემბრამდე უნდა უპასუხოს.

„სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, ზემოაღნიშნული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რისთვისაც სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ შეიძინა ქ. ბათუმში უძრავი ქონება შემდგომში რეგიონალური სტუდიის მოწყობის მიზნით“ – აღნიშნულია საზმაუს განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა წლის დასაწყისში წარმოადგინა, მაუწყებელი მთლიანობაში ცხრა რეგიონული ოფისის გახსნას გეგმავს. 


მაუწყებელს, თბილისში, მერაბ კოსტავას N68-ში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და არსებული მესამე კორპუსის შენობების არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზეც აქვს კონკურსი გამოცხადებული. წინადადებების მიღება აქ, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს დაიწყება. შესყიდვის საწყისი თანხა კი 1 მილიონ 32 ათას 48 ლარია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 20 მსუბუქი, წითელი ფერის ავტომობილის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში კი გამარჯვებული უკვე გამოვლენილია – კომპანია „ჯი-თი მოტორსი“, რომელმაც მაუწყებელს ავტომობილები 934 ათას 500 ლარად შესთავაზა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 7 ათას 665 ლარი იყო. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულთან საზმაუს ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია.

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა 18 [მარჯვნივ] / ამ მისამართზე საზმაუს რეგიონალური ოფისი განთავსდება / ცაგო კახაბერიძის ფოტო

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა 18 [მარჯვნივ] / ამ მისამართზე საზმაუს რეგიონალური ოფისი განთავსდება / ცაგო კახაბერიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: