სიახლეები

აჭარაში ქრთამის აღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

27.12.2014 • 1581
აჭარაში ქრთამის აღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, საექსპორტოდ გასატანი თივის შესამოწმებლად სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში მისულ მოქალაქეს ამავე სააგენტოს თანამშრომელმა გიორგი კაკაბაძემ ფიტო-სანიტარული სერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ ოფიციალური გადასახადის გარდა ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 325 ლარი, ამასთანავე, აღნიშნული მოქალაქე დააკავშირა ამავე სააგენტოს თანამშრომელს ლია ქიქავას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ბათუმის საველე სადგურის უფროსს თამარ ჭკუასელს და შპს “ფუმიგატორი“-ს ხელმძღვანელს ირაკლი ზაქარაძეს, რის შემდეგაც ლია ქიქავამ ვეტერინარული ექსპორტის სერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ, სამსახურის ანგარიშზე კანონით დადგენილი გადასახადის შეტანის გარდა, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 150 ლარი; თამარ ჭკუასელმა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის გაცემის სანაცვლოდ, სამსახურის ანგარიშზე კანონით დადგენილი გადასახადის შეტანის გარდა, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 150 ლარი; ირაკლი ზაქარაძემ კი ფუმიგაციის მომსახურებასთან დაკავშირებით ყალბი მოწმობა დაუმზადა.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ოთხივე პირი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და ჯგუფურად ჩადენილი ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 338-ე მუხლის 2-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

გადაბეჭდვის წესი