ქართველი ჰოკეისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში, რომელშიც სულ რვა გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვა. ტურნირის ბოლო თამაშში, 16 აპრილს, საქართველოს ნაკრები ჰონგ-კონგის ეროვნულ ნაკრებს შეხვდა, რომელიც დიდი სხვაობით –  14-ით 3 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხუთი შაიბა ივან შვეცოვმა გაიტანა, ორი – ვიტალი დუმბაძემ, სამი –  არტიომ კოზიულინმა, ორი – დავით ოგანეზიანმა, ერთი შაიბა გაიტანა არტიომ კურბატოვმა, საბოლოო შაიბა კი გიორგი ჯეირანაშვილმა ჩაიწერა ანგარიშზე.

2017 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონი. ლუქსემბურგი – საქართველო 6:4

მიუხედავად საქართველოს ეროვნული ნაკრების ამ და სხვა წარმატებებისა, საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც სპორტის ამ სახეობაში საქართელოს ნაკრების არსებობის შესახებ არაფერი სმენიათ. მართალია, საქართველოში ყინულის ჰოკეის ისტორია ჯერ კიდევ 60-იან წლებში იწყება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო საქართველოში სპორტის ეს სახეობს მხოლოდ ეპიზოდურად ვითარდებოდა. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, საქართველოში ყინულის ჰოკეის განვითარების მორიგ მცდელობას უკეთესი შედეგი მოჰყვა, კერძოდ 2004 წელს, შეიქმნა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია, რომელიც 2009 წლიდან ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის წევრია.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში 2008 წელს ჩატარდა. პირველი საერთაშორისო ტურნირი კი 2009 წელს, ბაკურიანში. მას შემდეგ ბათუმისა და ბაკურიანის ყინულის მოედნებს არაერთგზის უმასპინძლია საერთაშორისო ტურნირებისთვის.

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია ქართული ჰოკეის შესახებ წერს, რომ  საქართველოში 492 ყინულის ჰოკეის მოთამაშეა რეგისტრირებული, მათ შორის 64 კაცი, 42 ქალი და 386  ჭაბუკია.

საქართველოში ყინულის ჰოკეის სულ ოთხი გუნდია:  „ცეცხლოვანი ჯვაროსნები“ (თბილისი), „რუხი მგლები“ (თბილისი), „ყინულის რაინდები“ (თბილისი) და„მიმინო“ (ბაკურიანი). საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების 17 მოთამაშე სწორედ ამ გუნდების წევრები არიან. 

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების ფორმა

ეროვნული ნაკრების მოთამაშეები არიან: №1 კახა ამბროლავა, №4 ზაზა ღონღაძე, №6 არტომ კურბატოვი, №7 ვიტალი დუმბაძე, №8 ამირან გეფერიძე, №9 გია ოგანეზიანი, №11 გიორგი ჯეირანაშვილი, №12 დავით მინასიანი, №15 თემურ ვედიაპინი,  №17 ივან შვეცოვი, №18 რევაზ ცომაია, №19 არტომ კოზიულინი, №20 ანდრეი ილიენკო, №21 გრიგორი ფილიმონოვი,  №22 დავით ოგანეზიანი, №23 მიხეილ დავითაშვილი და №24 მიხეილ შალუნოვი.

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ბოლო მონაცემებით გუნდის მთავარი მწვრთნელი გოჩა ჯეირანაშვილია, მწვრთნელის ასისტენტი – ბორის კოჩკინი, გუნდის ლიდერი – ილია დავიდოვი, აღჭურვილობის მენეჯერი კი გივი ფანჩულიძეა. როგორც საქართველოს ყინული ჰოკეის ფედერაციაში განმარტავენ, ბორის კოჩკინი ნაკრების წევრია, მას გარკვეული ბიუროკრატიული უზუსტობის გამო მოუწია წელს მწვრთნელის ამპლუაში ყოფნა, მომავალი წლიდან კი იგი კვლავ ნაკრებს დაუბრუნდბა.  

ფედერაციის გენერალური მდივანი და ეროვნული ნაკრების წევრი მიხელ დავითაშვილი ამბობს, რომ  სტანდარტული ზომის ყინულის მოედანები, სადაც ჩემპიონატებისა და ეროვნული ნაკრების წვრთნების ჩატარებაა შესაძლებელი, საქართველოში სულ ორია – ერთი ბათუმში, მეორე კი – ბაკურიანში.

„ბაკურიანში ყინულის მოედანი არის ბუნებრივ პირობებზე დამოკიდებული. ანუ თუ ბაკურიანში არის ყინვა, წყალი მოედანზე ბუნებრივად იყინება, შესაბამისად, ეს მოედანი ფუნქციონირებს წელიწადში მხოლოდ სამი თვე, ისიც ყოველდღიურად არა, იმიტომ, რომ ხან თოვლია, ხან მზე ადნობს ყინულს და ყოველდღე ვერ ვარჯიშობენ ბიჭები. ბათუმში კი არის აგრეგატზე დამოკიდებული სტანდარტული მოედანი,  რომელიც 24 საათის განმავლობაში, წელიწადში უმეტესად 11 თვე ფუნქციონირებს. თბილისსა და ქუთაისში არის ყინულის მოედნები, რომლებიც სტანდარტული ზომის მხოლოდ მესამედია. კიდევ არის ზუგდიდის ყინულის მოედანი, რომელიც სტანდარტულ ზომებს არ შეესაბამება” – ამბობს ის.

2017 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში მონაწილეობის მიღებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას მარტის თვეში, ბათუმის ყინულის მოედანზე გადიოდა.

ბათუმი. მზადება 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის

ბათუმი. მზადება 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ყინულის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატი ძირითადად ბათუმში ტარდება. მიხეილ დავითაშვილის თქმით, როცა ბუნებრივი პირობები ხელს უწყობთ,  ნაციონალური ჩემპიონატის თამაშებს ბაკურიანშიც თამაშობენ.  ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ბაკურიანში სათამაშოდ, ძირითადად, დეკემბერი, იანვარი და თებერვალში ადიან, ბათუმში კი ნებისმიერ დროს შეუძლიათ თამაში, თუმცა ნაკრების წევრების სხვადასხვა საქმიანობის გამო ტურნირებისთვის დასვენების დღეებს არჩევენ: „თვის რომელიმე შაბათ-კვირას, რაც წინასწარ გვაქვს გაწერილი, მივდივართ ბათუმში სათამაშოდ. ზოგს სამსახური აქვს, ზოგი უნივერსიტეტში დადის და ამიტომ  ჩვენთვის ხელსაყრელი უფრო დასვენების დღეებია” – ამბობს მიხელი დავითაშვილი.

როგორც საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციაში გვითხრეს, 2017-2018 წლის სეზონზე, ყინულის ჰოკეიში ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარება [16 წლამდე მოთამაშეებს შორის] იგეგმება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ბაკურიანის, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ყინულის ჰოკეის გუნდები.

ყინულის ჰოკეის სკოლა ბათუმში 2015 წლიდან ფუნქციონირებს, იგი ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ბალანსზეა. თავიდან დამწყებ ბათუმელ ჰოკეისტებს უკრაინიდან მოწვეული მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ჰოკეიში, დიმიტრი სმეტანინი ავარჯიშებდა. 2016 წელს, დიმიტრი სმეტანინმა დაასრულა ცენტრში მუშაობა და მოზარდებს ახალი მწვრთნელი დანიიდან – ანდერს იესპერსენი დაენიშნათ. მასთან ერთად ჭაბუკ ჰოკეისტებს ავარჯიშებს ქართველი მოციგურავე ნუგზარ ჯანჯალაშვილიც.

რაც შეეხება საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების სამომავლო გეგმებს, მას უკვე აქვს მოპოვებული ვერცხლის მედალი 2016 წლის ანკარას თასზე, წლევანდელი ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში, მომავალ წელს კი უკვე ოქროს მედლის მოპოვებას აპირებენ.

ამავე თემაზე: ჰოკეის გუნდის შექმნის მორიგი მცდელობა ბათუმში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან