2298

ადვოკატი: იქამდე არ შემიშვეს დაკავებულთან, ვიდრე ნარკოტესტირებისთვის ნიმუში არ აიღეს

ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ნარკოტესტირებისთვის დაკავებულ ა. გ.-სთან არ შეუშვეს. მოქალაქე გუშინ საღამოს გონიოს პოლიციამ დააკავა და პირდაპირ პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანა. ადვოკატი დაკავებულთან მანამ არ შეუშვეს, ვიდრე მისგან ბიოლოგიური მასალა არ გამოართვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

„პოლიციის შენობასთან დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, აქ არის, მაგრამ ვერ შეგიშვებთო, დაგვირეკავენ და მერეო. დაახლოებით ერთი საათი მალოდინეს“, – ყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე. -„ დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ასევე სახალხო დამცველს. ომბუდსმენის წარმომადგენელს უთხრეს, მეორე მხრიდან მივიდეს, მაქ არ არისო. ვიდრე მეორე მხარეს გადავიდოდი, შემატყობინეს, რომ დაკავებული უკვე იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადვოკატი თავდაპირველად ორდერის გარეშე იყო მისული პოლიციის სამმართველოსთან. „როცა შესაბამისი დოკუმენტაციით მივიდა, შევიდა და ნახა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი,“ – განმარტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

„აბსურდია. ორდერის გარეშე რატომ მივიდოდი დაკავებულთან. მით უმეტეს, ორდერის გამოწერა ადვოკატს თავად შეუძლია. შესაბამისი ფორმა თან მაქვს ყოველთვის და ბეჭედიც. თან ორდერის გარეშე თუ მივედი, შსს-ში და სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე რატომ დავრეკავდი?“ – კითხულობს ადვოკატი.

ზაზა პაპიძის ინფორმაციით, მსგავს შემთხვევას ხშირად აქვს ადგილი, განსაკუთრებით არასამუშაო საათებში.

„ამას აკეთებენ იმიტომ, რომ დაკავებულმა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი არ თქვას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ. ბევრმა არ იცის, რომ უფლება აქვს, უარი თქვას ბიოლოგიური მასალის ნარკოტესტირებისთვის ჩაბარებაზე. ამ შემთხვევაშიც დაკავებულს თავისი ნებით ჩაუბარებია ბიოლოგიური მასალა და გაუკვირდა, როცა ვუთხარი, უარის თქმის უფლება გქონდა-მეთქი,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

კანონის მიხედვით, პოლიციას „დასაბუთებული ვარაუდის“ საფუძველზე უფლება აქვს დააკავოს ნებისმიერი მოქალაქე და ნარკოტესტირებაზე წაიყვანოს, თუმცა დაკავებულს უფლება აქვს პოლიციას ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი უთხრას. ასეთ შემთხვევაში, პოლიციას შეუძლია დაკავებული 12 საათის განმავლობაში გააჩეროს განყოფილებაში, შემდეგ კი ვალდებულია გაათავისუფლოს.

ნებისმიერი პირის კონსტიტუციური უფლებაა დაკავებისთანავე ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. ამის შესახებ ინფორმაცია დაკავებულს სამართალდამცველებმა უნდა მიაწოდონ.

შემთხვევის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი