საპატრულო პოლიცია

შსს: აირბალონიანი ავტომანქანებისთვის ქულების შემცირება არ მოხდება ტექდათვალიერების ამოქმედებამდე

2017 წლის 1 ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1 ივლისამდე – განცხადებას ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ  აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დადგენილი მოთხოვნების შემოწმებას და მასზე რეაგირებას ახორციელებს იმ შემთხვევაში თუ დარღვევა ვიზუალურად აშკარაა და ვიზუალური დაკვირვების შედეგად სახეზეა გაუმართაობისგან საფრთხის წარმოშობის მაღალი ალბათობა. აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ტექდათვალიერებას და ასეთი სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. … გარდა ზემოაღნიშნული ორი შემთხვევისა (ვიზუალური დაკვირვების შედეგად გაუმართაობით გამოწვეული აშკარა საფრთხე და სავალდებულო ტექდათვალიერებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ მოთხოვნების დარღვევა) საპატრულო პოლიცია არ განახორციელებს 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და შესაბამისად, არ მოხდება ამ მძღოლებისათვის ქულების შემცირება“ – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოში ავტომანქანის სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, გუშინ, პირველ ივლისს კი ამოქმედდა მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი. 

ამავე  თემაზე: შესამცირებელ ქულათა რაოდენობა კონკრეტული დარღვევების მიხედვით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com