მთავარი,სიახლეები

ხეების გადამზიდავს ხიდისთვის არ სცალია

25.05.2017 • 5524
ხეების გადამზიდავს ხიდისთვის არ სცალია

„ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“ – ამ შინაარსის ორენოვანი ბანერი გონიოს ხიდის ორივე მხრიდან უკვე წლებია გამოკრულია. საერთაშორისო მაგისტრალზე არსებული, ნახევარკილომეტრამდე სიგრძის ეს ხიდი, რკინაბეტონის ბლოკებით ორ ზოლადაა გაყოფილი, ფაქტობრივად, სამად – იქეთ-აქეთ ავტომანქანები, ძნელად, მაგრამ მოძრაობენ, შუაში კი სამუშაო ზოლია. კომპანია „ზიმოს“, რომელიც ხიდს უკვე მეხუთე წელია არემონტებს და სამუშაოები ვერ დაასრულა, ბოლო 4 წელში 52 მილიონზე მეტი ლარის სახელმწიფო დაკვეთა აქვს მიღებული, „ზიმოს“ და მის მიერ დაფუძნებულ „ზიმო 7“-ს კი – სულ 114 მილიონამდე ლარის დაკვეთა. აქედან უშუალოდ გონიოს ხიდის გასაკეთებელი თანხა 5 648 678 ლარია.

კომპანია „ზიმო“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ხეებს ეზიდება შეკვეთილში.

გონიოს ხიდზე, ერთ მონაკვეთში, გასასვლელი ისეთი ვიწროა, რომ ტრაილერი ლამის ხიდის მოაჯირს ეხება. ხიდზე გადასვლა სავალ ნაწილზე არსებული ორმოების გამოც რთულია. ახალი მოაჯირი კი ერთ ადგილზე მანქანის შეჯახების შედეგად დეფორმირებული და უკვე შესაცვლელია.

„ეს შეღავათია იმასთან, რაც ადრე იყო – გარკვეული პერიოდი, ზღვის სეზონზეც კი, როცა ამდენი ტურისტი ჩამოდის, ხიდის ერთი ნაწილი საერთოდ ჩაკეტილი ჰქონდათ, მაგრამ არანაირი სამუშაოები არ ტარდებოდა… ამ ზამთარში, ავდარში ჰყავდათ მოყვანილი ტექნიკა და რაღაცას ვითომ აკეთებდნენ. დღეს ამინდია და არავინ მუშაობს, წლებია ასეა“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი, რომელსაც ხიდზე გადასვლა ავტომანქანით დღეში რამდენჯერმე უწევს.

„ამდენი თურქული ტრაილერი დადის, მათაც ხომ ახდევინებენ რაღაც ფულს და ხომ უნდა დახვდეთ აქ ნორმალური გზა“, – ამბობს მეორე მძღოლი.

კომპანიაში სამუშაოების დროულად ვერდასრულებას სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ: „ტურისტული სეზონია“, „მასალებს ველოდებოდით“, „ხიდზე მუშები თუ არ ჩანს, არ ნიშნავს, რომ გაჩერებულია სამუშაო – ხიდის ქვეშ მუშაობენ და ზემოდან ვერ შეამჩნევ“…

სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმელები“ რამდენჯერმე იმყოფებოდა ხიდთან, როგორც წვიმაში, ისე მზიან ამინდში. თუმცა, არც ხიდზე და არც ხიდის ქვეშ მუშა ჯგუფი არ შეგვინიშნავს. მაგისტრალთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეების აზრის გასაგებად მისულებს კი კითხვები აქეთ დაგვისვეს: „ასე დაუსრულებელი საქმე შეიძლება?.. პატრონი არ ჰყავს ამ ხიდს?“.

ხიდის „პატრონი“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია, რადგან ხიდი საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალზე მდებარეობს. დეპარტამენტში ამბობენ, რომ ხიდი, გარდა იმისა, რომ მთავარი სატრანზიტო დამაკავშირებელია საქართველო-თურქეთისა და ბათუმის მიმდებარე ტურისტული ტერიტორიების, ასევე არის ტრანსევროპული ქსელის ნაწილი. ხიდი და გზის გასწვრივ მჭიდროდ დასახლებული სოფლები კი ქმნიან ვიწრო სატრანზიტო გასასვლელს და საცობს.

ხიდი, რომელიც დეპარტამენტის ინფორმაციით, ისედაც „ვიწრო სატრანზიტო გასასვლელს“ ქმნიდა, კიდევ უფრო დავიწროვდა იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მეხუთე წელია გრძელდება.

„არაფერი გაჭიანურებულა, ტექნოლოგიური პროცესია რთული, მითუმეტეს მოძრაობის ქვეშ ხდება ეს ყველაფერი. იმდენად დაზიანებულია ხიდი, რომ ძალიან ნელა კეთება უნდა, მეტი არაფერი ეშველება მაგას. თუმცა, ზაფხულისთვის აუცილებლად მოესწრება. რომ შეიძლებოდეს მოძრაობის გადართვა სხვა, შემოვლით გზაზე, დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა. მოსახლეობამ არ იცის, რომ ხიდის ქვეშ არის უამრავი სამუშაო ჩატარებული. ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიზერი. მთავარი იყო ქვეშ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „ზიმოს“ დირექტორი ზურაბ კიკნაძე.

ხიდის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ორ ტენდერში გამარჯვებული „ზიმო“ სწორედ ის კომპანიაა, რომელიც მრავალწლოვან ხეებს თხრის და გადააქვს ჩაქვიდან შეკვეთილში, სადაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. კომპანიას ხიდზე სამუშაოების დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადაუვადეს, დააჯარიმეს, თუმცა არც ხელშეკრულება შეუწყვიტეს და მეტიც, სხვა ტენდერებშიც იმარჯვებს.

„შეიძლება დეპარტამენტი იმიტომ უვადებს კომპანიას მუდმივად სამუშაოებს, რომ მას ურჩევნია რაღაც დროის დარღვევით შესრულდეს ეს სამუშაო, ვიდრე ახალი ტენდერი გამოაცხადოს და თანხა ხელახლა დახარჯოს უკვე დასასრულებელ სამუშაოზე. მაგრამ, ამის საპირწონედ ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც, ფაქტობრივად, ეს კომპანია ექსკლუზიურად ურთიერთობს ბიძინა ივანიშვილთან და მასთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებთან. ხიდზე არსებული მდგომარეობის პარალელურად ხეების გადატანა, რაც იწვევს რკინიგზის, ავტოსაგზაო მოძრაობის გაჩერებას, მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული მენეჯერი მალხაზ ჭკადუა.

თორნიკე თავაძის ფოტო

თორნიკე თავაძის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ორი ტენდერის ერთი გამარჯვებული და დაუსრულებელი საქმე[/highlight]

მდინარე ჭოროხზე მდებარე 473 მეტრი სიგრძის ხიდის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება „ზიმოსთან“ პირველად 2013 წლის თებერვალში გაფორმდა, 3 244 480 ლარზე. ტენდერში მხოლოდ „ზიმო“ მონაწილეობდა და სამუშაოები ამავე წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ცვლილება ოთხჯერ შევიდა. ერთი თვით გადაიწია სამუშაოების დასრულების ვადა, ხოლო კომპანიას საბოლოოდ 2 719 238 ლარი გადაურიცხეს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, კომპანიას თანხა ეტაპობრივად, 12-ჯერ გადაურიცხეს. აქედან ბოლო გადარიცხვა დაფიქსირდა 2015 წლის ივლისში. თუმცა 2015 წლისთვის „ზიმო“ გზების დეპარტამენტის მიერ გონიოს ხიდის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ მეორე ტენდერში იყო გამარჯვებული. მეორე ტენდერშიც მხოლოდ „ზიმო“ მონაწილეობდა და მასთან 2 929 440 ლარზე ხელშეკრულება 2015 წლის იანვარში გაფორმდა.

რატომ გახდა საჭირო ერთი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ხიდზე ტენდერის ორჯერ გამოცხადება? – „გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა ხიდის ბურჯების რეაბილიტაცია, რაზედაც გამოცხადდა პირველი ტენდერი. შემდეგ ეტაპზე შესწავლილ იქნა ხიდის ზედა ნაწილი და გამოცხადდა მალის ნაშენის რეაბილიტაციისთვის მეორე ტენდერი“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

მეორე ხელშეკრულებით ხიდის რეაბილიტაცია 2016 წლის პირველ ივნისამდე უნდა დასრულებულიყო. ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 13-ჯერ შევიდა: სამუშაოების დასრულების ვადა გადაიწია, საბოლოო ღირებულებად კი 2 399 573 ლარი განისაზღვრა, ანუ შემცირდა. ამ თანხიდან კომპანიისთვის ჯამში 1 019 609 ლარი უკვე გადარიცხულია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „მშენებლობისთვის ყველაზე ხელსაყრელ ზაფხულის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის გაზრდილი ინტენსივობა აფერხებდა ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ზოგჯერ თითქმის შეუძლებელსაც ხდიდა“.

დეპარტამენტი კიდევ რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებს, რაც სამუშაოს შესრულებას, მათი აზრით, ხელს უშლის: „ხიდის ფოლადრკინაბეტონის მალის ნაშენის სარემონტო სამუშაოები ურთულეს ტექნოლოგიურ პროცესებთან არის დაკავშირებული; მდინარე ჭოროხის დონის ხშირი ცვლილებები, წყალმოვარდნები, რაც თურქეთის მხარეს კაშხლებთან არის დაკავშირებული და პროგნოზს არ ექვემდებარება; საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა საპროექტო ცვლილებების განხორციელებას“.

მაშინ, როცა ხეების გადატანისთვის საავტომობილო მაგისტრალიც იკეტება და რკინიგზაზეც მატარებლებს აჩერებენ, გზების დეპარტამენტი გვეუბნება, რომ „დღემდე ვერ მოხერხდა ხიდზე გამავალი კომუნიკაციების, ბლოკებზე მიმაგრებული „სილქნეტის“, რკინიგზის კაბელებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული გარე განათების ბოძების გადატანა“.

ამ მიზეზების გამო, როგორც დეპარტამენტი აცხადებს, „ობიექტი ვერ დასრულდა განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც „ზიმოს“ გაუგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადა 2017 წლის პირველ ივლისამდე“. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე ეს სამუშაოების დასრულების მესამე ვადაა.

დეპარტამენტის მონაცემებით, კომპანია შვიდჯერ დაჯარიმდა და 181 584 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. პირველად მაშინ, როცა გარკვეული ღირებულების ნაცვლად შეასრულა ნაკლები ღირებულების სამუშაო, ასევე, სამუშაოს დაუსრულებლობაზე – ორჯერ, სამუშაოების შესრულების კალენდარული გრაფიკის დარღვევისთვის და იმისთვის, რომ შესრულებაზე ინფორმაცია დეპარტამენტში საერთოდ არ წარადგინა.

„კომპანიის ინტერესი რა არის ამ შემთხვევაში? რა სარგებელს იღებს ეს კომპანია იმდენს ამ ტენდერით, რომ მას უღირს ამდენი პირგასამტეხლოს გადახდა? როცა კომპანია მიდის გადავადებებზე და ამ დროს აქვს პარალელურად მოგებული სხვა ტენდერები და ეწევა სხვა საქმიანობას… დადასტურებულად ვერა, მაგრამ გამოვთქვამ ვარაუდს, რომ რაღაც ტიპის გარიგებაზე შეიძლება საუბარი“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]65 ცვლილება 16 ხელშეკრულებაში[/highlight]

ხიდთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე კომპანია „ზიმო“, ქვეყნის მასშტაბით, 14 ტენდერში გამოავლინეს გამარჯვებულად. აქედან სამი ტენდერი ღირებულებით 10,5 მილიონი ლარი ისევ საგზაო დეპარტამენტისაა. მაგალითად, თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოების თბილისის მერიასა და „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2016 წლის მაისში 2,6 მილიონ ლარზე გაფორმდა; 2015 წელს გზის სამუშაოებზე, მესტიის გამგეობასთან 2,1 მილიონ ლარზე… ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა. ამ ტენდერების საერთო ჯამური (სახელშეკრულებო) ღირებულება 29 მილიონზე მეტი ლარია.

„ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისა და „ზიმოს“ ურთიერთობა და მეორე მხრივ, როცა ამდენი დათმობა არის დეპარტამენტის თუ სხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან „ზიმოს“ მიმართ, შესაძლოა პროპორციულობა ამ ორ მოვლენას შორის დავინახოთ. არ მგონია, ასეთი მიდგომა ჰქონოდა დეპარტამენტს ან სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებს იმ კომპანიის მიმართ, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული ადამიანთან, რომელსაც, თავის მხრივ, უკავშირებენ არაფორმარულ მმართველობას ქვეყანაში. ანუ, რაღაც ტიპის გამორჩევასთან გვაქვს საქმე. აქ არის კომპანიის მიმართ არაგონივრულად კეთილგანწყობის ფაქტები, რაც კითხვით ნიშნებს აჩენს“, – აცხადებს მალხაზ ჭკადუა.

„ყველაზე სასწაული რა არის იცით? დღეს ვინც პოზიციაშია, ისინი ამბობდნენ, რომ „ზიმო“ სააკაშვილის კომპანიაა – ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აშენებს (შენობა, რომლის მშენებლობაც ბათუმის ბულვარში დაიწყო ბიზნესცენტრის სახელწოდებით, ხოლო მოგვიანებით გამოაცხადეს, როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ავტ.), ამდენი ტენდერი მოიგო და ასე შემდეგ. შეიცვალა ხელისუფლება და ახლა ის, ვინც ხელისუფლებაში იყო, გადავიდა ოპოზიციაში და ახლა ესენი ამბობენ, ივანიშვილთან ვართ გაერთიანებული. ხალხნო, დარწმუნდით, რომ ვართ ძალიან მაგრები. „ზიმო“ არის პროფესიონალების კომპანია, რომელიც ურთულეს რაღაცებს აკეთებს“, – აცხადებს ზურაბ კიკნაძე, კომპანიის დირექტორი.

რატომ ვერ ასრულებს ხიდზე სამუშაოებს მეხუთე წელია კომპანია, რომელიც „ურთულეს რაღაცებს აკეთებს“? – კომპანიის დირექტორი გვპასუხობს:

„ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო, ბაზალტის ინტენსიურად ამოღებამ და იმან, რომ ეს ბაზალტი ჭოროხში აღარ შემოდის, კალაპოტი დაწია დაახლოებით 5 მეტრით დაბლა, ამხელა წარეცხვები და ბურჯების ჩაღრმავება არ იყო გათვლილი, მშენებლობის დროსაც კი ამას არავინ ელოდა. ბურჯებმა მიიღო დეფორმაცია… მაგ ხიდს ხუთი წელია ვარემონტებთ…

რაც შეეხება ხეების გადატანას, ხიდდთან კავშირში არ არის. ჩვენ გვინდა, რომ რაღაც ახალი გავაკეთოთ, ისეთი, რაც არავის გაუკეთებია. ასე იყო, ეშმაკის ბორბალი რომ დავკიდეთ ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაზე.“

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ხეების გადატანა[/highlight]

კითხვაზე, რა ტექნიკური რესურსით გადააქვთ ხეები – „ზიმოს“ დირექტორი გვპასუხობს, რომ თურქული კომპანია ჰყავთ დაქირავებული ხეების ხმელეთზე ტრანსპორტირებისთვის.
ხიდზე დასაქმებული მუშები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.

„ობიექტს ჰყავს უფროსი. დღეს ჩვენ ვართ აქ, მეტი არაა საჭირო… ნელ-ნელა კიდევ კარგად ვმუშაობთ იქეთ-აქედან მანქანებში“, – გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ იმ ოთხიდან, რომლებიც ხიდზე წინა დღით დასხმულ ბეტონიდან მტვერს ხვეტდნენ. – „თუ კარგად არ გაშრა და არ გადავხვეტეთ, ისე ტოლს ვერ დავაგებთ“.

ჩაქვში, იმ ადგილთან, სადაც ხის გადასატანად დროებითი ნავმისადგომის მოსაწყობად მუშაობდნენ, დაცვამ ახლოს არ მიგვიშვა.

იქვე თურქული კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი გვითხრა, რომ მრავალწლოვანი ხეების გადატანაზე ისინი თურქეთში არ მუშაობენ. „ჩვენთან ასე არაა, ჩვენთან პატარა ხე დარგვენ, იგი იზდება… აქ, თქვენ უფროსს ამბობენ, რაღაც ჩიტები, ქათმები რო ყავს, იქ და დარგონ ეს ხე… თუ იმდენი ფული გაქ, მიე მილეთმა (ხალხმა) ჭამოს, შიერი მილეთი არი… კიდე სხვა კამპანიებიც არიან, სახელი არ ვიცი, ჩვენი ოთხი მანქანა არი და ამა ყოფნის“, – განმარტა მუშამ ქართულად.

ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / ფოტო: გიორგი ჯორბენაძე

ასწლოვანი ხე შეკვეთილის სანაპიროსთან / 2016 წ. / გიორგი ჯორბენაძის ფოტო

ტიტას ხე ციხისძირში, რომელიც პირველად გადაიტანეს ზღვით /

ტიტას ხის ამოღების პროცესი ციხისძირში. ეს ხე პირველად გადაიტანეს ზღვით შეკვეთილში / თედო ჯორბენაძის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„ზიმო“ და ივანიშვილის პროექტი მწვანე კონცხზე[/highlight]

ხეების გადატანის გარდა კომპანია „ზიმოს“ სხვა სახის თანამშრომლობაც აკავშირებს ბიძინა ივანიშვილთან. მწვანე კონცხზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პროექტის მიხედვით, შენდება სასტუმრო კომპლექსი „მაგნოლია“, რომელსაც „ზიმო“ აშენებს.

„ჩვენ ვაშენებთ მწვანე კონცხზე სასტუმროს… ბატონ ბიძინასთან არის დაკავშირებული, მაგრამ კონტრაქტი გვაქვს „ბიზნეს დეველოპმენტთან“, შიგნითკენ – ვისი რა არის, არ მაინტერესებს… ხიდი და ესენი ერთმანეთთან კავშირში არ არის. ის არის სახელმწიფო დაკვეთა, ესენი არის კერძო დაკვეთა“, – აცხადებს ზურაბ კიკნაძე „ზიმოს“ დირექტორი.

მწვანე კონცხზე ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი ტერიტორია და შენობა-ნაგებობები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიან აუქციონზე ორ ნაწილად გამოიტანა. ორივეჯერ მონაწილეობა მხოლოდ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მიიღო და ქონებაც შეიძინა. აუქციონების ჩატარებამდე ცნობილი იყო, რომ ამ ქონებით სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული და რომ „ბიზნეს დეველოპმენტის“ უკან სწორედ ყოფილი პრემიერი დგას. სწორედ ეს ქონება გაიყიდა ახლახან საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად – 1 კვადრატული მეტრი 337 ლარად.

კომპლექს „მაგნოლიას“, რომელიც მწვანე კონცხზე უნდა აშენდეს, პროექტის ინიციატორი და ინვესტორი რომ ბიძინა ივანიშვილია, ამის შესახებ ასევე განაცხადეს ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“.

მალხაზ ჭკადუას თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ მწვანე კონცხის შემთხვევაში აუქციონები ჩატარდა და კითხვები კანონიერებაზე არ გვაქვს, თითქოს ფორმალურად, სამართლებრივ ნაწილში ყველაფერი გამართულია, მაინც აშკარაა, რომ გარკვეული გარიგებების ელფერი დაჰკრავს ამ ყველაფერს: „სხვა შემთხვევაში რეგიონში, სადაც ამდენი სამშენებლო კომპანია ოპერირებს და ისეთი ბიზნესაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ესა თუ ის სახელმწიფო თუ მუნიციპალური დაკვეთა შეასრულონ, გამორიცხულია არ იღებდნენ მონაწილეობას აუქციონებში“.

მწვანე კონცხი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

მწვანე კონცხი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ნაქირავები და მოძველებული ტექნიკა[/highlight]

რა ტექნიკით ასრულებს ტენდერით ნაკისრ ვალდებულებებს „ზიმო“? გონიოს ხიდის შემთხვევაში, პირველი ტენდერის დროს, რა ტექნიკას ფლობდა კომპანია, შესყიდვების გვერდზე არ არის ატვირთული. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი სატენდერო კომისიამ „ზიმოს“ მანქანა-მექანიზმების ჩამონათვალი მოსთხოვა.

კომპანიამ წარადგინა 24 დასახელების ტექნიკა, თუმცა აქედან 8 იჯარით ჰქონდა აღებული, ძირითადად, კომპანია „ზიმო 7“-სგან. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: „ზიმო 7“ დაფუძნებულია „ზიმოს“ მიერ, რასაც ზურაბ კიკნაძე ადასტურებს: „კი, ჩვენ ვართ „ზიმო-7“-ის დამფუძნებლები“.

ამავე ტენდერში კომპანიას წარდგენილი აქვს აუდიტის დასკვნაც, რომლის მიხედვით 2015 წლის 12 იანვრის მდგომარეობით „ზიმოს“ ბალანსზე ერიცხებოდა მხოლოდ რვა ცალი სანგრევი ჩაქუჩი, ცხრა დომკრატი, ორი ჯალამბარი, 13 ელექტროვიბრატორი, სამი კომპრესორი და სამი ამწე.

რაც შეეხება „ზიმო-7“-ს, ეს კომპანია შესყიდვების სააგენტოს მიერ გასული წლის ნოემბერში შეყვანილია „თეთრ სიაში““. „თეთრ სიაში“ მოიპოვება კომპანიის შესახებ ინფორმაცია – კორპორაციული CV, სადაც „ზიმო-7“-ს მითითებული აქვს, რომ გააჩნია 77 დასახელების მანქანა-მექანიზმი. მათი უმეტესობა (43 დასახელების) არის მოძველებული.

ამასთან „ზიმო 7“, რომელიც ტექნიკას „ზიმოზე“ აქირავებს, თავად არის არაერთ ტენდერში გამარჯვებული. 2013 წლის თებერვლიდან დღემდე ეს კომპანია 60 ტენდერშია გამარჯვებული, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება 61 მილიონზე მეტი ლარია. ტენდერებს ეს კომპანია, ძირითადად აჭარაში იგებს და ზოგი ხელშეკრულება დღესაც მოქმედია.

ბოლო ოთხ წელში „ზიმო 7“-ის მიერ მოგებული 60 ტენდერიდან 22 აჭარის საგზაო დეპარტამენტს ჰქონდა გამოცხადებული, ხოლო 20 ტენდერი – ქალაქ ბათუმის მერიას.

მალხაზ ჭკადუას შეფასებით, გვაქვს მონოპოლურ პირობებში ჩაყენებული კომპანია, რომელსაც, მართალია, აქვს რაღაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მაგრამ გაუმართლებლად ბევრ ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული და ძალიან დიდ შესყიდვებზეა საუბარი: „გამოსაკვლევია, რამდენი კონკურენტი ჰყავდა კომპანიას და თუ აღმოჩნდება, რომ მხოლოდ თვითონ მონაწილეობდა უმრავლეს ტენდერში, მაშინ დადასტურდება, რომ ეს არის წინასწარი მოლაპარაკებით მიღწეული შედეგი“.

მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს „წელს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს – 50 მილიონზე მეტი ლარი, უამრავი საქმეა გასაკეთებელი და თუ გარიგებებს ექნება ადგილი, ყველა ტენდერის დასრულება დადგება კითხვით ნიშნის ქვეშ“.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„ზიმო“, „ზიმო-7“ და „ბანკი ქართუ“[/highlight]

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ზიმოს“ მთელი ქონება დატვირთულია იპოთეკით. „ზიმოს“ სესხი აქვს აღებული სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუსგან“, რომელიც ასევე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა.

„ბანკ ქართუსგან“ ჩვენ სესხები გვაქვს აღებული. ამის გარდა, იქ „საქართველოს ბანკიც“ ჩანს, მგონი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა… სახელმწიფო ისე დაკვეთას არ მოგცემს, თუ გარანტია არ წარადგინე. წილი, კომპანიის ქონება, ჩადებული გვაქვს, რა თქმა უნდა, ბანკში რაღაცის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ზურაბ კიკნაძე.

„ზიმო-7“ ბათუმში 1999 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის 25% წილის მფლობელი იყო და არის კომპანია „ზიმო“, 73%-ს ფლობდა ბეგლარ აბუსერიძე, ამირან ბერიძე და ანზორ აზნაურიშვილი კი – თითო პროცენტს.

2016 წლის 4 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, ბეგლარ აბუსერიძის ნაცვლად წილს ფლობს მარინე მანგალაძე, რომელიც ამავდროულად „ზიმო-7“ ის დირექტორია, ის გარდაცვლილი ბეგლარ აბუსერიძის მეუღლეა.
„ზიმო“ 1997 წელს დარეგისტრირდა. მისი პარტნიორები არიან: იოსებ თარხნიშვილი (საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე), რომელიც ფლობს წილის 35%-ს, ქეთევან ვეფხვაძე – 30%, ხოლო მთლიანი წილის 7-7%-ს ფლობენ ზურაბ კიკნაძე (დირექტორი), ილია ქავთარაძე, ლევან მარშანია და გია უროტაძე.

ამ ორ კომპანიას – „ზიმოსა“ და „ზიმო 7“-ს, რომლებიც დღეს საქმიანად არიან დაკავშირებულნი ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ ბანკთან“, ბოლო 4 წელში 74 ტენდერი აქვთ მოგებული, რომელთა ღირებულება, ხელშეკრულებების მიხედვით, ჯამში 90 მილიონზე მეტი ლარია.

გარდა ამისა, „ზიმო“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მსხვილი დაკვეთა პირდაპირი მიყიდვის წესით, არაკონკურენტულ გარემოში მიიღეს. 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო ორგანიზაციებმა ამ კომპანიას ტენდერის გარეშე, მთლიანობაში, 23 მილიონზე მეტი ლარის სამუშაო დაუკვეთეს. მაგალითად, 9 180 102 ლარის ღირებულების დაკვეთა კომპანიამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიიღო, როცა „ზიმოს“ ფოთში, მალთაყვის უბანში დევნილებისთვის ხუთსართულიანი შვიდი შენობისგან შემდგარი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა დაუკვეთეს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ „ზიმოს“ ხელშეკრულება 6 686 067 ლარზე გაუფორმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამდე მისაყვანი წყალსადენისა და წყალარინების სისტემის ასაშენებლად.

კომპანიას გამარტივებული შესყიდვით დღეისთვის ოთხ სახელმწიფო უწყებასთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. მიმდინარე ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 3 მილიონზე მეტი ლარია.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერც მიმდინარე წლის ივლისამდე დაასრულებს სამუშაოებს გონიოს ხიდზე? – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვიპასუხეს, რომ „ვადებში სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად“. ამ „პირობებით“ კი უკვე წლებია, რაც დეპარტამენტი კომპანიას კიდეც აჯარიმებს და სამუშაოს დასრულების თარიღსაც უვადებს.

მანამდე კი, გონიოს ხიდზე, ბოლო ოთხი წელია ძნელად, მაგრამ მაინც, დღეში საშუალოდ 12 ათასამდე ავტომანქანა გადაადგილდება. გზების დეპარტამენტის მონაცემებით, მარტო გასულ წელს ამ მონაკვეთში საშუალოდ დღეში გადაადგილდებოდა 11 047 მსუბუქი ავტომანქანა, 166 მიკროავტობუსი, 370 ავტობუსი და 688 ტრაილერი.

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ მარტის ნომერში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: