ვახშამი ბათუმის ბიუჯეტის ხარჯზე

„ვახშმის ორგანიზება – 2960 ლარი, ღვინო – 105 ლარი, ნამცხვრები – 180 ლარი. დარბაზის დიზაინი – 1000 ლარი, ვიდეო რგოლების დამზადება – 1800 ლარი, მუსიკალური ბენდი – 150 ლარი…“ – ჩამონათვალს ხელშეკრულებაში იპოვით, რომელიც ბათუმის მერიასა და არასამეწარმეო იურიდულ პირს „აჭარის კულტურის სააგენტოს“ შორის 2017 წლის 24 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, „პროექტის მიზანია ჩვენი ქალაქის ღვაწლმოსილი ადამიანების წარმოჩენა, დაფასება და გახსენება“. ვახშამი 80 კაცზე რესტორან „ლეო გრანდში“ ბათუმის მერიამ დააფინანსა. პროექტს ორგანიზატორებმა ასეთი სახელი შეურჩიეს – „ბათუმი არის ურთიერთობა, ანუ პაემანი ბათუმთან“.

„პაემანი ბათუმთან“ ბათუმის ბიუჯეტს ზუსტად 8 895 ლარი დაუჯდა. შეხვედრა „თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ამ პროგრამის მიზანია „ხელოვნების და კულტურის სფეროში განსახორციელებელი პროექტების ხელშეწყობა“, ასევე „კულტურულ ღონისძიებებში საზოგადოების მონაწილეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა“. მერიაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტიდან ვახშამი კი არ დააფინანსეს, არამედ „პატივი მიაგეს ღვაწლმოსილ ადამიანებს“.

„ვახშმის მოწყობა არ იყო მიზანი. ჩვენი მიზანი იყო ამ ადამიანების დაფასება, მათთვის პატივის მიგება. თავისი არსით კულტურული იყო ეს ღონისძიება. ეს იყო ასევე შეხვედრა წინა და ახალ თაობებს შორის. ჩვენ დავაფინანსეთ დამსახურებულ ხელოვანთა თაობების შეხვედრა,“ – განმარტავს ლამზირა ბოლქვაძე, ბათუმის მერიის განათლების და კულტურის განყოფილების უფროსი.

ვახშამს ესწრებოდნენ, მაგალითად, მერიას დაქვემდებარებული „საბავშო ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი, ნატალია ზაქარეიშვილი და მისი მეუღლე, ბაჩუკი ჩხეიძე, ასევე „ქრისტიან-დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი აჭარაში – ნიაზ ზოსიძე. რა კრიტერიუმებით შეარჩიეს სტუმრები, ლამზირა ბოლქვაძემ გვითხრა, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ოჯახის ვახშმობა მერიას არ დაუფინანსებია.

„ჩვენ ასეთ დეტალებში არ შევდივართ. ჩვენთვის მთავარი იყო მაღალ დონეზე ღონისძიების ჩატარება. ჩვენ მხოლოდ ფინანსური მხადამჭერი ვიყავით…“ – გვითხრა ლამზირა ბოლქვაძემ, მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა. კითხვაზე, რატომ არ დაინტერესდა მერია, ვის ვახშამში დაიხარჯებოდა ხალხის ბიუჯეტიდან ფული, ასეთი პასუხი მივიღეთ:

„ამ შეხვედრამდე ჩვენ ორგანიზატორებმა წარმოგვიდგინეს სავარაუდო სია, ვინ იქნებოდნენ ამ საღამოზე. სიაში ნამდვილად მახსოვს ნატალია ზაქარეიშვილი არ ყოფილა. შესაძლოა, სხვებმა დააფინანსეს სხვა სტუმრების მოწვევა. ამ შეხვედრას ჰყავდა თანადამფინანსებლებიც,“ – განმარტავს ლამზირა ბოლქვაძე.

შეხვედრაზე პროექტის ორგანიზატორებმა „სახალხო ჯილდოები“ გადასცეს: დავით თედორაძეს, ვახტანგ ღლონტს, ციასანა ანთაძეს, ნინო ნიჟარაძეს, ბესო ბესელიას, ნინო საკანდელიძეს, მანუჩარ შერვაშიძეს, ნათელა დუმბაძეს, ანსამბლ „ბათუმს“, ბიჭიკო დიასამიძეს, ზურაბ ცინცქილაძეს, მარიამ ჯახუტაშვილს, აკაკი ბერიძეს, ნუნუ ჩაუშბას, რამაზ სურმანიძეს, გიორგი მურვანიძეს, გურამ ჭანტურიას.

შენიშვნა: ამ ინფორმაციიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა ბაჩუკი ჩხეიძე და გვითხრა, რომ ის ამ საღამოზე მიწვეული იყო, როგორც მეცნიერის, ჯემალ ჩხეიძის შვილიშვილი და მეუღლეც ახლდა.

19059572_1317794461668667_3529684608027301939_n

„პაემანი ბათუმთან“ / ფოტოები ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ გუდავას ფეისბუქგვერდიდან

batumi sikvarulia 4

18951346_1317794631668650_4630165466844596374_n

batumi sikvaruli 2

batumi aris sikvaruli

batumi

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი