მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა საინვესტიციო დეპარტამენტს ქმნის

04.04.2017 • 2327
აჭარის მთავრობა საინვესტიციო დეპარტამენტს ქმნის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახალი დეპარტამენტი დაემატება. მთავრობა სამინისტროში უკვე დაანონსებული რეორგანიზაციის შემდეგ ახალი საინვესტიციო დეპარტამენტის შექმნას გეგმავს. ამაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს გამოეყოფა საინვესტიციო პროექტების განყოფილება, ხოლო ეკონომიკურ დეპარტამენტს – ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილება. ამ ორი განყოფილების ბაზაზე კი შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული საინვესტიციო დეპარტამენტის სახით.

„ … მოგეხსენებათ, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი ფუნქციაა ბიუჯეტის შედგენა და ფაქტობრივად განკარგვაც, ასევე საინვესტიციო ფორუმების ჩატარება. საინვესტიციო წინადადებების დამუშავება და წარდგენა, შემოსული წინადადებების განხილვა დამუშავება, ხოლო შემდეგ მთავრობის სხდომაზე გამოტანა. ამ დრომდე ჩვენ არ გაგვაჩნდა ერთი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებდა“, – განაცხადა მინისტრმა სხდომაზე.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, მინისტრის ინფორმაციით, ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან გამოიყოფა სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება, რომელიც შეუერთდება საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტს. ეს საბოლოოდ ჩამოყალიბდება საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტად. ტექნიკური სამსახური კი ქალაქმშენებლობის დეპარტამენტს შეუერთდება, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი.

რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, ცვლილების მიზანია ეფექტური გახდეს სამინისტროს აპარატი. ცვლილებები საშტატო ნუსხის გაზრდას არ ითვალისწინებს, თუმცა ახალი საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის შესარჩევად სამინისტრო კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროში უკვე რამდენიმე თვეა ვაკანტურია მინისტრის ორი მოადგილის თანამდებობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: