ემიგრანტების გემი და იტალიის სასაზღვრო პოლიციის კატარღები

200 გადარჩენილი ემიგრანტი – ქართველი მეზღვაურის ნაამბობი

17 აპრილის შტორმიან დილას ხმელთაშუა ზღვაში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ HELEN M-ს კურსი ტუნისისკენ ჰქონდა აღებული, როცა გემზე იტალიის სანაპირო დაცვის შეტყობინება შევიდა.

იტალიელი მესაზღვრეები ტვირთმზიდი ტანკერისგან დახმარებას ითხოვდნენ აფრიკიდან გამოქცეული 200 ემიგრანტის დასახმარებლად, რომელთა მომცრო გემს კურსი ჰქონდა არეული და მესამე დღეა შველას ითხოვდა.

HELEN M-ის კაპიტანი გიგლა ბერიძე გემის მფლობელ კომპანია „ბენეჩეტს“ დაუკავშირდა თანხმობის მისაღებად და ტანკერი სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო. კაპიტნის გარდა ეკიპაჟის რვა წევრი ქართველი იყო.

HELEN M-ის ამოცანა ემიგრანტებით დატვირთული გემის ირგვლივ მანევრირება და ასე შტორმული ღელვის შესუსტება იყო, რათა იტალიის სასაზღვრო ძალების კატარღებს ემიგრანტების გემთან მიახლოება და მათი მშვიდობიანად გადმოსხმა შეძლებოდათ.

სამაშველო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საღამოს მშვიდობიანად დასრულდა. ემიგრანტები იტალიელმა მესაზღვრეებმა გადასხეს და ნაპირზე გადაიყვანეს.

ემიგრანტები გემზე

ემიგრანტები გემზე

P1000204

„ხმელთაშუა ზღვა არ არის ოკეანე, რომ ადვილად დაიკარგო, მაგრამ ზამთარი და გაზაფხული აქ შტორმულია. შტორმი იყო იმ დღესაც და ჩვენ ვიყავით ყველაზე ახლოს მყოფი დიდი გემი, რომელიც დაეხმარებოდა იტალიის სანაპირო დაცვას ემიგრანტების გემის ირგვლივ ღელვის შესაკავებლად.

მთელი ეკიპაჟი გულშემატკივრობდა ამ პროცესს. საღამოს, უკვე ბინდდებოდა, როცა გვითხრეს მადლობა და დავემშვიდობეთ. ორი ფეხმძიმე ქალი იყო გემზე, უკვე წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილი. აფრიკიდან მოდიოდა გემი, სად მიდიოდნენ ისიც არ იცოდნენ მგონი. მთავარი იყო, თავი დაეღწიათ იმ ქვეყნისათვის, სადაც იმყოფებოდნენ. გვითხრეს, რომ თავიანთი ქვეყნიდან ხის ნავებით გამოვიდნენ და შემდეგ ტუნისის პატარა გემი მიეშველათ“, – ყვება როსტომ ცერცვაძე, HELEN M-ის ეკიპაჟის წევრი. იგი, ისევე როგორც ეკიპაჟის სხვა ქართველი წევრები, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დააჯილდოვა ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის. ეს ჯილდო წელს დაარსდა საქართველოში.

ჯილდო გადაეცათ ეკიპაჟის წევრებს: როსტომ ცერცვაძეს, გელა გოგუაძეს, ირაკლი სარჯველაძეს, გიგლა ბერიძეს, ლევან მაჭუტაძეს, გაიოზ კუბლაშვილს, ნოდარ ჯაყელს, დავით ყურშუბაძეს და ომარ გორგოშაძეს.

როსტომი ეკიპაჟის ერთადერთი წევრია, რომელიც ჯილდოს გადაცემის მომენტში ხმელეთზე იყო. ეკიპაჟის სხვა წევრები შორეულ ნაოსნობაში იმყოფებიან და ჯილდო მათი ოჯახის წევრებს გადაეცათ.

როსტომი ხუმრობს, რომ ის პირველი ზესტაფონელი მეზღვაურია, რომელიც დააჯილდოვეს: „დედაჩემმა მკითხა, კი მაგრამ, ბათუმში მეზღვაურების მეტი რაა, ზესტაფონელს რომ მისცეს ჯილდოო. ისე მოხდა, რომ ხმელეთზე ვარ ახლა“.

უკვირდათ და ბევრს ეხუმრებოდნენ მაშინაც, როცა ეს პროფესია აირჩია და ზესტაფონიდან ბათუმში ჩამოვიდა, მეზღვაური რომ გამხდარიყო. ამბობს, რომ მეზღვაურობა მამის ოცნება იყო, რომელსაც საზღვაო სასწავლებელში თავის დროზე მშობლებმა არ მისცეს სწავლის უფლება – „ზღვაში დასაკარგი შვილი ჩვენ არ გვყავსო“. თუმცა მამას ზღვაზე ოცნება არ შეუწყვეტია.

„სულ გვესმოდა ეს თემა სახლში… საკმარისი იყო მეზღვაური გამოჩენილიყო კინოში და ოჯახში სხვა ატმოსფერო იქმნებოდა. მე ავყევი მამას და ჩამოვედი ბათუმში. აქ მეგობრები მეხუმრებოდნენ, ზესტაფონში ზღვა არ არის და რად გინდა მეზღვაურობაო. ვპასუხობდი, მე რომანტიკამ მომიყვანა ამ პროფესიაში და თქვენთვის, უბრალოდ, სამსახურია-მეთქი.

ისე მოხდა, რომ ერთხელ ფოთში შემოვედი გემით და მამა გემზე ავიყვანე, ღამე გაათია ჩემს კაიუტაში. მისმა მეგობრებმა მითხრეს მერე, დაფრინავდა, გემის ამბებს ისე ყვებოდაო. ერთი წელიც არ იყო გასული ამის შემდეგ, რომ გარდაიცვალა, მაგრამ ისე წავიდა, რომ გემზე მოხვდა.

ერთ-ერთი მთავარი ამ პროფესიის არჩევისას ისიც იყო, რომ მეზღვაურობა მოგზაურობას ნიშნავდა, რაღაცის ნახვა, უცხო ადამიანებთან ურთიერთობის ფაქტორი იყო. ჩვენი ცხოვრება ურთიერთობებია, ასე არ არის?! რაც უფრო მრავალფეროვან ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, უფრო წარმატებული ხარ, უფრო საინტერესო…“

როსტომ ცერცვაძე, „სელფი“ გემზე

როსტომ ცერცვაძე, „სელფი“ გემზე

როსტომი უკვე 13 წელია ცურავს. პრაქტიკანტობიდან უფროსი მექანიკოსი გახდა და მეზღვაურის პროფესიასაც ისე რომანტიკულად დიდი ხანია აღარ უყურებს, როგორც ადრე. ამბობს, რომ ამ პროფესიის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ხმელეთზე დარჩენილ ოჯახზე გამუდმებული ფიქრი და ყოველ ჯერზე ახალი ეკიპაჟია. მეზღვაურები ამ გამოწვევის წინ ყოველი რეისის წინ დგანან, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მათ ახალ ეკიპაჟთან უწევთ მუშაობა.

„გემზე მთავარია ადამიანები. დამწყებებისთვის უფრო ძნელია, მერე თანდათან ეჩვევი. სულ 20, მაქსიმუმ 25 ადამიანთან ხარ თვეების მანძილზე. არ გამოვა ისე, რომ არ ცნობ რაღაცას ან ვიღაცასთან ურთიერთობა არ გინდა, შეუძლებელია ეს გემზე. არ აეწყობი? შენ არავინ არ აგეწყობა. ხშირად ვამბობ ხოლმე, მეწისქვილეზე მეტი დრო აქვს მეზღვაურს საფიქრად, როცა მარტო რჩები, ბევრ რამეზე ფიქრობ. საქართველოდან როცა არ გადის ადამიანი, არ უწევს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ხელს აიქნევს: „ეს არ მინდა, ეს ასეა…“ ასე არ არის, სამყარო დიდია, ხალხი – მრავალფეროვანი. დღესაც ისეთი კანოებით დადის ხალხი ზოგან, ჩვენ რომ წიგნებში წაგვიკითხავს, ზღვის მოქცევას მოჰყვებიან, ბაზარში რომ ჩამოვიდნენ, რაღაცას ყიდიან და მიქცევაზე ზღვას მიჰყვებიან სახლში.

სხვათა შორის, ჩვენ ვწუწუნებთ, მაგრამ საქართველო ისეთ ქვეყანად ყალიბდება, ბევრი იოცნებებდა ასეთ ქვეყანაზე. კი, მეტი გვინდა, წინ ვიხედებით და ეს სწორია. აზია-ევროპის საზღვარზე ვართ, ევროპისკენ ვიწევთ და თუ დააკვირდებით, ტურისტებს, რამდენი შემოდის აზიის ქვეყნებიდან… მოსწონთ, იმიტომ, რომ შეიძლება ველოსიპედზე დაჯდე, ჩადრი მოიხადო… ეს კარგია.“

გემზე დრო ნელა გადის. სამუშაოს დასრულების შემდეგ მეზღვაურები თავიან კაიუტას მიაშურებენ და ხმელეთზე მყოფ ოჯახის წევრებსა და ნათესავ-მეგობრებს ელაპარაკებიან ინტერნეტით. როსტომი ამბობს, რომ ინტერნეტმა მეზღვაურის პროფესია ბევრად უფრო შეამსუბუქა.

მაშინ, როცა შტორმი რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება, წნევა ეცემა და მეზღვაურებს თავის ტკივილი სტანჯავთ, მთავარი ნერვებია. საქმე არ იცდის, გემზე სამუშაოები იმავე ტემპით უნდა გაგრძელდეს. შტორმი შეიძლება ერთ კვირასაც გაგრძელდეს და მეტ ხანსაც, ამიტომ თავის ხელში აყვანაა საჭირო.

როსტომი ამბობს, რომ არასდროს დაუთვლია, ზუსტად რამდენი დღე არ გადასულა ზღვიდან ხმელეთზე: „თუმცა 40 დღის მანძილზე რომ მიწა ვერ დაინახო, იშვიათია. ეს წყნარი ოკეანის მაქსიმუმია. ხან შეიძლება პორტში არ შევიდეს გემი და ხმელეთზე ვერ გადახვიდე, მაგრამ ნაპირს უახლოვდები, მიწას ხედავ. ოთხი თვე ყოფილა ისე, რომ არ ჩავსულვარ გემიდან. ერთხელ ამერიკაში ვიყავით, პორტში შევედით და რადგან ვიზა არ გვქონდა, ვერ ჩავედით. ამაში განსაკუთრებული არაფერია მეზღვაურისთვის. გემზე თუ დგახარ მყარად, უკვე კარგია.“

როსტომი ყვება, რომ ბოლო რეისი, რომლის ფარგლებშიც ეკიპაჟმა სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, მისთვის განსაკუთრებული იყო:

„ისე გავიდა ხუთ თვეზე მეტი, არ მიგრძვნია თითქმის. ძალიან კარგი ეკიპაჟი იყო. რეისებიც ისეთი იყო, შავ ზღვაში შემოვედით, ხმელთაშუა ზღვაში… იცით როგორ არის?! შავი ზღვა, ხმელთაშუა ზღვა „შენია“, ჰავა, კლიმატი ნაცნობია, შენს კონტინენტთან ხარ ახლოს. სტამბულს გავივლით და ვიცით, რომ ახლოს ვართ ქვეყანასთან, სახლთან.

ნამდვილი ცხოვრება არის ხმელეთზე. გემზე ეს გვაძლებინებს, ხმელეთზე მომხდარი ამბები. იქ ამით საზრდოობ.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com