21 აპრილს კავკასიური მურა დათვის ბელი აჭარიდან თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, დათვის ბელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში იპოვეს გარემოსდამცველებმა, მას შემდეგ, რაც სოფლიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონულ სამმართველოში ზარი შევიდა. მოქალაქემ სამმართველოს შეატყობინა, რომ სავარაუდოდ, დათვის ბელის ხმა ისმოდა ტყიდან.
ადგილზე გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები გავიდნენ და დაახლოებით 2 თვის, კავკასიური მურა დათვის ბელი იპოვეს, რომელსაც არ აღენიშნებოდა დაზიანება. გარემოსდამცველებმა მურა დათვის ბელი ბათუმიდან თბილისში ჩაიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს, რადგან, ბელი ჯერ ისევ პატარაა და ველურ ბუნებაში მარტო დაიღუპებოდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ოუწოდებს მოსახლეობას, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები.
„ადამიანებს მიჩვეული დათვების უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება, რთული პროცესია, რადგან ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების ინსტინქტი, ადამიანის შიში და ბუნებაში გაშვების შემთხვევაში, იგი პოტენციური თავდამსხმელი ხდება“ – აღნიშნულია სამინსიტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კავკასიური მურა დათვი წითელ ნუსხაშია და მას კანონი იცავს, თუმცა დათვზე ბრაკონიერობის შემთხვევები მაინც ფიქსირდება. სპეციალისტების თქმით, დათვის ბელი ადამიანთან ისე ვერ მოხვდება, თუ მას დედა არ მოუკლეს.
2012 წლის მონაცემებით, საქართველოში 1643 მურა დათვი ბინადრობს.
__________________________
ამავე თემაზე:
უკანასკნელი დათვი