აჭარის მთავრობა

ფინანსთა სამინისტრო არჩილ ხაბაძის მამის გათავისუფლებაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამას, თამაზ ხაბაძეს სამსახური რეორგანიზაციის გამო არ დაუტოვებია, თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება თავად დაწერა. თამაზ ხაბაძესთან ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ვერ გადავამოწმეთ. მას ვერ დავუკავშირდით. თამაზ ხაბაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

არჩილ ხაბაძის ინფორმაციით კი, რომელიც ახლა საქართველოს პარლამენტის წევრია, თამაზ ხაბაძემ სამინისტრო რეორგანიზაციის გამო დატოვა.

რაც შეეხება სამინისტროში დაგეგმილ რეორგანიზაციას, უწყების ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის დატოვება მოუწია სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს ლევან მჟავანაძეს, ამავე დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების სპეციალისტს – ტარიელ ნაკაშიძეს და შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების უფროსს – არჩილ კახიძეს.

რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის დატოვება, ფაქტობრივად, პრივატიზებისა და საწარმოთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მოუწიათ.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება შპს „ჰიგიენა 2009“- დან ხუთი მილიონი ლარის მითვისებას? – არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ვარაუდობდა ასეთი კითხვების გაჩენას: „სწორედ ამიტომ მერჩივნა მე, რომ ეს რეორგანიზაცია გამოძიების დასრულების შემდეგ ჩატარებულიყო. ამაზე მინისტრთან არ მისაუბრია, თუმცა მე პირადად ასე მერჩივნა.“

რაც შეეხება რეორგანიზაციას, ამის შესახებ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს გამოეყოფა საინვესტიციო პროექტების განყოფილება, ხოლო ეკონომიკურ დეპარტამენტს – ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილება. ამ ორი განყოფილების ბაზაზე კი შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული საინვესტიციო დეპარტამენტის სახით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი