მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი ახალი კვანძი მოეწყობა

ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე, მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ [ჩაქვის მხრიდან], ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი მოეწყობა. ახალი კვანძის მოწყობას 2,5 მილიონი ლარი დასჭირდება და სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაჩქარებული წესით შეისყიდის.

„განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობა არის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, რომელიც გადის რთულ მთაგორიან რელიეფზე და გზის ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის გადაადგილების სიჩქარე შემცირებულია. შესაბამისად, განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე, ხშირად იქმნება სატრანსპორტო საცობები და მგზავრებს ექმნებათ დისკომფორტი,“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, გვირაბის მიმდებარედ, ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი გზის [სავარაუდო სიგრძით 1 კმ] მოწყობა, დიდი ალბათობით, განხორციელდება ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში.

ახალი კვანძის მოწყობა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ბათუმის მერის წერილის შემდეგ გადაწყდა. სამინისტრომ 2,5-მილიონიანი პროექტის ტენდერის გარეშე განხორციელების საკითხი ფაქტობრივად ორ დღეში გადაწყვიტა.

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს კვანძის მოწყობის თხოვნით, წერილობით, მიმდინარე წლის 27 ივნისს მიმართა.

„აჭარის რეგიონში ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა ადგილობრივმა თუ უცხოეთიდან ჩამოსულმა ტურისტების რიცხვმა, რაც შესაბამისად მოითხოვს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგებას, რათა სრულად იქნას დაკმაყოფილებული ჩამოსული ვიზიტორების მოთხოვნები… უახლოეს პერიოდში დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც საგრძნობლად განტვირთავს ქალაქ ბათუმს ტრანზიტული სატრანსპორტო ნაკადებისგან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩაქვი- მახინჯაურის მონაკვეთი საკმაოდ დატვირთულია სატრანსპორტო ნაკადებით, აღნიშნული მშენებლობის დასრულებამდე მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია მოეწყოს დამატებით მოსატრიალებელი კვანძი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ თქვენს დახმარებას, რათა უმოკლეს პერიოდში დაიწყოს და მიმდინარე წელს დასრულდეს აღნიშნული მოსატრიალებელი კვანძის სამშენებლო სამუშაოები“ – აღნიშნულია გიორგი ერმაკოვის წერილში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბათუმის მერის წერილი მიღების დღესვე, 27 ივნისს, გადაუგზავნა განსახილველად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

გზების დეპარტამენტმა კი შესყიდვების სააგენტოს 29 ივნისს მიმართა შესაბამისი სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებაზე თანხმობის მისაღებად: „რეგიონში დამახასიათებელი შემოდგომა-ზამთრის უხვნალექიანობა და ის გარემოება, რომ სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვა, დოკუმენტაციის დამუშავება და ამის შემდგომ, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პროცედურები მოითხოვს დროის საკმაოდ დიდ პერიოდს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული სამუშაოების განხორციელებს პარალელურ რეჟიმში, რათა სამუშაოები დასრულდეს შემჭიდროვებულ ვადებში, კლიმატური პირობების გაუარესებამდე“.

შესყიდვების სააგენტოს, პოზიციის დასაფიქსირებლად, ვადა 5 ივლისამდე აქვს.


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება.

IMG_20170701_084845

ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთი გვირაბთან, სადაც ახალი კვანძი უნდა მოეწყოს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com