მთავარი,სიახლეები

მთავრობა პეტიციების წარსადგენად ელექტრონულ პორტალს ქმნის

29.05.2017 • 2278
მთავრობა პეტიციების წარსადგენად ელექტრონულ პორტალს ქმნის

საქართველოს მთავრობამ ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესები და პირობები დაამტკიცა.

„ამ წესისა და პირობების დამტკიცების მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,  საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

აღნიშნული წესისა და პირობების მოქმედება გავრცელდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით საქართველოს მთავრობის კომპეტენციის ფარგლებს მიკუთვნებულ საკითხებზე წარდგენილ ელექტრონულ პეტიციებზე.

ელექტრონული პეტიციის ინიცირება კი საქართველოს მთავრობის წინაშე შეუძლია და ელექტრონულ პეტიციაზე ხელმოწერის უფლება აქვს საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს.

ელექტრონული პეტიციის ინიციირებისთვის ანდა ხელმოსაწერად მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს ichange-ის პორტალზე. ამასთან, მომხმარებელი უნდა დაეთანხმოს იმ წესებსა და პირობებს, რომლებიც მოცემული იქნება ვებგვერდზე.

ელექტრონული პეტიციის მიღება და ichange-ს პორტალზე გამოქვეყნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ:

[checklist]

  • იგი შეიცავს მკაფიოდ ფორმულირებულ მოთხოვნას საქართველოს მთავრობის მიერ კონკრეტული რეაგირების განხორციელების შესახებ;
  • ელექტრონული პეტიციით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება;
  • იგი არ შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ ერთხელ უკვე განხილულ ელექტრონულ პეტიციაში ასახული მოთხოვნის ანალოგიურ მოთხოვნას;
  • იგი წარდგენილია სახელმწიფო ენაზე;
  • ინიციირებულია საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ;
  • აკმაყოფილებს შესაბამის დადგენილებაში მოცემულ სხვა კრიტერიუმებს.

[/checklist]

არ იქნება მიღებული და გამოქვეყნებული ichange-ს პორტალზე:

[checklist]

  • იმ მოსაზრების/წინადადებების შემცველი პეტიციები, რომელთა თემატიკაც არ განეკუთვნება საქართველოს მთავრობის კომპეტენციას;
  • პეტიციები, რომლებიც გარკვევით და ნათლად არ გადმოსცემენ მოსაზრებას, იდეას/შემოთავაზებას;
  • პოლიტიკური, პროპაგანდის, კომერციული შინაარსის შემცველი პეტიციები;
  • პეტიციები, რომლებიც მოიცავენ შეურაცხმყოფელ, უხამს, გამომწვევი შინაარსის განაცხადებს, ასევე ხუმრობის მიზნით ინიციირებული პეტიციები;
  • სიძულვილის, დისკრიმინაციის, ძალადობის საფრთხის, ინდივიდის ან რომელიმე ჯგუფისთვის ზიანის მომტანი მოწოდებების შემცველი პეტიციები;
  • პეტიციები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ან ისეთი მოწოდების შემცველია, როგორიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, ასევე საქართველოს კანონმდებლობის დაუმორჩილებლობის მოწოდებების შემცველია;
  • პეტიციები, რომლებიც ეხებიან მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების ინტერესებს, პერსონალურ გარემოებას ან საკითხს;
  • სხვაგვარი პეტიციები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

[/checklist]

ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭირო იქნება, ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 10 000-მა [ათი ათასი] მომხმარებელმა.

ელექტრონულმა პეტიციამ აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერები უნდა შეაგროვოს ინიციირებული ელექტრონული პეტიციის ichange-ს პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ პეტიცია მითითებული დროის განმავლობაში ვერ მოიპოვებს საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს, იგი ჩაითვლება ვადაგასულად, ichange-ს პორტალზე ის დაიხურება და შეუძლებელი გახდება ხელმოწერის დამატება.

მიმდინარე წლის 22 ივნისამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მიერ უნდა განისაზღვროს ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის პერსონალური შემადგენლობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კი, 2 ივნისამდე მთავრობის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ამ კომისიაში სამინისტროს წარმომადგენლის კანდიდატურა. კომისია ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

დამტკიცებული წესის მიხედვით, ichange-ს მოდერატორი იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომელიც განახორციელებს ელექტრონული პეტიციების სისტემის მართვას. თუმცა, ის არ არის ელექტრონული პეტიციის ოფიციალური პასუხის ავტორი.

ამასთან, „იმ შემთხვევაში, როდესაც ichange-ს მოდერატორი არ არის დარწმუნებული მიღების კრიტერიუმებთან ელექტრონული პეტიციის შესაბამისობაში, მან საკითხის განხილვისათვის ელექტრონული პეტიციის ინიციირებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ინიციირებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართოს კომისიას, რომელმაც ელექტრონული პეტიციის დაშვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აცნობოს 8 კალენდარული დღის ვადაში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: