რა წესით გაიცემა ხელფასები საჯარო სამსახურებში 1-ელი ივლისიდან

პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი ჩაითვალა გარდამავალ პერიოდად, რა დროშიც ახალი კანონმდებლობის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, საჯარო მოხელეებზე 2018 წლამდე არ გავრცელდება.

ასეთია, მაგალითად, კანონი, რომელიც შრომის ანაზღაურების [ხელფასი, დანამატი, პრემია] გაცემის მოქმედ წესს საჯარო სამსახურებში 1-ელი ივლისიდან ფაქტობრივად აუქმებს.  ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს წესი საჯარო მოხელეებზე 2018 წლის 1-ელი იანვრიდან გავრცელდება.

გარდამავალ პერიოდში კი, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირი შრომით გასამრჯელოს [ხელფასს] მიიღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს კანონით და მის საფუძველზე მიღებული [გამოცემული] კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესითა და ოდენობით. ეს დღეს მოქმედი წესი და ხელფასის [დანამატი, პრემია] დადგენილი ოდენობებია, რაც სავარაუდოდ, გარდამავალ პერიოდში აღარ შეიცვლება.

გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ, საჯარო დაწესებულებებში ხელფასებისა თუ საკლასო დანამატების საკითხს დაარეგულირებს ახალი კანონი – „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომელიც ჯერ მიღებული არ არის.

საქართველოს მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისთვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობებიც დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ახალი ცვლილებით: „მოხელეს შესაძლებელია მიენიჭოს მოხელის კლასი მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით“. პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები კი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

კანონში შეტანილი ცვლილებით:

  • საჯარო „მოხელეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით მოხელეს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის გასვლის შემდეგ კი მოხელეს შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიეცემა.“
  • 1-ლი ივლისიდან ცვლილებების ამოქმედება იწვევს საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტასაც. 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ გამოცხადებული კონკურსებისა და დაწყებული წარმოებების დასრულება. ამასთან საჯარო დაწესებულებებს მიეცათ უფლება გარდამავალ პერიოდში ამა თუ იმ ვაკანსიაზე გამოაცხადონ ღია კონკურსებიც.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საბოოლოო ვარიანტით ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
  • საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე;
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე;

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com